რეზონანსი
19.04.2020

აღდგომის მარხვის შემდგომი პერიოდი მორწმუნეთათვის ფიზიოლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება. მრავალფეროვანი სააღდგომო სუფრა ხშირ შემთხვევაში უდიდესი ცდუნებაა, მითუმეტეს მძიმე მარხვის შემდეგ. ორი სრულიად განსხვავებული კვების რეჟიმისას უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ის გარდამავალი პერიოდი, სადაც უმთავრესია ზომიერება.

ამასთან დაკავშირებით ჩნდება უამრავი კითხვა, რომელსაც პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი 

რა რისკებს შეიცავს სააღდგომო სუფრა?

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყველა მართლმადიდებელის ოჯახში გამორჩეულად აღინიშნება. სააღდგომო სუფრა საკმაოდ მრავალფეროვანია. 40 დღიანი მარხვის შემდეგ სხვადასხვა სახის საკვების ერთად მიღება ორგანიზმისთვის რთულია. ეს ხშირად ნაღვლის ბუშტის გაღიზიანების, გულძმარვის და კუჭ-ნაწლავის სისტემაში სხვა პრობლემების მიზეზია. 

ამიტომ უმჯობესია ეტაპობრივად ჩავრთოთ რაციონში ხორცეული და რძის პროდუქტები, რათა ხანგრძლივი მარხვის შემდეგ ორგანიზმმა შეძლოს მრავალფეროვანი საკვები პროდუქტების უპრობლემო ათვისება.

უმნიშვნელოვანესი ფაქტორია - პროდუქტები მივირთვათ ზომიერად. მაგალითად, დღეში არაუმეტეს ორი ცალი კვერცხი, რაც პრობლემას არ შექმნის. ასევე შეზღუდულად უნდა მივირთვათ პასკაც -  1-2 ნაჭერი დღეში, რადგან სხვა დესერტების მსგავსად, ის საკმაო რაოდენობით შეიცავს შაქარს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, დიდი რაოდენობით პასკის მიღება ხელს უწყობს წონის მატებას.

განსაკუთრებული ზომიერება გვმართებს სააღდგომო საზეიმო სადილისას. აღდგომას ტრადიციულად, როგორც მრავალფეროვანი სადილებს, ისე ალკოჰოლურ სასმელს ჭარბად მოიხმარენ, რაც დიდ პრობლემებს ქმნის.  ხანგრძლივი მარხვის შემდეგ როგორც საკვები, ასევე ალკოჰოლი უნდა მიიღოთ მცირე რაოდენობით. 

მარხვის შემდეგ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება იწვევს ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას (მოწამვლას). ამ დროს აღინიშნება სუნთქვის დათრგუნვა, ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა სისხლში), გულისრევა, ღებინება. სამწუხაროდ, არის შემთხვევები როცა დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ალკოჰოლური კომის და სიკვდილის მიზეზიც კი ხდება. შესაბამისად, უნდა დავიცვათ მთავარი პრინციპი - ზომიერება.

აღდგომის შემდგომ დღეებში განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით უწევს ადამიანს კვერცხისა და პასკის მიღება. რა რისკებთანაა ეს დაკავშირებული?

სააღდგომო სუფრის მთავარი პროდუქტი წითელი კვერცხი და პასკაა, რაც ოჯახში როგორც წესი საკმაოდ დიდი რაოდენობითაა. შესაბამისად გვიწევს ამ პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება, რაც კონკრეტულ რისკებს შეიცავს. სწორედ ამ პროდუქტების რაოდენობაზეა დამოკიდებული  შევამცირებთ თუ გავზრდით უარყოფით რისკებს.

კვერცხი სავსეა ცილით, ნუტრიენტებით (რკინა, თუთია, ფოლიუმი) და ვიტამინებით A, D და E. ასევე შეიცავს ლუთეინს, რაც თვალებისა და გულისთვის ძალიან კარგია. კვერცხი  არამარტო ნაჯერი, არამედ უჯერი ცხიმების უნიკალური წყაროა, მას გააჩნია ადვილად შეთვისებადი ცილა, მასში არის ქოლინი ანუ B4  ვიტამინი,  რომელიც იცავს ჩვენს უჯრედებს, თავიდან გვაცილებს ათეროსკლეროზს და შესაბამისად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ყველაზე დიდი რაოდენობით ქოლინს სწორედ კვერცხი შეიცავს. 

ერთი კვერცხის მირთმევა დღეში ოპტიმალური რაოდენობაა. ერთი ცალი კვერცხის გული შეიცავს დაახლოებით 200 მგ ქოლესტეროლს, ამიტომ დღეში ორ კვერცხის გულზე მეტის მიღება სასურველი არ არის. კვერცხის ცილა არ შეიცავს ქოლესტეროლს, მასში არის ნატრიუმი და კალიუმი, დაბალკალორიული პროდუქტია. 

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ აღდგომის სუფრა უფრო რაციონალურად ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

აღდგომას თითქმის ყველა ოჯახშია ჯეჯილი, რაც ასევე ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მარტივად არის შესაძლებელი მისგან წვენის მომზადება ყოველგვარი დანამატების გარეშე, უშაქროდ. მას უამრავი დადებითი ეფექტი აქვს ჩვენს ჯანმრთელობისთვის. ჯეჯილის წვენი შეიცავს A, C, E, K და B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას, კალციუმს, მაგნიუმს, ასევე ფერმენტებს, ამინომჟავებს, პროტეინებს და რაც ყველაზე მეტად გამოარჩევს სხვა მწვანე პროდუქტებისაგან, იგი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ქლოროფილს. ქლოროფილი არის მწვანე პიგმენტი მცენარეებში, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის დეზინტოქსიკაციას, ანუ ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას, აუმჯობესებს უჯრედების სტრუქტურას და შესაბამისად მონაწილეობს ორგანიზმში აღდგენით პროცესებში, მაგალითად, ხელს უწყობს წყლულებისა და ეროზიების შეხორცებას. მკვეთრად აძლიერებს იმუნიტეტს, მისი შემადგენლობა საკმაოდ არის დატვირთული ვიტამინებით და მინერალებით, რაც ყველაზე მეტად სჭირდება იმუნურ სისტემას უკეთესი ფუნქციონირებისათვის. ძლიერი იმუნიტეტით ნებისმიერი ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექცია უფრო იოლ ფორმებში ვლინდება. კარგი იმუნიტიტეტი აჩქარებს გამოჯანმრთლების პროცესს. ჯეჯილის წვენი უნიკალური შემადგელობის ხარჯზე აწესრიგებს საკვების გადამუშავებას, მონელებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. 

სიმსუქნის დროს ძალიან ხშირია ინსულინრეზისტენტობა, რაც ართულებს მხოლოდ დიეტის ფონზე წონის კლების პროცესს. ასეთ დროს მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად სწორ კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, დიეტის დროს კი ჯეჯილის წვენის გამოყენება ძალიან კარგი არჩევანია. ჯეჯილის მიღება ამცირებს ინსულინრეზისტენტობას, აუმჯობესებს სისხლში შაქრის დონეს, რისი შედეგადაც ვაწესრიგებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ეფექტურად ვიკლებთ წონაში. ასევე ინტენსიური ვარჯიშისას მისი მიღებით ორგანიზმი ითვისებს საჭირო მიკრო და მაკროელემენტებს. 

გარდა ამისა, ჯეჯილის წვენი შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებისთვის ძალიან კარგი პროდუქტია, მისი მიღება რეკომენდირებულია უზმოდ. ჯეჯილის წვენის მიღებით მცირდება როგორც გლიკემია (შაქარი სისხლში) ასევე მცირდება გართულებების რისკიც. თუმცა, ჯეჯილის წვენის გამოყენება არ არის მედიკამენტური მკურნალობის ალტერნატივა. თუ პაციენტს დანიშნული აქვს მედიკამენტური მკურნალობა, ჯეჯილის წვენი უნდა მიიღოს დამატებით და  გაიუმჯობესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. ალერგიის, ცელიაკიის, გლუტენის აუტანლობის შემთხვევაში (გლუტენი არის ცილა რომელსაც შეიცავს მარცვლეული) ჯეჯილის მიღება არ არის რეკომენდირებული.

აღდგომის შემდგომი პერიოდისას ცალსახად ვლინდება ის შეცდომები, რასაც მარხვის პერიოდში საკვების შერჩევისას ვუშვებთ. როგორია თქვენი რეკომენდაციები ამ საკითხთან მიმართებაში?

მარხვის პერიოდში ხშირია წონის მატება, რასაც ხელს უწყობს სამარხვო პროდუქტების არასწორი მიღება. მარხვა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი საპასუხისმგებლო პერიოდია. მარხვისას მრევლი ლოცვასთან ერთად იცავს კვებით რეკომენდაციებს და რაციონიდან ზღუდავს ხორცეულს, თევზეულს, რძის პროდუქტებს და კვერცხს. 

მარხვის დროს რაციონი ძირითადად დატვირთულია პურ-ბურღულეულით, მჭადით, ჩვეულებრივზე ინტენსიურად გამოიყენება ბრინჯი, წიწიბურა, ჰერკულესი, მაკარონი, ვერმიშელი, ხმელი ლობიო, ეს პროდუქტები ხასიათდება მაღალი გლიკემიური ინდექსით, ანუ მათი მიღების შედეგად (თუ არ ვხარჯავთ მიღებულ კალორიებს ფიზიკური ენერგიის გაზრდით) წონას იოლად ვიმატებთ. მარხვის პერიოდში უნდა  მივირთვათ ბოსტნეულიც, რაც იდეალური არჩევანია იმისთვის, რომ წონაში არ მოვიმატოთ, თუმცა, მხოლოდ ბოსტნეულის მიღებით არ გვაქვს დანაყრების შეგრძნება, ამიტომ კარგი გამოსავალია ერთად მივიღოთ ბოსტნეული და ბურღულეული, რაც დააბალანსებს კვებას. მაგალითად:  წიწიბურა, სოკო და კიტრი. 

მიუხედავად იმისა, რომ რაციონი შეზღუდულია, თუ რაციონს ძირითადად პურ-ბურღულეულით დავტვირთავთ, წონაში მოვიმატებთ. თუმცა, ისე როგორც ნებისმიერ სხვა სიტუაციაში, მარხვის დროსაც იდეალურად არის შესაძლებელი როგორც წონის მატების თავიდან აცილება, ასევე სიმსუქნის შემთხვევაში ჭარბი წონის დაკლებაც. საგულისხმოა, რომ მარხვის დაცვისას წონაში მხოლოდ არასწორი კვებისას ვიმატებთ.  

მთავარია დავიცვათ ზომიერება და სწორად შევარჩიოთ საკვები პროდუქტები.  დღეში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ საკვების მიღება არასასურველია, როცა, პირველი კვება შუადღითაა, ასეთ დროს საკვების ოდენობა გაცილებით მეტია. უმჯობესია დღის განმავლობაში ოთხ-ხუთჯერ მცირე ულუფებით მივიღოთ საკვები, რაც გადამუშავებისა და მონელებისთვის არის უკეთესი, ამ რეჟიმისას გამორიცხულია კუჭის მოცულობის გაზრდა. გარდა ამისა საკვების მცირე ულუფებით მიღების შემთხვევაში უფრო მალე ვგრძნობთ დანაყრებას, ვიდრე მაშინ როცა დიდი რაოდენობით საკვებს ერთდროულად ვიღებთ. 

მრავალი სახის დიეტა არსებობს, მათ შორის არის ისეთიც რაც პირიქით მოგვიწოდებს 18 საათიანი შიმშილისკენ ვახშამსა და საუზმეს შორის, მაგრამ მხოლოდ წონის კლება არ განსაზღვრას დიეტის ეფექტურობას. მთავარია წონის კლება იყოს უსაფრთო ჯანმრთელობისთვის, რასაც მხოლოდ ჯანსაღი სწორი კვებით ვაღწევთ.

P.S  კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 515 500

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×