ელზა პაპოშვილი
05.04.2021

არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მატების პარალელურად ისევ სრული ლოქდაუნი გახდეს საჭირო. მითუმეტეს, რომ სააღდგომo დღესასწაულის დროს გავრცელების საფრთხე დიდია. 

ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში მესამე ტალღა უკვე დაიწყო, თუმცა ნაწილი უარყოფს. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტორლის ცენტრის ხელმძღვანელმა  ამირან გამყრელიძემ უკვე განაცხადეს, რომ არსებობს საშიშროება, რომ ნოემბერ-დეკემბრის სცენარი განმეორდეს. ამიტომაც, არაა გამორიცხული დღესასწაულები და ქელეხები ისევ აიკრძალოს. ასევე, სააღდგომო დღესასწაულის ისევ მოკრძალებით აღნიშვნა მოგვიწევს. 

ბოლო 24 საათში  კი საქართველოში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 284 061 გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 425 ადამიანი პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 275 024-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 11 პირი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 3822 ადამიანი ემსხვერპლა. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 9211 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 5090, PCR ტესტით 4121. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,48%, ბოლო 14 დღის - 1,85%, ბოლო 7 დღის - 2,1%  

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე   აცხადებს, რომ ვინაიდან ქვეყანაში კორონავირუსის ინფექცია მატულობს და მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა, ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონებში ინფექციის ლოკალურ დონეზე მართვას ინტენსიურად მიმართავს.

ეკატერინე ტიკარაძე იმედოვნებს, რომ ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებებით შესაძლებელი გახდება გლობალური ჩაკეტვების თავიდან აცილება. მინისტრის თქმით, წელსაც სააღდგომო დღესასწაულების აღნიშვნა მოკრძალებულად მოგვიწევს.

"რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულებს, დღეს ჯერ ადრე არის ამაზე საუბარი, ვინაიდან იცით, რომ ინფექცია მატულობს, მდგომარეობა არის საყურადღებო, თუმცა როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ჯერ ჩვენ არ გვაქვს ნახტომისებრი ზრდა, ასევე, ჩვენ ინტენსიურად მივმართავთ რეგიონებში ლოკალურ დონეზე ინფექციის მართვას და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს იქნება შედეგიანი, რაც თავიდან აგვაცილებს გლობალურ ჩაკეტვას, ვინაიდან ეს არ არის სახელმწიფოს მიზანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში მაქსიმალურად და რაც შეიძლება ხანგრძლივად იყოს შენარჩუნებული.

ჩვენ წელსაც მოგვიწევს მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჩაკეტვის გზას, ამ ეტაპზე, ჩვენ არ მივმართავთ და შევძლებთ ვმართოთ ინფექცია ისე, რომ არ დაგვჭირდეს გლობალური ჩაკეტვები," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ახლა ეპიდსიტუაციის მხრივ დაახლოებით ისეთი სურათია, როგორიც ოქტომბერში იყო. გამყრელიძის თქმით, დინამიკა ნელ-ნელა იმატებს. 

"ბოლო 2 კვირა, 20 დღის განმავლობაში ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების დინამიკა შეიმჩნევა. ამ დინამიკას არ აქვს ნახტომისებური სახე. ის ნელ-ნელა იმატებს.  ასევე შეიმჩნევა დინამიკა აქტიური შემთხვევების და ეს არის დაახლოებით ისეთი სურათი, რომელიც ჩვენ გვქონდა გასული ოქტომბრის დასაწყისში. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს პრევენციისთვის. გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რაც გვქონდა.

მთავარია მაქსიმალურად ავწიოთ და, ოდნავ გამოჩნდა დინამიკა პირბადის ტარების მაჩვენებელი ჩამოვარდნილი იყო 75%-დან  43%-ზე, ბოლო მონაცემით გვაქვს 51%. უნდა ავიდეთ სულ მცირე 75-80 და საუკეთესო შემთხვევაში 90%-ზე, რომ ვიყოთ შესაბამისად, მშვიდად.

ასევე, დისტანციის დაცვა, ჰიგიენური პირობები და რაც მთავარია, რამდენიმე ადგილზე ჩვენ გვაქვს  კლასტერული გავრცელება, შიდა ქართლში, სამეგრელოში, გურიაში. ყველა ეს დაიწყო ისევ და ისევ დიდი თავშეყრებისგან, დაკავშირებულია ქელეხებთან და დიდ ქორწილებთან. ამიტომ, ისევ და ისევ მოწოდება, რომ როგორმე თავი შევიკავოთ. მოსახლეობა არ დაყვება ამ შეზღუდვებს. როგორმე გავითავისოთ, თუ არ გვინდა, რომ მესამე ტალღაში შევიდეთ და განმეორდეს ნოემბერი და დეკემბერი, გავითავისოთ, რომ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის მესამე ტალღის დასაწყისის შესახებ მტკიცებით საუბარი არასწორია. მისი თქმით, პანდემიის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობა ვაქცინაციაა. 

"მტკიცება, რომ მესამე ტალღა დაწყებულია, არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ 1 მარტთან შედარებით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია, მაინც ვინარჩუნებთ სტაბილურ მაჩვენებელს, თუმცა ეს მაჩვენებელი მაღალია.

პანდემიის დამარცხების სხვა გზა არ არსებობს, არანაირი ალტერნატივა ჩვენ არ გვაქვს, არ გვაქვს მედიკამენტი, ეფექტური სამკურნალო საშუალებები - ერთადერთი შესაძლებლობა არის ვაქცინაცია.

აღდგომის დღესასწაულისთვის ჩვენი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად ავარიდოთ თავი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს - ეკლესიას და სასაფლაოებს," - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აღდგომის პერიოდში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით სულ სხვა აზრისაა. იგი ამბობს, რომ რამდენიმე საათიანი შეკრება დიდ გავლენას ეპიდემიაზე ვერ მოახდენს. 

„ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ბევრი რელიგიური დღესასწაული გამოვიარეთ, გახსოვთ როგორი ვნებათაღელვა იყო წინა აღდგომის პერიოდში და გულწრფელად ვნერვიულობდით ყველანი, რადგან ველოდით, რომ ვერ მოხდებოდა წესებისა და დისტანციის დაცვა. ეს ჩაბარდა წარსულს და ვფიქრობ, ადამიანების რელიგიურ გრძნობებზე ძლიერი ზემოქმედება არ იქნება სწორი, რადგან ეს უკუკავშირს გამოიწვევს. მიმაჩნია, რომ წესების დაცვით მათ ყველა საშუალება უნდა მიეცეთ, თუ დისტანცია და პირბადის გამოყენების წესი უზრუნველყოფილი იქნება, რამდენიმე საათიანი შეკრება რამე დრამატულ ზეგავლენას არ მოახდენს ეპიდემიაზე“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

"მე, როგორც ერთ ექიმს და კოვიდის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი კლინიკის ხელმძღვანელს, ძალიან გამიჭირდება კიდევ ერთი ნოემბერ-დეკემბრის გადატანა" - წერს სოციალურ ქსელში ექიმი დავით გადელია და იქვე მოსახლეობას აფრთხილებს: 

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მე, როგორც ერთ ექიმს და კოვიდის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი კლინიკის ხელმძღვანელს, ძალიან გამიჭირდება კიდევ ერთი ნოემბერ-დეკემბრის გადატანა! ქვეყანასაც გაუჭირდება! 

ამავე დროს, უნდა გითხრათ,  გაგაფრთხილოთ,  რომ ეს დღეებია იმატებს სასტაციონარე ავადმყოფთა რიცხვი. არ ვმალავ, მეშინია! მეშინია, რომ კიდევ ბევრ მეგობარს, თანაქალაქელს დავკარგავ. 

დღეს სამი მეგობარი პირადად დავარეგისტრირე აცრაზე (წუთის საქმეა). აცრა, პირბადე და რეგულაციები - მხოლოდ ეს საშუალება გვაქვს! პირბადის მუდმივად ტარებამ ალერგია გამიჩინა სახეზე და საშინლად შემაწუხებელია (ამის გამო წვერსაც იშვიათად ვიპარსავ), მაგრამ როგორც ქართველები იტყვიან: "ომში ის გამოიყენე, რაც ხელთ მოგხვდებაო! (ანდაზის ევროპული ანალოგი უფრო ლაკონურია)," - წერს დავით გადელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )