ელზა პაპოშვილი
13.10.2020

კახეთში ტაქსის მძღოლებს შორის დაწყებული დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მძღოლები ერთმანეთს მგზავრების გადაყვანის გამო დაუპირისპირდნენ, რის გამოც ერთ-ერთმა 60 წლის მამაკაცმა 53 წლის კოლეგა ცივი იარაღით მუცელში დაჭრა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილობრივებმა გამოიძახეს. 

დაჭრილი ტაქსის მძღოლი გურჯაანის სავადმყოფოში „ნიუ ჰოსპიტალში“. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კახეთის პოლიციამ დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა მათი ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

„ორივენი კარდენახის მცხოვრებლები არიან და ტაქსის მძღოლად მუშაობენ. მგზავრების გამო მოსვლიათ ჩხუბი. ამ ბრალდებულ კაცს უთქვამს დაჭრილისთვის, რომ ჩემი მგზავრები არიან და არ წაიყვანოო. ამას კიდევ მაინც ჩაუსვამს და წაიყვანა. როცა უკან დაბრუნდა, ეს კაცი აქ დახვდა. ერთმანეთს ჩხუბი დაუწყეს. ვინც ედავებოდა - მგზავრები რატომ წაიყვანეო - იმან ეს ტაქსის მძღოლი მუცელში რამდენიმე დარტყმის შედეგად დაჭრა.  

„ხალხი ვერც მიხვდა, ყველაფერი სოფლის ცენტრში ისე სწრაფად მოხდა. მუდმივად ამ მგზავრების გამო ჩხუბობენ. გაჭირვებაა და ერთმანეთს მგზავრებში ეცილებიან. ამის გამო ერთმანეთს სასიკვდილოდაც იმეტებენ. ეს ბრალდებული ამბობს, რომ სულ ჩემს მგზავრებს და კლიენტებს მართმევდა და ამიტომ ყელში ამომივიდაო. ამის გამო კაცი ხომ არ უნდა მოკლა?! ხალხმა უშველა, თორემ ალბათ ადგილზე სისხლისგან დაიცლებოდა. მუცელში დანა  რამდენჯერმე აქვს დარტყმილი“, - ამბობს „რეზონანსთან“ ადგილობრივი კობა ილაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1 პირი - 1959 წელს დაბადებული ნ.ხ. დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თანასოფლელს - 1968 წელს დაბადებულ ი.ი.-ს ცივი იარაღით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სოფელ კარდენახში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×