რეზონანსი
03.05.2020

ალბათ არცერთი მინერალი არ სარგებლობს საზოგადოებაში ისეთი პოპულარობით, როგორც კალციუმი. ეს არცაა გასაკვირი, რამდენადაც მას გამორჩეული როლი ეკისრება ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. საგულისხმოა ისიც, რომ კალციუმის მრავალმხრივი და მრავალფეროვანი თვისებები უამრავ კითხვას ბადებს.

ჩვენი გაზეთის მკითხველთ პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

საინტერესოა, რამ განაპირობა კალციუმის განსაკუთრებული პოპულარობა?

კალციუმის პოპულარობა არაა გასაკვირი, რამდენადაც ის ადამიანის ჯანმრთელობისას უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს,  კალციუმი სიცოცხლისთვის აუცილებელი მინერალია. იგი აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა პროცესში. განსაზღვრავს ძვლების, კბილების, თმების, ფრჩხილების ნორმალურ მდგომარეობას, ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩონჩხის და გულის კუნთის მუშაობაზე. გარდა ამისა, კუნთების შეკუმშვა, ნერვული იმპულსების გადაცემა, სისხლის შედედება, ფერმენტების რეგულაცია და ჰორმონალური ფონის შენარჩუნება  მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული კალციუმთან. კალციუმი აქტიურად გამოიყენება ალერგიული რეაქციების მკურნალობის პროცესში, ასევე სისხლდენების დროს, რადგან მისი როლი მნიშვნელოვანია როგორც სისხლის შედედების, ასევე ალერგიების დროს. 

ადამიანის ორგანიზმში კალციუმის დაახლოებით 99% წარმოდგენილია ძვლოვანი მასის სახით, ხოლო 1% კი ცირკულირებს სისხლში. სისხლის პლაზმაში კალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნებას განსაზღვრავს ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონები (კალციტონინი და პარათჰორმონი). კალციუმის ცვლა ასევე დაკავშირებულია ფოსფორისა და მაგნიუმის ცვლასთან. 

რომელი პროდუქტები შეიცავს კალციუმს? 

კალციუმს შეიცავს რძის პროდუქტები, მწვანე ბოსტნეული, თხილეული, მარცვლეული, ხილი, თევზი, ხორცი, კვერცხი. მაგალითად: 200 მლ ძროხის რძე და მაწონი თანაბრად შეიცავს 240 მგ კალციუმს, 200 გრ ხაჭო 110 მგ-ს, 50 გრ იმერული ყველი 260 მგ-ს. 

100 გრ ბროკოლი შეიცავს 94 მგ კალციუმს, იგივე რაოდენობით კომბოსტო 40 მგ-ს, წიწმატი 155 მგ-ს, თხილი 185 მგ-ს,  ნუში 250 მგ-ს, ნიგოზი 93 მგ-ს.

სეზამის მარცვლები საკმაოდ მდიდარია კალციუმით 100 გრ შეიცავს 145 მგ კალციუმს. ერთი ცალი კვერცხი კი შეიცავს 25 მგ კალციუმს. 

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ კალციუმის შემცველობა არ არის დამოკიდებული რძის პროდუქტებში ცხიმის შემცველობაზე. როგორც დიეტური, ასევე არადიეტური რძის პროდუქტები კალციუმს შეიცავს თანაბარი რაოდენობით. შესაბამისად უმჯობესია ავარჩიოთ ნაკლებად ცხიმიანი პროდუქტი და თავიდან ავირიდოთ ცხიმების ჭარბი მიღება, კალციუმის მიღება კი დიეტური რძის პროდუქტების მიღებით არ იზღუდება.   

რა რაოდენობით უნდა მივირთვათ კალცის შემცველი პროდუქტები?

საკვებით კალციუმის შევსება მარტივია, თუმცა, კალციუმის დღიური ნორმა განსხვავებულია და დამოკიდებულია ასაკსა და სქესზე. 6 თვემდე რეკომენდირებულია 200 მგ კალციუმის მიღება, 7-12 თვემდე 260 მგ. 

ბავშვები: 1დან 3 წლამდე - 700მგ, 4-8 წელი 1000მგ, 9-18 წელი 1300მგ, ზრდასრულებში კალციუმის მოთხოვნილება შედარებით შემცირებულია და ნორმალურია დღეში 1000მგ-ის მიღება ქალებისთვის 19-დან 50 წლამდე, 51 წლიდან კი 1200მგ, მამაკაცებისთვის 19-დან 70 წლამდე ნორმალურია დღეში 1000მგ კალციუმის მიღება, 71 წლიდან კი 1200მგ დღეში. 

საგულისხმოა, რომ მრავალფეროვანი საკვები რაციონით სრულად არის შესაძლებელი კალციუმის დღიური ნორმის მიღება.

რა კავშირშია ერთმანეთთან კალციუმი და D ვიტამინი?

ეს ორი კომპონენტი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ D ვიტამინის დონე ორგანიზმში, რადგან თუ დაბალია D ვიტამინი სისხლში, რაც არ უნდა ჭარბი რაოდენობით იღებდეს ადამიანი კალციუმს როგორც მედიკამენტის, ისე საკვების სახით, არ ხდება მისი ათვისება, შეწოვა და მიღებული კალციუმი იკარგება. 

როცა სისხლში მცირდება კალციუმის დონე, ამ დროს ორგანიზმში ირთვება კომპენსატორული მექანიზმი და ძვლებიდან კალციუმი სისხლში გადმოდის. ანუ რეალურად არის ჰიპოკალცემია (კალციუმის დაბალი დონე), თუმცა, ამ შემთხვევაში თუ განვსაზღვრავთ სისხლში კალციუმის დონეს, ის იქნება ნორმა ძვლიდან გადმოსული კალციუმის ხარჯზე. აღნიშნული პროცესი კი თავისთავად არასასურველია. ხანგრძლივი ჰიპოკალცემია იწვევს ძვლების გამოფიტვას და მკვეთრად გამოხატულ ჩივილებს. ჰიპოკალცემიის გამოსავლენად ასევე გამოყენება ჰიპოკალცემიის სიმპტომების შეფასება სპეციალური ტესტებით. 

მნიშვნელოვანია სათანადოდ შეფასდეს პაციენტის ჩივილები და შემდეგ მოხდეს მისი სწორი მკურნალობა. მხოლოდ ანალიზით დასკვნის გამოტანა არასწორია. 

ჰიპოკალცემია და D ვიტამინის დეფიციტი პრობლემას ქმნის  ბავშვთა ასაკშიც, რადგან D ვიტამინის და კალციუმის დეფიციტი ბავშვებში იწვევს ძვლოვან დეფორმაციებს, რაქიტს.

კალციუმის საკვებით მიღება ნამდვილად არ არის რთული, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ ვრცელია კალციუმით მდიდარი პროდუქტის ჩამონათვალი. 

თუმცა, საქმე გაცილებით რთულადაა D ვიტამინთან მიმართებაში, რადგან მისი საკმარისი რაოდენობით ალიმენტური სახით მიღება (საკვების სახით) ვერ ხერხდება, რადგან D ვიტამინის შემცველობა საკვებ პროდუქტებში საკმაოდ მცირეა, საკვებიდან D ვიტამინის დღიური ნორმის დაახლოებით 10%-ის მიღებაა შესაძლებელი. D ვიტამინის 80-90% წარმოქმნა კი ხდება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. თუმცა მზეზე ყოფნის ხანგრძლივობასაც აქვს მნიშვნელობა. 

ასევე გასათვალისწინებელია ადამიანის კანის ფერიც. ღია კანის ფერის (თეთრი) მქონე ადამიანებში D ვიტამინის წარმოქმნა მზის ულტრაიისფერი სხივების გავლენით უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს, ვიდრე მუქი კანის ფერის მქონე პირებში. ჭარბი წონის ან სიმსუქნის დროს ასევე ხშირია D ვიტამინის დეფიციტი, რასაც განაპირობებს ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი, რადგან რთულდება მისი წარმოქმნა კანიდან. 

მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებაც თავისთავად ამცირებს D ვიტამინის წარმოქმნას მზეზე ყოფნის დროს. სამწუხაროდ დღეს D ვიტამინის დეფიციტს პანდემიის სახე აქვს. აქტიურად ხდება მისი ლაბორატორიული გამოკვლევა სისხლში და არცთუ იშვიათად ხდება საჭირო D ვიტამინის მედიკამენტის სახით მიღება და დეფიციტის შევსება. 

რა სიმპტომები ახასიათებს კალციუმის ნაკლებობას?

ჰიპოკალცემიის, ანუ სისხლში კალციუმის დონის შემცირების დროს გამოხატულია ძვალ-სახსროვანი და ნერვული სისტემის ცვლილებები. თუ კალციუმის დონე სისხლში მცირედ არის დაქვეითებული, შესაძლოა ჩივილები საერთოდ არ გამოვლინდეს. კალციუმის გამოხატული დეფიციტი ვლინდება ზურგისა და კიდურების კუნთების უნებლიე მტკივნეული შეკუმშვებით, ანუ კუნთების კრამპით, ხშირია კიდურების და სახის არეში დაბუჟების შეგრძნება. კიდურების დაბუჟებას უამრავი მიზეზი აქვს, მათ შორის მნიშვნელოვანი სწორედ ჰიპოკალცემიაა. 

კალციუმის მკვეთრი დეფიციტი ასევე იწვევს ლარინგოსპაზმს ანუ ხორხის კუნთების სპაზს, რაც ჩასუნთქვის დროს ხმიანობით ხასიათდება. ასევე ამცირებს მიოკარდიუმის (გულის კუნთი) კუმშვადობას. 

ჰიპოკალცემიის დროს ასევე აღინიშნება ფსიქო-ემოციური სფეროს ცვლილებები, რაც ვლინდება ადვილად გაღიზიანებით, დეპრესიული განწყობით. 

ჰიპოკალცემიის ძირითადი ჩივილია ფრჩხილების მტვრევადობა, კანის სიმშრალე და თმის ცვენა. კბილის ემალის დეფექტები, ხშირი კარიესი ასევე საჭიროებს კალციუმის დონის განსაზღვრას სისხლში.

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×