ელზა პაპოშვილი
09.09.2020

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში ბოლო რამდენიმე დღეა სტაბილურად იზრდება. მიუხედავად ამისა, სპეციაალისტები ამ ციფრებს საგანგაშოდ არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მსგავსი ზრდა მოსალოდნელი იყო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია  აცხადებს, რომ  კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების მიხედვით საქართველო ჯერ კიდევ მწვანე ზონაში რჩება, თუმცა ზღვარს უახლოვდება.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნავს, მწვანე ზონის შემდეგ მოდის ყვითელი ზონა, რომელშიც გადავალთ იმ შემთხვევაში, თუ ორი კვირის განმავლობაში 370-დან 1 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში კი ბოლო 24 საათის მონაცემებით 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ყველაზე მეტი ინფიცირების წყარო აჭარის რეგიონია. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმი წითელ ზონად არის უკვე გამოცხადებული, მისი ჩაკეტვა მაინც არ იგეგმება. 

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აჭარა ვირუსის გავრცელების მხრივ ცხელ წერტილად რჩება და მოქალაქეებს მაქსიმალურად რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, თუმცა აღნინავს, რომ ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება.

“ყველაზე ცხელ წერტილად რჩება აჭარა, სადაც ინციდენტების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი გვაქვს 100 ათას მოსახლეზე, 47.8. იქ 25-დან 7 არის ე.წ. ხოფის კლასტერი, ორი თანამშრომელი და ოჯახის 5 წევრი, ასევე 3 იუსტიციის სახლის შემთხვევები გვაქვს თავისი ოჯახის წევრებით, ერთი სამშობიარო სახლის ექთანი, ერთი გარემოს დაცვის თანამშრომელი, ორი ორბის თანამშრომელი, ერთი სასაზღვრო პოლიციის, ერთი კლინიკა "ბრაზერსის" სანიტარი და 10 გვაქვს ბათუმში დღეს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, დაუდგენელი წყარო.

იგივეა მდგომარეობაა გურიის რეგიონში, სადაც 8 ინფიცირებული გვყავს და ყველა მათგანი უკავშირდება ბათუმში ქორწილის კლასტერს, რუსთავის "ავერსის" კლინიკის კლასტერში 15 დადასტურებული შემთხვევაა, თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების. იქ სერიოზული ტესტირება ჩატარდა რამდენჯერმე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ გაგვზრდია სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებთან დაკავშირებული შემთხვევები და არც ე.წ. ნაძალადევის კლასტერთან, რომელსაც კვეთა ჰქონდა "ქართული ოცნების" ოფისთან. უკვე იქიდან, იზოლაციიდან და კარანტინიდან გამოდიან ადამიანები და მათ უტარდებათ ტესტირება.

მოგიწოდებთ ყველას, რომ მოსახლეობამ უფრო მეტად დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და დისციპლინა, მხედველობაში მაქვს კორონავირუსულ ინფექციასთან გაჟღერებულ პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ანუ, ეს ნიშნავს როგორც კონტროლის გაძლიერებას ყველა იმ ღონისძიებაზე რაც დადგენილია, ისე ჩვენი საზოგადოებრივი კონტროლი და მონიტორინგი უნდა გავაძლიეროთ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილი კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ  ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი განგაშის საფუძველს არ იძლევა. მისი თქმით, სხვა ქვეყნების საერთო ეპიდემიოლოგიურ სურათთან შევადარებთ, ჯერჯერობით, ეს რაოდენობა მაინც ძალიან დაბალია და სიტუაციას  ,,სტაბილური,, ჰქვია. 

ინფექციონისტი აცხადებს, რომ უკონტროლო გადაცემად მივიჩნევთ იმ სიტუაციას, როცა სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა კერა აღმოცენდება ისე, რომ ინფიცირებულების ერთმანეთთან დაკავშირება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება. სამწუხაროდ, ამის რისკი არის.

„ძნელია რაღაც განსაკუთრებული გათვლები, პროგნოზები – როდის მოხდება ეს, შეძლებენ, თუ არა ეპიდემიოლოგები ისევ ლოკალიზებას, თუ ვერა. სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემია არის სრულიად ახალი.  

“რაიმე ისეთი მექანიზმები , ალგორითმი, ან პროგნოზირების მოდელირების სქემები არ არსებობს, შესაბამისად, პრინციპი არის ერთი, რომ ყოველთვის ვიყოთ ფრთხილად, რა თქმა უნდა, პანიკის გარეშე. 

“დღევანდელი რიცხვები განგაშის საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს. რაც შეეხება კარანტინის საკითხს – დღეს ამის აუცილებლობა ნამდვილად არ ჩანს, ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ ამ ჩაკეტვებმა საკმაოდ მძიმე შედეგები გამოიღო ბევრისთვის უმუშევრობის თვალსაზრისით, ამიტომ, ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იქნება. თუ უკიდურესი აუცილებლობა არ იქნა, ჩემი პირადი აზრია, რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული“, – განაცხადა ბუწაშვილმა.  

ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ  სახელმწიფო სეზონურ ვირუსებს სათანადოდ მომზადებული უნდა შეხვდეს. კერძოდ, მისი თქმით, უნდა გასამმაგდეს ქვეყანაში არსებული გრიპის ვირუსის ვაქცინის მარაგი და გაფართოვდეს ლაბორატორიათა ქსელი, რათა მოხდეს გრიპის ვირუსისა და „კოვიდ 19“-ის დიფერენციალური დიაგნოსტიკა. 

„ოქტომბერი გვიახლოვდება, როდესაც იწყება ქვეყანაში სეზონური გრიპის პერიოდი. ეს არის ძალიან მძიმე პერიოდი წელს, როდესაც სეზონური გრიპი და კორონავირუსი ერთმანეთს დაემთხვევა და მოხდება ამ ორი ინფექციის თანხვედრა. 

“ამ პროცესების სამართავად ორი მიმართულებაა მნიშვნელოვანი: სათანადო რაოდენობის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგის შექმნა ქვეყანაში და სადიაგნოსტიკო ლაბორატორიების აწყობა ქვეყნის მასშტაბით, სადაც მოხდება დიფერენციალური დიაგნოზი – ადამიანს კორონავირუსი აქვს თუ სეზონური გრიპი. ორივე მიმართულებით სერიოზული ჩავარდნა გვაქვს.

“მთავრობამ განაცხადა, რომ შემოიტანს 135 000 ვაქცინას. დამატებით 100 000 ვაქცინაზე გვქონდა მოლაპარაკება და ჩავარდა, მეტი ვეღარ შემოგვაქვს. ეს არის მიზერზე მიზერი, რომელიც მინიმალურ მოთხოვნილებასაც ვერ დააკმაყოფილებს. 

“შეგახსენებთ, შარშან შესყიდული იყო 140 000 ვაქცინა და ყველას კარგად გვახსოვს, რომ პუნქტიდან პუნქტში დავდიოდით და აღარ იყო ვაქცინები. ეს შარშან, როდესაც კორონავირუსი არ არსებობდა და მეორე მიმართულებითაც სერიოზული ჩავარდნა გვაქვს. 

“მთავრობა გვეუბნება, რომ მხოლოდ 21 ლაბორატორია აქვს მზად, სადაც მოლეკულური მეთოდით მოხდება დიფერენციული დიაგნოსტიკა, მაშინ როცა ქვეყანაში 40-ზე მეტი ლაბორატორია გვაქვს მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი, სადაც შეიძლება ამის გაშლა. 21 ლაბორატორია მხოლოდ თბილისს არ ეყოფა და რა მთელ საქართველოზეა საუბარი, მით უმეტეს, ორი სერიოზული ინფექციის თანხვედრა როდესაც არის“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×