ანუ, რა მნიშვნელობა აქვს ინტოლერანტობის ტესტს
რეზონანსი
16.02.2020

საკმაოდ უცნაურია ადამიანის ორგანიზმი - თუ ერთს რომელიმე პროდუქტი ერგება, მეორე ძნელად ეგუება მას. გემოვნებაზე არ დავობენო - ამ აზრს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ქადაგებდნენ, თუმცა, ერთია გემოვნება და მეორე ის, რაც სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჯანმრთელობისათვის კი შეიძლება ის პროდუქტები იყოს სასარგებლო, რომელიც არც მოგვწონს და არც გვიყვარს... არადა ხშირად ვეტანებით საკვებს, რაც უფრო გემრიელია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს გემრიელობა ჩვენს ორგანიზმს საკმაოდ ვნებს. 

რამდენადაც ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის ერთ-ერთი ფუნდამენტური წინაპირობაა, ბუნებრივია ჩნდება უამრავი კითხვა - როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენი ორგანიზმისთვის სასურველი საკვები, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან საკვები პროდუქტებით გამოწვეული სხვადასხვა რეციდივები.

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს საკვები პროდუქტების მიმართ აუტანლობა და რამდენად საშიშია ეს ჯანმრთელობისთვის?

პროდუქტების აუტანლობა პირდაპირპროპორციულად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. საკვებისადმი ინტოლერანტობა სიცოცხლისათვის საშიში არ არის, თუმცა, მნიშვნელოვნად აქვეითებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. არის შემთხვევები როცა ადამიანს აქვს ინტოლერანტობა, ანუ აუტანლობა კონკრეტული საკვები პროდუქტის მიმართ, თუმცა, მხოლოდ სიმპტომებით ინტოლერანტობის გამომწვევი პროდუქტის დადგენა საკმაოდ რთულია, რადგან ჩივილები შეიძლება რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ გამოვლინდეს. ინტოლერანტობა საკვების მიმართ ასოცირებულია უსიამოვნო სიმპტომებისა და ქრონიკული მდგომარეობების ფართო სპექტრთან.

ინტოლერანტობას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ქრონიკული დაღლილობა, სიმსუქნე, შეშუპება, ოფლიანობა, შებერილობა საკვების მიღების შემდეგ, ფაღარათი, შეკრულობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, გამონაყარი კანზე, თავის ტკივილი, ძილის რეჟიმის დარღვევა, დეპრესია, სახსრების ტკივილი, ართრიტი, კუნთების ტკივილი, ცელიაკია, გასტრიტი და სხვა. 

აღნიშნული სიმპტომები ხშირად წლობით გრძელდება და კონკრეტული დაავადების მკურნალობა არ იძლევა ეფექტურ შედეგს. პრობლემის სრულად მოსაგვარებლად საჭიროა რაციონიდან დროებით ამოვიღოთ პროდუქტები, რომლის მიმართაც ორგანიზმს აქვს აუტანლობა. ამის დასადგენად კი ერთადერთი გამოსავალი საკვებისადმი ინტოლერანტობის ტესტია, რაც საკმაოდ მარტივი პროცედურაა პაციენტისთვის. 

მაგალითად, არის შემთხვევები, როცა ადამიანის ორგანიზმი ვერ იღებს რძის პროდუქტს, მაშინ როცა იგივე პროდუქტი სხვისთვის ყოვლად უსაფრთხოა, რადგან ყოველ ადამიანს კონკრეტულ საკვებ პროდუქტზე აქვს ინდივიდუალური მგრძნობელობა. საკვების არჩევა მხოლოდ იმ კრიტერიუმით, რა უფრო გვიყვარს, ან რა უფრო გემრიელია, ყოველთვის არ ამართლებს, უმჯობესია აქცენტი ისეთ პროდუქტებზე ავიღოთ, რაც ჩვენი ორგანიზმისა და შესაბამისად, ჩვენი ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა.  

არასწორი კვება, არაჯანსაღი საკვების მიღება ზრდის სიმსუქნის, გულ-სისხლძარღვთა, ძვალ-სახსროვანი და სხვა სისტემების დაავადებების რისკებს. ასევე არ არის რეკომენდირებული ისეთი საკვების მიღება, რაც გაჯერებულია მავნე საკვები დანამატებით, ანუ მავნე კონსერვანტებით და ემულგატორებით.  

არსებობს სპეციალური ჩამონათვალი სადაც აღნიშნულია უსაფრთხოა თუ არა კონკრეტული საკვები დანამატი. ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ პროდუქტის შემადგენლობა და გავაკეთოთ სწორი არჩევანი. აქ უმთავრესი პრინციპი გახლავთ ის, რომ უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანმრთელობაა და შემდეგ უკვე საყვარელი პროდუქტი.

რამდენად აძლიერებს საკვებისადმი აუტანლობის პრობლემას შაქარი და მარილი?

შაქრისა და მარილის ჭარბი რაოდენობით მიღება საკვებისადმი აუტანლობას არ აძლიერებს, თუმცა, თავის მხრივ ქმნის ჯანმრთლობის საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემებს.

მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმირებულია და ითვალისწინებს ამ პროდუქტებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, თუმცა, რჩება გარკვეული ნაწილი, რომელსაც ბოლომდე გაცნობიერებული არა აქვს ამ პრობლემის სიღრმე. ისინი თვლიან, რომ მარილის ჭარბი მოხმარება მხოლოდ მოზრდილთათვის არის სახიფათო, რაც, რა თქმა უნდა არასწორია, ბავშვობაში მარილის ჭარბი მოხმარება იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს მოგვიანებით, კერძოდ, არტერიული წნევის მომატებას, ზრდის ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკებს. ამდენად, მარილის ზომიერი მოხმარების ჩვევის ჩამოყალიბება უნდა დავიწყოთ ადრეული ასაკიდან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს მარილის დღიურ ნორმას 5 გრამს. 

შაქრის მიღებული რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს დღიური კალორაჟის 10%-ს, მაგალითად, თუ დღეში ვიღებთ 1500 კილოკალორიას, შაქრის დღიური ნორმა ამ შემთხვევაში შეადგენს 150კკალ, რაც შეესაბამება 9 ჩ/კ ანუ 36 გრ.შაქარს. რა თქმა უნდა ამ რაოდენობაში არ იგულისხმება სუფთა სახით მიღებული 9ჩ/კ შაქარი, გასათვალისწინებელია, რომ საკვები პროდუქტების უმრავლესობა ხილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები ბუნებრივად შეიცავს შაქარს, მაგალითად 200 გრამი ვაშლი შეიცავს 20გრ შაქარს, იგივე რაოდენობის ყურძენი 32გრამს, სტაფილო კი 6 გრამს. შესაბამისად ხილის ან სხვა პროდუქტების მიღება, რა თქმა უნდა, ავსებს შაქრის დღიურ ნორმას, ასე რომ სუფთა სახით შაქრის მიღება სულაც არ არის აუცილებელი, ამასთან, ჩაის ან ყავის უშაქროდ დალევა უმჯობესია ჩვენი ჯანმრთელობისათვის.

ამერიკის გულის ასოციაცია შაქრის უფრო მკაცრ შეზღუდვას მოგვიწოდებს, 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გვირჩევს მაქსიმალურად შეზღუდვას, ხოლო 2 წლის ზემოთ არაუმეტეს 6 ჩ/კ ანუ 24 გრ, მოზრდილებს კი 6-9 ჩ/კ შაქარი დღეში. 

ბუნებრივი შაქრის მიღება არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის, თუმცა, გააჩნია რა სახით ვიღებთ შაქარს. უმჯობესია შაქრის მოთხოვნილება დავიკმაყოფილოთ სხვადასხვა სახეობის ხილით. შეზღუდვა ეხება მხოლოდ იმ პროდუქტებს, სადაც შაქარი დამატებულია ხელოვნურად, სუფთა შაქრის სახით, მაგალითად: ტკბილი გაზიანი სასმელები, ენერგეტიკული სასმელები, ტკბილეული და ა.შ.  დიდი რაოდენობით ხელოვნურად დამატებული შაქრის შემცველი პროდუქტის მიღებით იზრდება წონის მომატების, სისხლში ტრიგლიცერიდების დონის ზრდის, კარიესის რისკი. 

ერთი და იგივე პროდუქტი შეიძლება ყველა ადამიანისთვის დიეტური არ იყოს. არის შემთხვევები როცა ადამიანი დიეტაზეა, მაგრამ წონაში ვერ იკლებს რა არის ამ შემთხვევაში გამოსავალი? 

ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია, ხშირად გვხვდება პრაამააქტიკაში, რომ ერთი ადამიანი იკლებს წონაში კონკრეტული დიეტით, რასაც ურჩევს სხვასაც, თუმცა, სხვისთვის ეს დიეტა ხშირ შემთხვევაში უშედეგოა. მაგალითად წიწიბურას დიეტა ზოგისთვის ეფექტურია, ზოგისთვის არაფრის მომცემი. არის შემთხვევები როცა ნებისმიერი დიეტის დროს რთულად იკლებენ წონაში, ამასთან მიმართებაში ბუნებრივია ჩნდება უამრავი კითხვა. თუ დიეტის ფონზე წონის კლება მინიმალურია უნდა გამოვიკვლიოთ: აქვს თუ არა პაციენტს რაიმე დაავადება, რის ფონზეც არის გართულებული წონის კლება, მაგალითად: ჰიპოთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ინსულინრეზისტენტობა, ჰორმონალური დარღვევები. 

ასეთ შემთხვევაში პაციენტი მედიკამენტური მკურნალობის გარეშე მხოლოდ დიეტით წონას ვერ დაიკლებს, მაგრამ თუ ამ მხრივაც ყველაფერი წესრიგშია, რჩება კიდევ ერთი გამოსავალი - სპეციალური გამოკვლევა, საკვებისადმი ინტოლერანტობის ტესტი, რითიც ვადგენთ კონკრეტულ პროდუქტზე ინტოლერანტობას, ანუ აუტანლობას. საკვებისადმი ინტოლერანტობის ფიზიოლოგიური საფუძველი ხშირ შემთვევაში ორგანიზმის შეუსაბამო იმუნური პასუხია გარკვეულ საკვებზე. 

სისხლში ანტისხეულების დონის განსაზღვრა საკვები პროდუქტებისადმი არის საკვების მიმართ ინტოლერანტობის დიაგნოსტირების ლაბორატორიული საფუძველი. გამოკვლევის შედეგად გამოვლენილი ანტისხეულების ტიტრი, რომელიც შეიძლება იყოს მაღალი, ზომიერად მომატებული, ან ნორმა კონკრეტული საკვების მიმართ, გვეხმარება ზუსტი კორექტივები შევიტანოთ პაციენტის კვების რაციონში, რომელიც ეფექტური და შედეგიანია, თუკი პაციენტი დაიცავს ექიმის ყველა რეკომენდაციას. 

გამოსავალი მარტივია - პრობლემური საკვები პროდუქტის რაციონიდან მინიმუმ 3 თვით ამოღება იწვევს ინტოლერანტობის სიმპტომების გაქრობას ან შემცირებას. შემდეგ კი რა თქმა უნდა შესაძლებელია აღნიშნული პროდუქტის დაბრუნება პაციენტის კვების რაციონში, ეტაპობრივად მზარდი დოზებით.

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×