რეზონანსი
07.06.2020

დღეს საქართველოში საკმაოდ ხშირია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. სამწუხაროდ, ბოლო ხანს პაციენტების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა როგორც ბავშვთა, ასევე ზრდასრულ ასაკში. ამიტომაც ბუნებრივია საზოგადოებაში ეს თემა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ჩნდება არაერთი კითხვა.

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

რა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებას?

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებას ბევრი მიზეზი აქვს: რადიაცია, ცუდი ეკოლოგიური პირობები, სტრესი, იოდის დეფიციტი, აუტოიმუნური დაავადებები, გენეტიკური წინასწარ განწყობა, ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციები და ასევე გარკვეული მედიკამენტების მიღება (იოდის შემცველი მედიკამენტები, ინტერფერონი და სხვა). 

დღეს იოდის დეფიციტის პრობლემა, შეიძლება ითქვას, აღმოფხვრილია წინა წლებთან შედარებით, თუმცა, წლების წინ არსებულმა იოდდეფიციტმა მაინც დატოვა კვალი მომავალ თაობაში გაზრდილი გენეტიკური წინასწარ განწყობის სახით ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მიმართ, რასაც ასევე ემატება გაზრდილი რადიაციული ფონი და გაუარესებული ეკოლოგიური სურათი. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ვფიქრობ, ზრდის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების რისკებს.

რა სიმპტომები ახლავს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დარღვევას?

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ხასიათდება საკმაოდ მრავალფეროვანი ჩივილებით.  ჰორმონალური დარღვევის მიხედვით შეიძლება იყოს იოდის შემცველი ჰორმონების დაქვეითებული გამოყოფა, ან პირიქით, იოდის შემცველი ჰორმონების სიჭარბე. მათთვის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩივილებია დამახასიათებელი. 

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას, ანუ ჰიპოთირეოზისას დამახასიათებელი ჩივილებია: საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა,  კანის სიმშრალე, გულისცემის დაქვეითება, დიასტოლური წნევის მომატება, სიცივის შეგრძნება კიდურებში, კუნთების სისუსტე და ტკივილი, თმის ცვენა და ფრჩხილების მტვრევადობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უშვილობა, ლიბიდოს დაქვეითება, წონის მომატება ჩვეულებრივი კვების ფონზე, ემოციური ფონის გაუარესება, დეპრესიული განწყობა, პერიოდულად ხმის ტემბრის დაქვეითება. 

გარდა ამისა, ჰიპოთირეოზის დროს გამოხატულია ლიპიდური ცვლის დარღვევა, ანუ ქოლესტერინის დონის მომატება და ცვლილებები სისხლის შედედებაში (პროთრომბინის ინდექსის მომატება). ჰიპოთირეოზის დროს ქვეითდება ნივთიერებათა ცვლა (მეტაბოლიზმი).

თუ დროულად არ ხდება ჰიპოთირეოზის დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, შემდგომ უკვე ვლინდება შეშუპება - სახის, თითების, ენის, შესაძლებელია გამოვლინდეს ზოგადი შეშუპებაც. უარესდება მეხსიერება, შენელებულია რეფლექსები და მეტყველება, იცვლება მიმიკა. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩივილების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია, არის შემთხვევები, როცა დაავადება სრულიად უსიმპტომოდ, სპეციფიური ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. არცთუ იშვიათად შემთხვევითი გამოკვლევისას ხდება მისი დიაგნოსტირება. ამის მიზეზი გარკვეულწილად ისიცაა, რომ ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი ჩივილები საკმაოდ ზოგადია, მაგალითად შეიძლება ადამიანმა სისუსტე და დაღლილობა მის დატვირთულ სამუშაო რეჟიმს დაუკავშიროს. 

რაც შეეხება ჰიპერთირეოზს, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გაძლიერებულ გამოყოფას, მისთვის დამახასიათებელია გულისცემის აჩქარება, სისტოლური წნევის მომატება (თუ არტერიული წნევა 120/80 მმ.ვწყ.სვ-ია სისტოლური წნევის მაჩვენებელია 120, ხოლო დიასტოლური წნევის 80), არითმია, გულისცემის შეგრძნება, უძილობა, ხელების კანკალი, შინაგანი კანკალის შეგრძნება, ემოციური ლაბილობა, გაღიზიანებადობა, ტირილიანობა, შფოთვა, წონის დაკლება ჩვეულებრივი კვების ფონზე, მადის გაძლიერება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, კუჭის მოქმედების გახშირება, სიცხის (სიმხურვალის) შეგრძნება, ტენიანი კანი, ადვილად დაღლა, კუნთების სისუსტე. 

თირეოტოქსიკოზისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო ნიშანია ეგზოფთალმი, ანუ თვალების გადიდება, რაც საჭიროებს შესაბამის მკურნალობას. თირეოტოქსიკოზისთვის ასევე დამახასიათებელია ფარისებრი ჯირკვლის დიფუზური გადიდება. 

ჰიპერთირეოზის მიზეზი შეიძლება იყოს გრეივსის დაავადება (დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვი), ან ტოქსიკური მრავალკვანძოვანი ჩიყვი (პლამერის დაავადება) ან ტოქსიკური ადენომა. 

საგულისხმოა, რომ თირეოტოქსიკოზი შეიძლება გამოწვეული იყოს  ფარისებრი ჯირკვლის ანთებითაც (თირეოიდიტი), ასევე ჭარბი დოზით თიროქსინის პრეპარატების მიღებით (იატროგენული თირეოტოქსიკოზი).  

რა ფუნქცია აკისრია ფარისებრ ჯირკვალს? 

ფარისებრი ჯირკვალი არის ყველაზე დიდი ენდორკინული ჯირკვალი. იგი მდებარეობს კისრის წინა ზედაპირზე და გამოყოფს ჰორმონებს (თიროქსინი-T4 და ტრიიოდთირონინი-T3) ფარისებრ ჯირკვალს არეგულირებს ცენტრალური ენდოკრინული ჯირკვალი ჰიპოფიზი, რომელიც მდებარეობს თავის ტვინში. ჰიპოფიზი გამოყოფს თირეოტროპულ ჰორმონს (TSH), რომელიც განაპირობებს ფარისებრი ჯირკვლის გამართულ მუშაობას. 

ფარისებრი ჯირკვალი მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის, ორგანიზმის ზრდის და განვითარების პროცესში. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ჰორმონალური სტატუსის მიხედვით შეიძლება იყოს როგორც მისი ფუნქციის გაძლიერება, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამოყოფა (ჰიპერთირეოზი), ასევე შეიძლება იყოს მისი ფუნქციის დაქვეითება, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცირება  (ჰიპოთირეოზი).

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები შეიძლება მისი ფორმის და სტრუქტურული ცვლილებების მიხედვითაც გამოვყოთ. ფარისებრი ჯირკვლის ზომაში გადიდება, ანუ დიფუზური ჩიყვი. ფარისებრ ჯირკვალში შეიძლება იყოს ერთი, ან რამდენიმე კვანძი, რასაც კვანძოვანი და მრავალკვანძოვანი ჩიყვი ეწოდება. თავის მხრივ ერთმანეთისაგან განსხვავდება კვანძებიც. შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი, ან ავთვისებიანი კვანძი. მრავალკვანძოვანი ჩიყვისას შესაძლებელია იყოს როგორც კეთილთვისებიანი კვანძები, ასევე ავთვისებიანიც. 

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები შეიძლება იყოს ანთებითი ხასიათისაც (ქვემწვავე თირეოიდიტი), ან განპირობებული აუტოიმუნური სისტემის ცვლილებით (აუტოიმუნური თირეოიდიტი). 

რა არის კვანძოვანი ჩიყვი და რა საფრთხეებს შეიცავს ის ჯანმრთელობისათვის?

კვანძოვანი ჩიყვი გულისხმობს ფარისებრ ჯირკვალში კვანძის არსებობას. კვანძოვანი ჩიყვის დროს ჩივილებს განსაზღვრას ჰორმონალური სტატუსი და თავად კვანძის ზომა და ლოკალიზაცია. კვანძოვანი ჩიყვის დროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შესაძლოა იყოს როგორც დაქვეითებული, გაძლიერებული, ასევე ნორმალური. არის შემთხვევები როცა ხდება კვანძოვანი ჩიყვის დიაგნოსტირება, რა დროსაც ანალიზებში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ნორმალურია. ხოლო თუ კვანძოვანი ჩიყვის დროს არის ფუნქციური დარღვევა (ანუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ცვლილებები), შესაბამისად არის გამოხატული ჩივილებიც. 

თავად კვანძი ფარისებრ ჯირკვალში შესაძლოა გამოვლინდეს ჩივილებით: კისრის წინა ზედაპირის ასიმეტრია, ბურთის (უცხო სხეულის) შეგრძნება ყელის არეში, დისკომფორტი ყლაპვის დროს, სპაზმი ყელის არეში, ხმის ტემბრის პერიოდული ცვლილება (დაქვეითება). 

თუმცა, თუ კვანძის ზომა დიდი არ არის, შეიძლება არც გამოიწვიოს ჩივილები და გამოვლინდეს შემთხვევითი გამოკვლევისას. მცირე ზომის კვანძები (<10მმ-ზე) შესაძლოა არ იწვევდეს ჩივილებს, თუმცა, არა ყველა შემთხვევაში. 

როცა კვანძი დიდი ზომისაა, ვიზუალურადაც შესამჩნევია. ფარისებრი ჯირკვლის კვანძები განსაკუთრებით კარგად ჩანს ყლაპვის დროს. ფარისებრი ჯირკვლის კვანძი, როგორც აღვნიშნეთ, შესაძლებელია იყოს ავთვისებიანი. არსებობს ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა ტიპის ავთვისებიანი დაავადება. ძირითადად გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული და ფოლიკულური კარცინომა. 

ძირითადად დაავადების დიაგნოსტირება ხდება ახალგაზრდა ასაკში, საშუალოდ 30-50 წლის პირებში. უფრო ხშირად ვხვდებით ქალებში. ფარისებრი ჯირკვლის პაპილარულ კარცინომას სხვა ორგანოთა ავთვისებიანი პროცესებისაგან განსხვავებით, ახასიათებს საკმაოდ ნელი დინამიკა და დადებითი პროგნოზი.

კვანძოვანი ჩიყვის დროს ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი სურათის და ჰორმონალური სტატუსის შეფასების შედეგად წყდება კვანძის ციტოლოგიური კვლევის ჩატარების საკითხი (ანუ პუნქციური ბიოფსია), რაც ადგენს კონკრეტული კვანძის უჯრედების მდგომარეობას და იძლევა ზუსტ დიაგნოზს, თუ როგორია აღნიშნული კვანძი. 

ბიოფსია გახლავთ ჩვეულებრივი სადიაგნოსტიკო კვლევა, რაც ავლენს კვანძების უჯრედულ სურათს. ხშირად აქვთ უარყოფითი დამოკიდებულება და შიში მის მიმართ, რაც არასწორია. დროული დიაგნოსტიკა ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში იძლევა უკეთეს პროგნოზს.  

როგორ უნდა ვუმკურნალოთ კვანძოვან ჩიყვს?

კვანძოვანი ჩიყვის მკურნალობას განსაზღვრავს ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი სურათი და  ჰორმონალური სტატუსი. ფარისებრი ჯირკვლის სრული დიაგნოსტიკა მოიცავს როგორც ჰორმონალურ გამოკვლევას, ასევე ექოსკოპიას. 

მკურნალობა ხდება მედიკამენტოზურად და დამოკიდებულია ზუსტ დიაგნოზზე. ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი დაავადებები საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას. ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერი დაავადების დროს საჭიროა მკურნალობა მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ. 

საგულისხმოა ისიც, რომ ჩიყვის დროს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია კვლავ გამოვლინდეს კვანძოვანი ჩიყვი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  სრულად არ ხდება ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა. თუმცა, რეციდივის რისკი საკმაოდ მცირეა. შესაბამისად ოპერაციის შემდგომ პერიოდშიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის რეგულარული გამოკვლევა და მონიტორინგი.

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×