რეზონანსი
24.05.2020

იშვიათია ადამიანი პირის ჩაკოკლოზინება რომ არ უყვარდეს. ტკბილეულზე მოთხოვნილება ადამიანთა უმრავლესობისათვის თითქოს ჩვეულებრივ ნორმად იქცა, განსაკუთრებით ბავშვებში. არადა, ეს ის სიმპტომია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდება. 

ხშირად ის რაც გემრიელია, სრულიადაც არაა სასარგებლო, უფრო მეტიც, მომეტებულ საფრთხეებს შეიცავს. შესაბამისად, ამ საკითხზე უამრავი კითხვა ჩნდება.

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი 

რატომ წარმოადგენს საფრთხეს ტკბილეული ადამიანის ორგანიზმისთვის?

ტკბილეულის დიდი რაოდენობით მიღება არ არის სასურველი. მიზეზი მარტივია - ის შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით შაქარს. ჭარბი რაოდენობით შაქრის შემცველი პროდუქტების მიღებისას ადამიანის ორგანიზმში პირველ რიგში ძლიერდება პანკრეასის მიერ ინსულინის გამოყოფა, რათა გაანეიტრალოს მიღებული გლუკოზა და შეინარჩუნოს შაქარი სისხლში ნორმის ფარგლებში. ინსულინის ჰიპერსეკრეცია კი ამავდროულად იწვევს მადის გაძლიერებას. 

რაფინირებული პროდუქტები აზიანს კბილებს, კარიესის ძირითადი მიზეზი სწორედ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღებაა. ტკბილეულის ჭარბი რაოდენობით მიღება ასევე იწვევს წონის მატებას, სიმსუქნეს, ლიპიდური და ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევას, ზრდის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკს და სხვა.

გარდა ამისა, არც თუ ისე იშვიათად ვხვდებით ტკბილეულს, რომელიც შეიცავს პალმის ცხიმს (პალმის ზეთს), რაც ასევე მავნეა ჯანმრთელობისთვის. ამასთან, ხშირ შემთხვევაში დესერტები სავსეა კონსერვანტებით, ემულგატორებით, რაც საერთო ჯამში აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. ასევე საკმაოდ მავნეა ტკბილი გაზიანი სასმელები, რაც ხშირად იწვევს დამოკიდებულებას და გაზრდილ მოთხოვნილებას და აძლიერებს მათი ხელახლა მიღების სურვილს. 

სწორედ ამიტომ ტკბილეულის ჭარბი რაოდენობით მიღება არ არის სასურველი არა მარტო ზრდასრულ ასაკში, არამედ ბავშვთა და მოზრდილთათვის. 

რა იწვევს ტკბილეულზე მოთხოვნილებას?

ტკბილეულზე გაძლიერებული მოთხოვნილება შეიძლება განპირობებული იყოს ქრომის დეფიციტით,  ამ დროს დამახასიათებელია საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, უძილობა, თავის ტკივილი, ნევრალგია, მგრძნობელობის დაქვეითება ზემო და ქვემო კიდურებში, კოორდინაციის დარღვევა, შფოთვა, ტრემორი, მხედველობის გაუარესება, მამაკაცებში რეპროდუქციული სისტემის გაუარესება. ბავშვებში ქრომის დეფიციტის შემთხვევაში შენელებულია სიმაღლეში ზრდის პროცესი.

აღნიშნული ჩივილები, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ქრომის დეფიციტისთვის დამახასიათებელი, იგი მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ამიტომ ყოველთვის საჭიროა მდგომარეობის შეფასება ექიმის მიერ. 

სწორედ ამიტომ, არ ვურჩევდი მოსახლეობას თვითნებურად ქრომის პრეპარატების მიღებას და თვითმკურნალობას. ქრომის დეფიციტის მკურნალობისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის და თირკმელის უკმარისობის შემთხვევაში, ასევე ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ხოლო ბავშვთა ასაკში მისი მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ.

რა განაპირობებს ქრომის დეფიციტს?

ადვილად ათვისებადი ნახშირწყლების ჭარბი მიღება იწვევს ქრომის დეფიციტს. ტკბილეულის მიღებით ორგანიზმში ქრომის დონე მცირდება. იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ ქრომის დეფიციტი, უნდა შეიზღუდოს ტკბილეული და რაციონი დაიტვირთოს ქრომის შემცველი პროდუქტებით.

ქრომის დეფიციტი საყურადღებოა შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებისთვის, რადგან ქრომის დეფიციტის დროს დარღვეულია გლუკოზის მეტაბოლიზმი. 

ქრომის დეფიციტი ზრდის მეტაბოლური სინდრომის განვითარების, ათეროსკლეროზის, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების (ინფარქტი, ინსულტი) რისკებს. 

ქრომის დეფიციტზე ეჭვის შემთხვევაში, კეთდება თმის და ფრჩხილის ანალიზი. ქრომის დეფიციტის დადასტურების შემთხვევაში ინიშნება შესაბამისი მკურნალობა. 

რა ფუნქციებს არეგულირებს მიკროელემენტი ქრომი ადამიანის ორგანიზმში?

ქრომი არის შეუცვლელი მიკროელემენტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, იგი მონაწილეობს ლიპიდების, ცილების, ნახშირწყლების მეტაბოლიზმში და ასტიმულირებს ინსულინის გამოყოფას კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ. ქრომი ააქტიურებს ფერმენტებს, რომლებიც მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში, იგი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ანუ მეტაბოლიზმს. 

ქრომი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის. აუმჯობესებს სისხლში გლუკოზის ანუ შაქრის დონეს, ზრდის ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, შესაბამისად ამცირებს შაქრიანი დიაბეტის გართულებებს. 

ქრომის ნორმალური დონე ასევე მნიშვნელოვანია სიმსუქნის დროს, რადგან იგი ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა უჯრედების მიერ ინსულინის სეკრეციას, აუმჯობესებს პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რის შედეგადაც მცირდება ინსულინრეზისტენტობა და ვისცერალური გაცხიმოვნება (ანუ მუცლის გაცხიმოვნება). 

რა შედეგი მოაქვს ქრომის დეფიციტის მოწესრიგებას?

ქრომის დეფიციტის მოწესრიგება ამცირებს ინსულინრეზისტენტობას, რის ფონზეც ასევე მცირდება ტკბილეულზე მოთხოვნილება. ტკბილეულის მიღება თავის მხრივ კიდევ უფრო ამცირებს ქრომის დონეს ორგანიზმში. 

ქრომი ეფექტურია როგორც სიმსუქნის, ასევე წონის დეფიციტის დროს. სიმსუქნის დროს ქრომი ნივთიერებათა ცვლის გააქტიურების ხარჯზე ამცირებს გაცხიმოვნებას, ხოლო წონის დეფიციტისას ქრომი ზრდის კუნთოვან მასას და აუმჯობესებს კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციონირებას, ზრდის ენერგიას და შრომისუნარიანობას. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს ქრომი ეხმარება კუნთოვან ქსოვილს კარგ ფუნქციონირებაში. 

ქრომი ეფექტურია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინრეზისტენტობის, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევის ანუ პრედიაბეტის დროს. იგი საკვერცხის პოლიცისტურ სინდრომზეც დადებითად მოქმედებს, რადგან ინსულინრეზისტენტობა და საკვერცხის პოლიცისტური სინდრომი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. 

ქრომი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, იგი ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას ჰიპერტონული დაავადების დროს.

ქრომი აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას ე.წ “ცუდი” ქოლესტერინის შემცირების ხარჯზე, ასევე ეფექტურია ფსიქო-ნევროლოგიური დაავადებების დროსაც, მაგალითად: პარკინსონის დაავადება, ბიპოლარული აშლილობა. 

ოსტეოპოროზის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრომის დეფიციტის თავიდან აცილება. ქრომი აუმჯობესებს ძვლის მინერალურ სიმკვრივეს, რადგან ამცირებს კალციუმის დანაკარგს საშარდე სისტემიდან და უნარჩუნებს ძვლებს სიმტკიცეს. 

ქრომი C ვიტამინთან ერთად არეგულირებს თვალშიგა წნევას, სწორედ ამიტომ ქრომი კატარაქტის და გლაუკომის საპროფილაქტიკო ეფექტითაც ხასიათდება. 

რომელი პროდუქტები შეიცავს ქრომს?

ქრომს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს თევზი, ზღვის პროდუქტები, ბროკოლი, საქონლის ღვიძლი, ლუდის საფუარი. ასევე საქონლის ხორცი, ჭარხალი, პომიდორი, სოკო, კომბოსტო, სიმინდი, სოიო, ისპანახი, ბარდა, მწვანე ლობიო, მწვანილი, მწვანე ხახვი, ბულგარული წიწაკა, ვაშლი, ბანანი, ყურძენი, რძის პროდუქტები, მთლიანი მარცვლეული, კარტოფილი, წიწიბურა, კვერცხი, ანანასი, ალუბალი, ქაცვი, ატამი, ხურმა, კურაგა, სეზამის მარცვლები, თხილეული, ზეთი, წითელი ღვინო და სხვა პროდუქტები.

ქრომის დღიური ნორმის შევსება შესაძლებელია ქრომის შემცველი პროდუქტების მიღებით. 100 გრ ბროკოლი შეიცავს 22 მკგ ქრომს,  200 მლ წითელი ღვინო 17 მკგ-ს, 1 საშუალო ზომის კარტოფილი  15 მკგ, 1 ჭიქა ყურძნის წვენი 8 მკგ-ს, 1 ცალი პომიდორი კი 3 მკგ ქრომს შეიცავს.

რაციონში უხვად ჩართული თევზი, ხორცი, ყველი და მწვანე ბოსტნეული იდეალურად ავსებს ქრომის დეფიციტს, თუმცა, იმისათვის რომ  საკვებით მიღებული ქრომის დონე არ დაქვეითდეს, ასევე უნდა შემცირდეს რაფინირებული საკვების მიღება.

საგულისხმოა, რომ საკვები პროდუქტები ქრომს არ შეიცავს დიდი რაოდენობით, შესაბამისად საკვები პროდუქტებით ქრომის ჭარბი დოზით მიღება გამორიცხულია.

ქრომის დღიური მოთხოვნილება ზრდასრული პირებისთვის 50-200 მკგ-ია, თუმცა, ხშირი სტრესის, მძიმე ფიზიკური დატვირთვის, ინფექციების და ტრავმების დროს ქრომზე მოთხოვნილება იზრდება და საშუალოდ 200 მკგ-ია სასურველი დღიური ნორმა.  

შაქრიანი დიაბეტის და სიმსუქნის დროს კიდევ უფრო გაზრდილია ქრომზე მოთხოვნილება და რეკომენდირებულია 200-1000 მკგ ქრომის მიღება დღეში. გასათვალისწინებელია, რომ ქრომის მაქსიმალური დოზაა 1000 მკგ დღეში. 

უნდა აღინიშნოს, რომ ქრომის როგორც დეფიციტი, ასევე ჭარბი რაოდენობით მიღება უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. 

P.S  კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 515 500

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×