რეზონანსი
29.03.2020

სამიოდე თვის წინ ერთმა ჩინელმა ღამურაჭამიამ ორიოდ წუთში მთელი სამყარო თავდაყირა დააყენა. დედამიწას მოედო მანამდე უცნობი ვირუსი, რომელმაც წალეკა ყველა და ყველაფერი. მსოფლიო ომის მასშტაბებსაც კი სცილდება ის მსხვერპლი, ყოველდღიურად რომ ითვლიდა ჩინეთი... ახლა მის გზას ოკეანისგაღმა ამერიკა, იტალია, ესპანეთი ადგას.

საკმაოდ რთულად გადასატანი აღმოჩნდა ვირუსი ხანდაზმულთათვის. ეს თემა საინტერესოა არა მარტო ეპიდემიოლოგიის, არამედ ენდოკრინოლოგიის კუთხით, რამდენადაც ამ ტრაგიკული მოვლენების ფონზე შეიძლება ბევრი რამ გადავაფასოთ, პირველ რიგში საკუთარი დამოკიდებულებები ჯანმრთელობისადმი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჯანსაღი ცხოვრების წესს.

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.  

არსებული პრაქტიკით დადგენილია, რომ ახალი კორონავირუსი უმთავრესად საშიშია ხანდაზმულთათვის, რით აიხსნება ეს რეალობა?

ხანდაზმულთათვის ახალი კორონავირუსული ინფექცია COVID 19,ისე როგორც ნებისმიერი სხვა დაავადება უფრო საყურადღებოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტს აღენიშნება რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება, ეს თავისთავად უფრო ართულებს დაავადების მიმდინარეობას. მაგალითად შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებისთვის გაცილებით რთულია ნებისმიერი ინფექციის დაძლევა, რადგან თავად შაქრიანი დიაბეტი როგორც ტიპი 1 ისე ტიპი 2, დროთა განმავლობაში ჰიპერგლიკემიის, ანუ სისხლში მაღალი შაქრის ფონზე იწვევს მრავლობით დაზიანებას ორგანიზმში. შაქრიანი დიაბეტი გახლავთ ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც თუ პაციენტს არ აქვს იდეალურად მოწესრიგებული შაქრის დონე სისხლში, დროთა განმავლობაში ხშირი ჰიპერგლიკემია თავისთავად აზიანებს სისხლძარღვებს, ნერვულ ქსოვილს, გულს, თირკმელებს, აუარესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას და იწვევს სხვადასხვა გართულებებს.

თუკი ასეთი მძიმე ფონი დახვდა ვირუსს ხანდაზმული ადამიანის ორგანიზმში, ბუნებრივია, მოსალოდნელია შედარებით რთული კლინიკური სურათი.

ზოგადად დიაბეტით დაავადებულ პაციენტები, რომელთაც სისხლში შაქრის დონე აქვთ მოუწესრიგებელი, ან თუნდაც მცირედ დარღვეული, უფრო მგრძნობიარე არიან ნებისმიერი ინფექციების მიმართ. ამის მიზეზი არის ჰიპერგლიკემია - სისხლში შაქრის მაღალი დონე, რაც აქვეითებს იმუნიტეტს ლეიკოციტების, სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციის დაქვეითებასთან ერთად. გასათვალისწინებელია, რომ როგორც ჰიპერგლიკემია, ასევე ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დონის შემცირება) არის უარყოფითი პროგნოზული მაჩვენებელი, ამიტომ მაქსიმალურად თავიდან უნდა ავიცილოთ ჰიპოგლიკემიის ეპიზოდებიც.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულთათვის, რამდენადაც ნებისმიერი ინფექციის დროს სისხლში შაქრის დონის მომატება, აუარესებს იმუნური სისტემის მდგომარეობას და ართულებს გამოჯანმრთელების პროცესს.

ამიტომ, როგორც COVID 19, ისე ნებისმიერი სხვა ინფექციის პრევენციისთვის,საჭიროა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პირებმა იდეალურად მოაწესრიგონ სისხლში შაქრის დონე. 

არის თუ არა საკმარისი დიაბეტით დაავადებულებმა მხოლოდ ჩივილის შემთხვევაში აკონტროლონ შაქრის დონე სისხლში?

რა თქმა უნდა, არა. ხშირ შემთხვევაში შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები ყურადღებას აქცევენ მხოლოდ მათ ჩივილებს და არ აკონტროლებენ შაქრის დონეს სისხლში, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს მდგომარეობას. 

შესაძლებელია ჰიპერგლიკემიის დროს პაციენტს არ ჰქონდეს ჩივილები, შესაძლებელია ყოველგვარი ჩივილის გარეშე ორგანიზმში იყოს შაქრის მაღალი დონე, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტი უკვე 10-15 წელია ავადაა აღნიშნული დაავადებით. იგივე პრობლემას ვხვდებით არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პირებში, ხშირად აღნიშნავენ, რომ არ აქვთ ჩივილები მაშინ როცა მათი არტერიული წნევა ნორმაზე მაღალია. ამიტომ განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა დიაბეტით დაავადებულ ადამიანს რაიმე ჩივილი, აუცილებელია გლიკემიის რეგულარული კონტროლი და შესაბამისი მკურნალობა. 

რეკომენდირებულია გლიკემის ხშირი კონტროლი როგორც უზმოდ, ასევე კვების შემდეგ 2 საათში, სწორი კვება ბალანსირებული მრავალფეროვანი საკვები პროდუქტებით და ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა, რაც ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას.

რას ურჩევთ ხანდაზმულებს, როგორ დაიცვან თავი ახალი კორონავირუსისაგან?

ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არა აქვს. ამ წესის უარყოფის შედეგია ქრონიკული დაავადებების გახშირება და მათი შედარებით ახალგაზრდა ასაკში გამოვლენა.მდგომარეობას ასევე ამძიმებს დაქვეითებული იმუნიტეტი, რაც ხანდაზმულთა დიდი უმრავლესობისათვის სამწუხაროდ ჩვეული რეალობაა... ხშირ შემთხვევაში ჯანსაღი ცხოვრების წესს მხოლოდ ფრაგმენტულად მივდევთ, ეს წესი უნდა დავამკვიდროთ არა ფრაგმენტულად (სასურველი შედეგის მიღწევამდე), არამედ ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად უნდა ვაქციოთ. შესაბამისად ამ გზით საშუალება გვეძლევა ავირიდოთ მრავალი დაავადება და სიცოცხლის გახანგრძლივებას შევუწყოთ ხელი.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსული ინფექცია COVID 19 საკმაოდ რთულია, საბედნიეროდ ხშირია შემთხვევები, როცა დაავადებას თან ახლავს მინიმალური ჩივილები.ამ დროს ხანდაზმულ პირებში საჭიროა მეტი ყურადღება, რადგან თანმხლები ქრონიკული დაავადებების დროს იმუნური სისტემა დაქვეითებულია, რაც ხელს უწყობს Covid 19-ის გართულებულ მიმდინარეობას. 

როდესაც ადამიანს აქვს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, ტიპი 2, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, მაგალითად გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ასევე ავთვისებიანი სიმსივნეები, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები როგორიცაა მაგალითად: ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები და სხვა ქრონიკული დაავადები მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი გარეთ გასვლისგან, განსაკუთრებით მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და დაიცვან ჰიგიენის წესები. 

ასევე საჭიროა იმუნური სისტემის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. იმუნური სისტემის დაქვეითების მიზეზები გარდა ქრონიკული დაავადებებისა შეიძლება იყოს ეკოლოგიური ფაქტორები, სტრესი (როგორც მძიმე ფიზიკური ისე გონებრივი სამუშაო), არაბალანსირებული კვება, ჭარბი წონა, სიმსუქნე, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, მავნე ჩვევები (სიგარეტის წევა და ალკოჰოლის მოხმარება), უმოძრაო ცხოვრების წესი, უძილობა, არასრულფასოვანი ძილი და სხვა ფაქტორები, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს იმუნური სისტემის მდგომარეობას.

დაქვეითებული იმუნიტეტი, რა თქმა უნდა, აუარესებს მდგომარეობას ხანდაზმულებისათვის,როგორც ახალი კორონავისურუსული ინფექციით, ასევე ნებისმიერი სხვა დაავადებით ინფიცირების დროს.

სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. იმუნური სისტემის გაუმჯობესებას ერთი კონკრეტული მედიკამენტით თავისთავად ვერ შევძლებთ, ამის მისაღწევად ჩვენი ყოველდღიური რეჟიმის მოწესრიგება და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა საჭირო.

როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, ხანდაზმულთა უმრავლესობას განსაკუთრებულად უჭირთ თვითიზოლაციის შეგუება

ბუნებრივია თვითიზოლაცია არაა იოლად გადასატანი, თუმცა, ამ ეტაპზე ეს ერთადერთი უალტერნატივო საშუალებაა სხვა რეკომენდაციებთან ერთად. 

28 მარტის მონაცემებით მსოფლიოში COVID19-ით 614 000-ზე მეტი ინფიცირებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულია 137 ათასზე მეტი პაციენტი, სამწუხაროდ ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 28 ათასზე მეტ პაციენტში. მსოფლიოს სტატისტიკური მონაცემები საკმაოდ მასშტაბურია და საჭიროებს თითოეული ჩვენთაგანის მიერ რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვას, რათა დაავადების გავრცელება შეჩერდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ COVID 19 ხასიათდება დაახლოებით 2-14 დღიანი ინკუბაციური პერიოდით, ამ პერიოდში პაციენტს არ აღენიშნება არანაირი სიმპტომი, ინკუბაციური პერიოდი ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა, დაავადება თავისთავად გადამდებია ჩივილების გამოვლენამდეც. ინკუბაციურ პერიოდში, როცა ადამიანმა არც იცის, რომ დაავადებულია, ის ნებისმიერი პიროვნებისთვის ინფექციის წყაროა, ამიტომ არის ასეთი საყურადღებო თვითიზოლაციის წესების დაცვა, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა მას რაიმე სახის ჩივილი.

საბედნიეროდ ახალი კორონავირუსული ინფექცია ხშირ შემთხვევაში ძალიან მარტივად მიმდინარეობს და არც საჭიროებს სპეციფიურ მკურნალობას, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მისი მიმდინარეობის სიმძიმის მიუხედავად დაავადების გავრცელების რისკები უცვლელია, ეს დაავადება ძალიან მარტივად გადაეცემა როგორც ინკუბაციური პერიოდის, ასევე როგორც მსუბუქი ისე მძიმე მიმდინარეობის დროს. 

P.S  კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 515 500

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×