ელზა პაპოშვილი
12.09.2020

დაუმძიმდება თუ არა მოკრივე გიორგი კანდელაკის ვაჟს თარაშ კანდელაკს ბრალი, ჯერჯერობით უცნობია. გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი პარასკევს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის ცემას გამოძიება სწორედ კანდელაკს ედავება და მას ბრალი განზრახ სხეულის მძიმე დაზიანებისთვის აქვს წაყენებული. ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და მომავალი სასამართლო სხდომა 15 სექტემბერს არის ჩანიშნული. 

 სამი თვის განმავლობაში თედლიაშვილს რამდენიმე ოპერაცია და სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდა, თუმცა ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

ახალგაზრდა მამაკაცი მართვით სუნთქვაზე და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბოლო პერიოდში ის კომიდან გამოვიდა, თუმცა კონტაქტური არ ყოფილა. 

რა მოხდა რეალურა 8 ივნისს გორში მდებარე რესტორან „ჟოზეფში“ ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს - ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. 

ერთი ვერსიით, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მაშინ მიიღო, როდესაც ის თარაშ კანდელაკმა მეგობრებთან ერთად მამის კუთვნილ რესტორიანში სცემა. მეორე ვერსიით კი თარაშ კანდელაკი დაცვასთან ერთად რესტორანში მოჩხუბარი ახალგაზრდების დამშვიდებას ცდილობდნენ, რა დროსაც 20-მდე ახალგაზრდამ მათი ცემა დაიწყო. კანდელაკი და მისი დაცვის წევრი კი მათ მოგიერიებას ცდილობდა. 18 წლის ახალგაზრდამ თავის არეში დაზიანებები სწორედ ამ დროს მიიღო - ის ასფალტზე დავარდა და თავი დაარტყა. 

მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა თარაშ კანდელაკი დააკავეს, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ 12 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

თარაშ კანდელაკის ადვოკატი ლანა ცერცვაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ბრალის დამძიმებას და მუხლის გადაკვალიფიცირებას არ ელიან. ადვოკატი ამბობს, რომ სამართლებრივ ფორმატში ეს არ უნდა მოხდეს, რადგანაც ერეკლე თედიაშვილის გარდაცვალება პირველად  მიღებულ ტრავმასთან  კავშირში არ არის. უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ ახალგაზრდას მდგომარეობის დამძიმება ასფიქსიის ფონზე მოხდა და თავზე მიყენებული ტრავმა არაფერ შუაშია. 

„თარაშ კანდელაკისთვის ბრალის დამძიმება არაფრით არ უნდა მოხდეს, რადგანაც ეს განზრახ ჩადენილი დანაშაული არ არის და აქ ადგილი უბედურ შემთხვევას აქვს. პირველი, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი არა თავის ტრავმაა, არამედ ასფიქსია, რომელიც მიღებულ დაზიანებასთან არაფერ შუაშია. მეორე მიზეზით კი, საქმე უკვე დასრულებულია  და სასამართლოზე განსახილველად არის გადაგზავნილი. 

„ბრალის კვალიფიკაციის შეცვლა არ უნდა მოხდეს. არანაირი სახის მტკიცებულებები არ არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგთან პირველად ტრავმას  აქვს. ამიტომაც სამართელბრივად პროკურატურას მუხლის გადაკვალიფიცირების საშუალება არ აქვს. აქვე თქვენი გაზეთით ვისარგებლებ და ოჯახს სამძიმარს ვუცხადებ“, - აცხადებს ადვოკატი „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით, საქმის მასალების მიხედვით, სადაც ძალიან ბევრი მოწმეა გამოკითხული, ირკვევა, რომ ჩხუბი 20-მდე ადამიანს შორის მიმდინარეობდა. კონკრეტულად ის ინფორმაცია, რომ ამ ჩხუბში კანდელაკის მეგობრები მონაწილეობდნენ, სიცრუეა და ეს საქმსი მასალებშიც არ ჩანს. ადვოკატი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით გამოძიებამ დაადგინაა, რომ მხოლოდ კანდელაკი ჩხუბობდა. ბრალი მას 117-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ ჯამრთელობის მძიმე დაზიანებას ნიშნავს. თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ ესეც გასარკვევია რელურად გარდაცვლილს დაზიანებები როგორ და რა დროს აქვს მიღებული. სავარაუდოდო, მას თავი ჩხუბის დროს ასფალტზე  დაცემისას  დაუზიანდა. 

ადვოკატი ამბობს, რომ ტყუილია ასევე ბრალდებები, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარის შემდეგ მიიმალა - ის პოლიციას თავადვე ჩაბარდა.  

„რეზონანს“  კი ერთ-ერთი ადგილობრივი მომხდარის დეტალებს უყვება, თუმცა აცხადებს, რომ რადგანაც ახალგაზრდა გარდაიცვალა, მას ვინაობის გამხელა არ სურს. მისი მონათხრობის მიხედვით, გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილი მეგობრებთან ერთად რესტორანში დაბადების დღეზე იმყოფებოდა. ღამის ორ საათზე ახალგაზრდებმა რესტორანში მყოფ სტუმრებთან  ჩხუბის წამოწყება სცადეს. ისინი დაცვის თანამშრომელმა გარეთ გაიყვანა. თუმცა რამდენიმე წუთში ისევ უკან დაბრუნდნენ და კონფლიქტის წამოწყება ახლა დაცვის თანამშრომელთან სცადეს. 

თარაშ კანდელაკი ამ დროს რესტორანში მაგიდასთან მარტო იჯდა და მიმდინარე დაპირისპირებას თვალს შორიდან ადევნებდა. ხოლო როდესაც სიტუაცია დაიძაბა და ახალგაზრდები დაცვის თანამშრომელზე ფიზიკურ ანგარიშწორებას შეეცადნენ, კანდელაკი მის დასახმარებლად მივიდა. ამიტომაც ჩხუბის დროს კანდელაკს და რესტორნის დაცვის თანამშრომელს 20-მდე ახალგაზრდა სცემდა. სწორედ თავიდან მოგერიების მიზნით, კანდელაკმა, სავარაუდოდ,  გარდაცვლილს  მხოლოდ ერთხელ დაარტყა, რომელმაც წონასწორობა დაკარგა და თავი ასფალტზე დაარტყა. 

„სამწუხაროდ ადამიანი გარდაიცვალა და არ მინდა ამ მძიმე ფაქტის გამო ვინმე რამეში ან დავადანაშაულო ან გავამართლო. თუმცა სიმართლე ხომ უნდა ითქვას? ადამიანი მამის რესტორანში მაგიდასთან მარტო იჯდა. დაინახა, რომ ნასვამი ახალგაზრდების მის დაცვის თანამშრომელს ავიწროვებდნენ და მის ცემას აპირებდნენ. ემუქრებოდნენ, რომ გარეთ გასულიყო. ამიტომაც თარაში ახალგაზრდებთან დასაწყნარებლად და სიტუაცისი განსამუხტად მივიდა. თუმცა მათ ამ ორი ადამიანის ცემა დაიწყეს. 

„მედიაში არასწორად გაშუქდა, თითქოს თარაში და მისი მეგობრები ჩხუბობდნენ. არა და პირიქით იყო - 20 კაცი ორ კაცს ურტყამდა. ეტყობა თავის დაცვის მიზნით, თარაშმა გარდაცვლილს დაარტყა. მან წონასწორობა დაკარგა და ასფალტზე აქვს თავი დარტყმული. თითქოს სასტიკად სცემა და ათასი ტყუილი... არც არსად დამალულა, პოლიციას სახლში ელოდებოდა და თავად ჩაბარდა“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
. სტატუს ქუო   (12.09.2020)
თავისთავად უნდა დაუმძიმდეს. საწინააღმდეგოს ამბობს იდიოტი ან უწიგნური.

ია   (12.09.2020)
ყველა მკვლელი როგორ უნდათ გაამართლონ.უტიფარი ადვოკატები და უსინდისო ვაი თვითმხილველები.კანდელაკის რესტორანი ყოფილა და აბა როგორ შეიძლებოდა მის შვილს ვინმესთვის ზიანი მიეყენებინა.მრცხვენია ფულიანი მამოკოების მაგივრად.აბა ჰე დაადანაშაულეთ მიცვალებული ახალგაზრდა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×