ელზა პაპოშვილი
10.09.2021

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

ბრალდება მურსაკულოვის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. 

ადვოკატის განცხადებით, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყინებს.

ცნობისთვის, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. 

„ახლა აღარაფერს ვსაქმიანობ, მანამდე „ქართულ ოცნებაში“ უბნის უფროსი ვიყავი,“ - ამის შესახებ მკვლელობაში ბრალდებულმა რაფაელ მურსაკულოვმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. აღნიშნულით მან მოსამართლის კითხვას უპასუხა, თუ რას საქმიანობდა ის.

ბრალდებულის მამიდა, ნუგბარ მურსაგულოვი მისი ძმისშვილის შესახებ გარკვეულ დეტალებზე საუბრობს. ამბობს, რომ მკვლელობის დღეს მისი ძმისშვილი სახლში იმყოფებოდა და მას ალიბი აქვს. ამიტომაც გაუგებარია რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოხდა მისი დაკავება. 

ნუგბარ მურსაგულოვს სხვა არგუმენტიც მოჰყავს, რის საფუძველზეც გამორიცხავს, რომ რაფაელ მურსაკულოვს შეეძლო მკვლელობა ჩაედინა. ბრალდებულის მამიდა ასევე განმარტავს, თუ რატომ იყო ნასამართლევი მურსაკულოვი წარსულში.

„ეს ბავშვი კაცს ვერ მოკლავდა, მკვდრის ეშინია. ვერავინ დამარწმუნებს იმას, რომ მან ქალი ასეთი სასტიკი  მკვლელობისთვის გაიმეტა. არ ჰქონდა არანაირი პრობლემები, რომ ტელეფონის გამო ამხელა დანაშაული ჩაედინა. კი ადრე  ნასამართლევი იყო, მაგრამ  უპატრონო ბავშვი იყო და ამის გამო უჭირდა. გორაზე რომ ეყარა სპილენძები, რაღაცეები, წავიდა ეგენი აკრიფა, ჩავაბარებ ფული მექნებაო. ამის გამო პატარა ბავშვი დაიჭირეს და გაასამართლეს. სხვა დანაშაული არაფერი ჰქონია. შემთხვევის დღეს სახლში იყო, ჩემი ხელით ვაჭამე, ჩაიც დავუსხი დავალევინე. გოგოს როგორ მოკლავდა, როცა სახლიდან არ გასულა,“ - განაცხადა ნუგბარ მურსაგულოვამ.  

პროკურატურამ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე რ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდსს.

მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა.

ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი - დანა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა.

„გამოძიების პროცესში ჩატარდა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. საქმის მოწმეებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს.

შესწავლილია შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტები და ამოღებულია ასევე, შემთხვევის ადგილის, გარდაცვლილის დროებითი საცხოვრებელი სახლის და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - 112-ის და კერძო ობიექტების კუთვნილი რამდენიმე ათეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი. დანიშნულია დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზები.

გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, სამართალდამცავებმა 8 სექტემბერს რ.მ. დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით,” - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×