ანუ კლეოპატრას ჩაის მარადიულობის ფორმულა
რეზონანსი
28.06.2020

ძველ ეგვიპტეში ნილოსზე ნავით სეირნობა ფარაონთათვის ერთგვარი რიტუალი იყო. ამ რიტუალის განუყოფელი ნაწილი გახლდათ კარკადეს ჩაი, სწორედ ამიტომაც მას წყაროები ფარაონების სასმელად მოიხსენიებენ... 

კარკადე პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს, ბუნებრივია ჩნდება უამრავი კითხვა ამასთან დაკავშირებით. 

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

რა თვისებები განაპირობებს კარკადეს პოპულარობას?

კარკადე იგივე ჰიბისკუსი, სუდანური ვარდის ყვავილებისგან მზადდება. კარკადეს შემადგენელი ფლავონოიდები მცენარეთა პიგმენტებია, ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც აუმჯობესებენ ფერმენტების მოქმედებას ადამიანის ორგანიზმში. ასევე აუმჯობესებენ სისხლძარღვების კედლის ელასტიურობას, აძლიერებენ იმუნიტეტს. 

ანტოციანინების დახმარებმით კარკადეს ჩაი აძლიერებს სისხლძარღვთა კედლებს და ამცირებს არტერიულ წნევას. კარკადეს ჩაი პოლიფენოლების შემცველობის დამსახურებით კიდევ უფრო სასურველი სასმელია. პოლიფენოლები აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის სისტემის მდგომარეობას, აწესრიგებს შაქრიანი დიაბეტის მდგომარეობას და კარდიოვასკულურ დაავადებებს, ასევე ეფექტურია წონის კლების პერიოდში.

პოლიფენოლები ხასიათდება დადებითი ეფექტით ადამიანის ჯანმრთელობაზე.  ფლავონოიდების მსგავსად პოლიფენოლებიც ხასიათდება ანტიოქსიდანტური მოქმედებით. პოლიფენოლები ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და შესაბამისად აუმჯობესებს შაქრიანი დიაბეტის მდგომარეობას.  ასევე ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ ინსულინის სეკრეციას. 

ინსულინი არის ჰორმონი რომელიც არეგულირებს ორგანიზმში შაქრის დონეს.  კვლევებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ პოლიფენოლებით მდიდარი დიეტა აწესრიგებს გლიკემიას, ზრდის ინსულინის მგრძნობელობას და ამცირებს გლუკოზისადმი ტოლერანტობას, შესაბამისად ამცირებს ინსულინრეზისტენტობას. 

ერთ-ერთი კვლევის შედეგად პოლიფენოლებით მდიდარი დიეტა 57%-ით ამცირებს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ს განვითარებას 2-4 წლის პერიოდში.  კარკადეს ჩაი პოლიფენოლების შემცველობის დამსახურებით კარგი არჩევანია შაქრიანი დიაბეტის, პრედიაბეტის ან ინსულინრეზისტენტობის დროს.               

რეგულარულად პოლიფენოლების შემცველი პროდუქტის მიღება აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციას, მეხსიერებას, სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს მდგომარეობას შაქრიანი დიაბეტის ან არტერიული ჰიპერტენზიის მდგომარეობას. პოლიფენოლებს ასევე შეიცავს შავი შოკოლადი, ჩაი, კენკრა, წითელი ღვინო და სხვა პროდუქტები.

კარკადე შეიცავს C ვიტამინს, B1 ვიტამინს, ანტიოქსიდანტებს და სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებებს. მასში შემავალი ვიტამინები და მიკროელემენტები აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. 1 ფინჯანი კარკადეს ჩაი დაახლოებით 60 კილოკალორიაა.

კარკადეს ხშირად აქვს წითელი შეფერილობა, თუმცა გვხვდება განსხვავებული შეფერილობითაც, რა განაპირობებს ასეთ ცვლილებებს? 

კარკადეს შემადგენელ ფლავონოიდებს შორის მნიშვნელოვანია გამოვყოთ ანტოციანინი, ერთ-ერთი ფლავონოიდი ანტიოქსიდანტური ეფექტით. სწორედ მისი დახმარებით აქვს კარკადეს ჩაის წითელი (ან იასამნისფერი ან ცისფერი) შეფერილობა. 

ანტოციანინების ფერი დამოკიდებულია მჟავიანობის დონეზე. მჟავე პირობებში, ანტოციანინები გამოჩნდება წითლად, ხოლო ნაკლებად მჟავე პირობებში, ისინი ცისფერ ფერებში გამოდიან. 

ანტოციანინი ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით, იცავს ორგანიზმს ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალებისგან. 

თავისუფალი რადიკალები არღვევს დნმ-ს, აზიანებს უჯრედებს და ხელსაყრელ პირობებს ქმნის ონკოლოგიური დაავადებების განვითარებისთვის. 

ფლავონოიდები ანტიოქსიდანტური მოქმედების დახმარებით იცავს სხეულის უჯრედებს დაზიანებისგან, ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს, ასევე მნიშვნელოვნად ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. 

გავრცელებულია მოსაზრება, რომ კარკადეს ცივი ჩაი არტერიულ წნევას ზრდის, ხოლო ცხელი  - წნევას ამცირებს

ცალსახად შემიძლია განვაცხადო - კარკადეს ჩაი - როგორც ცივი, ასევე ცხელი არტერიულ წნევას ამცირებს, ასე რომ ეს აზრი სიმართლეს არ შეესაბამება. ამის მიზეზი მისი შემადგენლობაა. სხვა ჩაისგან განსხვავებით იგი არ შეიცავს კოფეინს.

კარკადეს ბიოეფექტურობას სწორედ მისი შემადგენლობა განაპირობებს. მას აქვს ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორის მსგავსი ეფექტი. ამ ჯგუფის მედიკამენტების ეფექტი არტერიული წნევის დაქვეითებაა. 

კარკადეს ჩაი იდეალურად აუმჯობესებს და ამცირებს არტერიულ წნევას აგფ-ინჰიბიტორების ჯგუფის მედიკამენტების მსგავსად, თუმცა, რა თქმა უნდა, არ ანაცვლებს ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პირებისთვის რეკომენდირებულია დღეში 2-3 ფინჯანი კარკადეს ჩაის მიღება.

ახალ ორლეანში, ლუიზიანაში ჩატარებულია მცირე რანდომიზებული კვლევა, სადაც გამოვლინდა რომ 6 კვირის განმავლობაში დღეში 3 ფინჯანი კარკადეს ჩაის მიღება ამცირებს სისტოლურ არტერიულ წნევას საშუალოდ 7 მმ.ვწყ.სვ-ით არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პირებში. კვლევის შედეგების საფუძველზე შეიძლება ისიც ითქვას, რომ კარკადეს ჩაის ჩართვა ყოველდღიურ რაციონში ასევე ამცირებს არტერიული ჰიპერტენზიის გამოვლენის რისკს,ხოლო მათ ვისაც სისტოლური არტერიული წნევა საშუალოდ 130 მმ.ვწყ.სვ ქონდათ, 6 კვირის შედეგ გამოვლინდა ორჯერ უკეთესი შედეგი და სისტოლური არტერიული წნევა შემცირდა დაახლოებით 14 ვწყ.სვ-ით, ამასთან გაუმჯობესდა დიასტოლური არტერიული წნევის მაჩვენებელიც. 

მიუხედავად ამდენი სიკეთისა, საინტერესოა გააჩნია თუ არა უარყოფითი თვისებები კარკადეს ჩაის? 

კარკადეს ჩაი უარყოფითად მოქმედებს კბილების მინანქარზე. მასში შემავალი მჟავების გავლენით იგი აზიანებს კბილებს ტკბილ გაზიან სასმელებზე მეტად. ამიტომ უმჯობესია კარკადეს ჩაის მიღების შემდეგ გავიწმინდოთ კბილები, ან დალევისას გამოვიყენოთ საწრუპი, რათა მინიმუმამდე შევამციროთ კარკადეს ჩაით მინანქარის დაზიანება. 

კარკადეს ჩაის შემადგენელი მჟავა ასევე უარყოფითად მოქმედებს  კუჭის ლორწოვან გარსზე. იგი მნიშვნელოვნად ზრდის კუჭის წვენის მჟავიანობას. კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის არსებობისას არ არის მიზანშეწონილი კარკადეს ჩაის ინტენსიური და რეგულარული მიღება. 

ჩაის მაქსიმალურ სარგებელს მნიშვნელოვნად განაპირობებს მისი სწორად მომზადების წესი, ამიტომაც ჩნდება კითხვა - როგორ მოვამზადოთ კარკადეს ჩაი?  

კარკადეს ჩაის მომზადება მარტივია. კარკადეს ფურცლები უნდა მოვათავსოთ ადუღებულ ცხელ წყალში და ნელ ცეცხლზე გავაჩეროთ დაახლოებით ერთი წუთი. მისი ადუღებამდე მიყვანა აუცილებელი არ არის, შესაძლებელია უბრალოდ გავაჩეროთ მდუღარე წყალში 15 წუთი და შემდეგ მივირთვათ. 

200 მლ წყალზე საჭიროა 2 ჩ/კ კარკადეს ფურცლები. კარკადეს ჩაის დიდ ხანს დუღილი სასურველი არ არის, რადგან  დუღილის დროს მცირდება მისი სასარგებლო თვისებები. უმჯობესია მივირთვათ უშაქროდ და არ შევცვალოთ მისი არაჩვეულებრივი არომატი შაქრით.  სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია შაქრის დამატება. 

კარკადეს ცივი ჩაი ანალოგიურად მზადდება, უბრალოდ მივირთმევთ ცივს, შესაძლებელია სურვილისამებრ ყინულების დამატება. ზაფხულში კარკადეს ცივი ჩაი არომატული და სასარგებლო არჩევანია. კარკადეს ცივ ჩაის განსხვავებულ არომატს ძალიან უხდება პიტნა, დარიჩინი ან ფორთოხალი. მისი მიღება დღის მეორე ნახევარშიც არის შესაძლებელი, რადგან არ შეიცავს კოფეინს და არ აუარესებს ძილს.

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×