რეზონანსი
05.07.2020

ჩაი, უძველესი აღმოსავლური კულტურის ორგანული ნაწილი, პორტუგალიელი მეზღვაურების წყალობით XVII ს-დან დასავლეთ ევროპაში გავრცელდა და ჯერ ბებერი კონტინენტის, შემდეგ კი მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ პოპულარულ სასმელად იქცა.

ჩაი კონკურენციას უწევს ყავას, შესაბამისად პოპულარული თემა - ჩაი თუ ყავა,  დღემდე აქტუალობას არ კარგავს. ბუნებრივია, ჩაისთან დაკავშირებით ჩნდება უამრავი კითხვა.

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

რა განაპირობებს შავ ჩაის სასარგებლო თვისებებს? 

შავი ჩაი შეიცავს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებებს: ვიტამინებს, მიკროელემენტებს, პოლიფენოლებს და კატექინებს. მათი დახმარებით შავი ჩაი ამცირებს სიმსივნური დაავადებების გამოვლენას. პოლიფენოლი ანტიოქსიდანტია, იგი იცავს უჯრედებს დაზიანებისგან. თეოფილინს მატონიზირებელი ეფექტი აქვს, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და მეტაბოლიზმს. 

პირველადი კვლევების საფუძველზე შეიძლება ითქვას რომ ქალები, რომლებიც რეგულარულად იღებდნენ შავ ჩაის აღენიშნებოდათ საშვილოსნოს კიბოს განვითარების შემცირებული რისკი, იმათგან განსხვავებით ვინც არ იღებდა ამ სასმელს. 

კონკრეტულად შავი ჩაი რამდენად ამცირებს კიბოს განვითარებას ამის დამადასტურებელი მაშტაბური კვლევა ჩატარებული არ არის, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას რომ მისი შემადგენელი ნივთიერებების დახმარებით ნამდვილად ახდენს ონკოლოგიური დაავადებების პრევენციას. 

შავი ჩაის შემადგენელი კატექინები,  ანტიოქსიდანტები და პოლიფენოლები დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამცირებენ თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, შესაბამისად, სწორედ ამიტომაცაა შავი ჩაის მიღება პრევენცია ონკოლოგიური დაავადებების განვითარების. თავისუფალი რადიკალები არღვევს დნმ-ს, აზიანებს უჯრედებს და ხელსაყრელ პირობებს ქმნის ონკოლოგიური დაავადებების განვითარებისთვის.

ანტიოქსიდანტების შემცველობით შავი ჩაი ამცირებს ათეროსკლეროზს, განსაკუთრებით კი ქალებში. შავი ჩაის რეგულარული მოხმარება ამცირებს რისკს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის, დისლიპიდემიის, თირკმელ-კენჭოვანი დაავადების, პარკინსონის დაავადების. 

შავი ჩაის ექტრაქტი, როგორც დანამატი შეიცავს სხვადასხვა მცენარის ფურცლებს, ვიტამინებს და მინერალებს.

გარდა ამისა, შავი ჩაი მისი შემადგენელობის საფუძველზე არეგულირებს გლიკემიას (შაქრის დონეს სისხლში), აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას.

როგორ მოქმედებს ჩაი ადამიანის ორგანიზმზე?

შავი ჩაი კუჭ-ნაწლავის მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. შავი ჩაი შეიცავს საკმაო რაოდენობით ტანინს სხვა ჩაისგან განსხვავებით. ტანინი არის მთრთიმლავი ნივთიერება, რომელსაც აქვს ოდნავ გამოხატული მწარე გემო. ტანინი აუმჯობესებს კუჭის და ნაწლავების მდგომარეობას, აუმჯობესებს საკვების მონელებას და ამცირებს ნაწლავის აქტივობას, მაგალითად დიარეის დროს აქვს კარგი ეფექტი.

ჩაის სარგებელი ადამიანის ჯანმრთელობაზე საკმაოდ ვრცელია. პოლიფენოლების დამსახურებით მას აქვს ანტიოქსიდაციური ფუნქცია, რაც ამცირებს ანთებით პროცესებს და ონკოლოგიურ დაავადებების წარმოქმნას. ასევე ამცირებს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებას. გარდა ამისა შავი ჩაის ფლავონოიდების გავლენით აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციას, აუმჯობესებენ არტერიულ წნევას.

მაქსიმალური სარგებლის მიღებისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია შავი ჩაის სწორად მომზადების წესი

შავი ჩაის მოსამზადებლად 1 ფინჯან ადუღებულ წყალში (85-90 გრადუსის) საჭიროა დავამატოთ 1 ჩაის კოვზი შავი ჩაი, რომელიც უნდა გავაჩეროთ 2-3 წუთი. თუ მუქი და მკვეთრი გემოს მქონე ჩაი გიყვართ მაშინ გააჩერეთ საშუალოდ 3 წუთი. 

ჩაის ფოთლების ცხელ წყალში დიდხანს დაყოვნება სასურველი არ არის, რადგან ამ დროს ჩაის ფოთლები გამოყოფენ მძიმე მეტალებს რაც მავნეა ჯანმრთელობისათვის. სურვილისამებრ შესაძლებელია ჩაის დავუმატოთ შაქარი, ლიმონი, ბერგამოტი, დარიჩინი ან რძე. 

არის მოსაზრება, რომ შავი ჩაისთვის დოზირება საჭირო არაა...

ეს მოსაზრება არაა მართებული. დღის განმავლობაში რეკომენდირებულია საშუალოდ 2-3 ფინჯანი შავი ჩაის მიღება, რამდენადაც რეკომენდირებულია დღეში საშუალოდ 600 მილიგრამი პოლიფენოლების მიღება, რაც დაახლოებით 3 ფინჯან ჩაის შეესაბამება. 1 ფინჯანი შავი ჩაი შეიცავს საშუალოდ 200 მილიგრამ ფლავონოიდებს.

ადამიანები შავ ჩაის ენერგიის მოსამატებლად იყენებენ. შავი ჩაი შეიცავს კოფეინს და თეოფილინს, რომელსაც ორგანიზმზე მასტიმულირებელი გავლენა აქვს. კოფეინი და თეოფილინი ზრდის გულისცემის სიხშირეს და მატებს ენერგიას. 1 ფინჯანი შავი ჩაი შეიცავს დაახლოებით 50-90 მილიგრამ კოფეინს,  ხოლო 1 ფინჯანი ყავა 80-120 მილიგრამს. შავი ჩაი ყავის მსგავსად საკმარისი რაოდეობით შეიცავს კოფეინს. სწორედ ამიტომაც საჭიროა დავიცვათ ზომიერება ჩაის მიღებისას.

შავი ჩაის რეგულარული, ყოველდღიური მიღება ზომიერი რაოდენობით ძირითადად უსაფრთხოა ადამიანთა უმრავლესობისთვის. თუმცა, დღეში 2-3 ფინჯანი ან მეტი შავი ჩაის მიღება საზიანოა ჯანმრთელობისათვის. დიდი რაოდენობით შავი ჩაის მიღებით კოფეინის დიდი დოზაც გამოიწვევს მისთვის დამახასიათებელ ჩივილებს.

შავი ჩაის ჭარბი მოხმარების შედეგად შესაძლოა იყოს შემდეგი ჩივილები: უმადობა, ჩაძინების გაძნელება, გულისცემის აჩქარება, არითმია, თავის ტკივილი, შარდვის გახშირება, გულისრევა, ღებინება, ხელების კანკალი, ემოციური ლაბილობა, ადვილად გაღიზიანებადობა. 

ჭარბი რაოდენობით შავი ჩაის მიღება ორგანიზმიდან გამოდევნის სასარგებლო და აუცილებელ ნივთიერებებს: მაგნიუმი, კალციუმი და რკინა. მათი ნაკლებობა კი უარყოფითად ისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

როგორ ფიქრობთ, ჩაის შეფასებისა და მნიშვნელობის განსაზღვრისას, მაინც რა არის გადამწყვეტი - კულტუროლოგიური თუ სამედიცინო ასპექტი?

ჩაი აღმოსავლური კულტურის განსაკუთრებული ფენომენია, ის ჩინეთში უძველესი პერიოდიდან მკვიდრდება ყოველდღიურ ყოფაში. ბუნებრივია ამის ერთ-ერთი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მიზეზი ისაა, რომ ჩაი უაღრესად სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. 

ჩინური ჩაის ათასზე მეტი სახეობა არსებობს, რომლებიც პირობითად შეიძლება დავყოთ 7 ჯგუფად. თეთრი, მწვანე, შავი, წითელი, ყვითელი ჩაი, ულუნი და პუ ერი. 

ჩაი ჩინური კამელიის (Camellia sinensis) ფოთლებისგან მზადდება. სხვაობა მათ დამუშავების ტექონოლოგიებშია. თეთრი ჩაი ჩინური კამელიის ახალგაზრდა ფოთლებისგან მიიღება. მწვანე ჩაი ჩინური კამელიის შედარებით მოზრდილი ფოთლებისგან მიიღება დამუშავების გარეშე. შავი ჩაის მისაღებად მცენარის მწვანე ფოთლები გადიან ოქსიდაციის პროცესს, რის შედეგადაც მწვანე ფოთლები მუქდებიან და იღებენ მუქ მოყავისფრო შეფერილობას, შედეგად მიიღება შავი ჩაი. მწვანე ჩაისგან განსხვავებით შავი ჩაი სრულად გადის ოქსიდაციას. 

ჩაის სხვადასხვა სახეობა ერთმანეთისგან განსხვავდება ფერმენტაციის სიღრმით. ფერმენტაცია ფენოლური ნაერთების ჟანგვის პროცესია, რომლიც დროსაც ჩაის ფერი მუქდება. ფერმენტაციის გავლენით იცვლება ჩაის ფერი, გემო და არომატი. 

ეს ტექნოლოგიები საკმაოდ წარმატებულად აითვისეს თანამედროვე მსოფლიოში, შესაბამისად ჩინური გამოცდილება ფართოდაა დანერგილი  კულტურული თუ სამედიცინო თვალსაზრისით. ამდენად ამ სასმელის როგორც კულტუროლოგიური ისე სამედიცინო ასპექტი, ვფიქრობ ერთმანეთისგან განუყოფელია, სწორედ ეს ფატორი განაპირობებს მის პოპულარობას მთელს მსოფლიოში.

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×