ელზა პაპოშვილი
19.11.2020

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცმა 5 ღამეში 7 ავტომილის გაქურდვა ისე მოახერხა, რომ ვერავინ შეამჩნია. ძარცვა 90-იანი წლების სტილში მოხდა და ავტომობილიდან ძირითადად აკუმულატორებს იპარავდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მძარცველი კომენდატის საათის დროს  მოქმედებდა და ავტომობილებს ისე ძარცვავდა, რომ პოლიციამაც მისი აღმოჩენა დიდხანს ვერ შეძლო. 

რამდენიმე დაზარალებულმა  პოლიციას არ მიმართა, რადგანაც ჩათვალეს, რომ დამნაშავის  პოვნა არ მოხერხდებოდა. თუმცა ორმა ადგილობრივმა პოლიციაში მაინც დარეკა. სავარაუდოდ, მამაკაცის ვინაობის დადგენა ვიდეო კამარების ჩანაწერებით მოხდა. დაკავებულმა სხვა ავტომობილების ძარცვის ფაქტებიც აღიარა.  

ადგილობრივები ამბობენ, რომ ქურდობების სერია პოლიციის შენობის გადაღმა ქუჩაზე ხდებოდა. ამიტომაც მათ არ ჰქონდათ იმედი, რომ ვინმე ამ საქმეს გამოიძიებდა. 

„5 დღის  განმავლობაში უბანში ავტომობილები იძრაცვებოდა. ძირითადად მოსახლეობას დილით გამოსულებს მანქანებიდან მოპარული აკულმიატორები ხვდებოდათ. სადღაცას 7-მდე მანქანაა გაძარცვული. თან ეს ყველაფერი კომენდატის საათის დროს ხდებოდა და ისე დადიოდა კაციშვილმა ვერ შეამჩნია. ყველაზე ცინიკური კი ის არის, რომ ეს უბანი პოლიციის შენობის გადაღმა მდებარეობს. ასე დადიოდა სამართალდამცველების წინ და ქურდობდა. 

რამდენიმე ადგილობრივმა პოლციას არ მიმართა. ხელი ჩაიქნიეს და თქვეს, რომ ამას ახლა ვინ გამოიძიებსო. სახლებს ტეხავენ და იმას არავინ ხსნის. თუმცა ორმა მაინც მიმართა. როგორც ჩანს კამერებით ვინაობა დაადგინეს და დააკავეს. ამ ბიჭმაც სხვა ავტომობილების ძარცვა თავად აღიარა. ისე გასაკვირი რა   არის, ხალხს ძალიან გაუჭირდა და აბა რას იზამენ. თუმცა რუსთავში ძარცვა და ყაჩაღობა ახალი აბავი არაა“,-უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი თამარ ზაკაშვილი.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 3 ავტომობილის გაქურდვის ბრალდებით რუსთავში 37 წლის ლ.მ. დააკავეს. დაკავებულმა მის მიერ რუსთავში მიმდინარე თვეში ჩადენილი კიდევ 3 ავტომობილის გაქურდვის ფაქტი აღიარა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, ქალაქ რუსთავში, სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეების კუთვნილი 3 ავტომობილი გაქურდა, საიდანაც უკანონოდ დაეუფლა 2 აკუმულატორსა და მონიტორს. იმავე დღეს, ლ.მ.-მ რუსთავში, ერთი-ერთი მოქალაქის ბინის აივნიდან ელექტროხელსაწყოები მოიპარა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა", - წერია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

 ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×