ელზა პაპოშვილი
22.09.2021

ბოლო დროის ყველაზე სასტიკი მკვლლეობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 28 წლის  ჯავიდ  ჩავდაროვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ძმები სასამართლოზე მკვლლეობის მოტივზე ალაპარაკდნენ. მოსამართლეს ის მიზეზი უთხრეს, რის გამოც 28 წლის ახალგაზრდა ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი მარნეულში წყლის არხში დაახრჩვეს. ძმებთან ერთად კი მათივე მეგობარია დაკავებული, რომლის ავტომობილითაც ის გაიტაცეს. 

ახალგაზრდის მკვლელობის მოტივად მათ დაზე სექსუალურ ძალადობას ასახელებენ. ამტკიცებენ, რომ ჩავდაროვმა გოგონა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი აშანტაჟებდა და სექსუალურ ურთიერთობას აიძულებდა. ემუქრებოდა, რომ თუ ამას არ გააკეთებდა, მაშინ სოფელში მათ შესახებ ყველა გაიგებდა. მან კი დახმარებისთვის ძმებს მიმართა, რომლებმაც ჯავიდი მარნეულის ბაზარში იპოვეს. ავტომობილში ჩაისვეს და უთხრეს მათ სახლში ჩაის დასალევად მიჰყავდათ. თუმცა ფერმაში წაიყვანეს, სადაც ჯერ სცემეს და აწამეს, შემდეგ კი წყლის არხში ჩაახრჩვეს. 

მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ 18 სექტემბერს ჩავდაროვი პაპასა და დედასთან ერთად მარნეულის ბაზარში იმყოფებოდა. მან დედას და ბაბუას უთხრა, რომ ჯარიმა ჰქონდა გადასახდელი, აპარატიდან თანხას მოხსნიდა და უკან დაბრუნდებოდა. თუმცა ამის შემდეგ აღარ უნახავთ. ერთ-ერთმა ადგილობრივმა კი დაინახა, მას ავტომობილიდან გადმოსულმა მამაკაცმა ხელი როგორ დაუქნია. მასთან მისული ჯავიდი ავტომობილში ჩაჯდა და ტერიტორია დატოვეს. მისი კვალიც სწორედ ამის შემდეგ დაიკარგა.  

ოსმან თალიბოვი მოსამართლეს სასამართლო სხდომაზე არწმუნებდა, რომ მან ეს დანაშაული არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაიდინა და არაფერი ახსოვს. 

„ჯერ ვცემე, ხელები და ფეხები ჰქონდა შეკრული, მერე კი არაფერი მახსოვს. მან ჩვენი ოჯახის ღირსება შეურაცხყო და ამაზე ვიყავით გაბრაზებულები. არაფხიზელ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი და ბევრი არაფრის გახსენება შემიძლია“, - ამბობს ერთ-ერთი ბრალდებული ძმა. 

პროკურორის მტკიცებით კი ძმებმა და მათთან ერთად თანხმლებმა პირებმა მამაკაცი მარნეულის ბაზრიდან მათ კუთვნილ ფერმაში წაიყვანეს. ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ხელ-ფეხ შეკრული სოფელ ალავარში წაიყვანეს. ცოცხალს და უგონო მდგოამრეობაში მყოფ მამაკაცს ტანზე სამშენებლო აგურები მოაბეს და წყლის არხში ჩააგდეს.  

„ამბობენ, რომ ამ ძმების და გააუპატიურა და თან ეს არა ერთხელ გააკეთა. სოფელ იფნარში ესენი ერთმანეთის მზობლები არიან. გოგონას აშანტაჟებდა და ეუბნებოდა, რომ თუ მასთან სექსუალურ ურთიერთობაზე უარს იტყოდა, მაშინ მის შესახებ სოფელში ყველაფერს მოყვებოდა. გოგონამ მომხდარი ძმებს მოუყვა. სწორედ ამის შემდეგ მათ ეს საზარელი დანაშაული დაგეგმეს. რასაც ეს ოჯახი ჰყვება ესაა. სხვა დეტალები არ ვიცით“, - ამბობს დაკავებული ძმების  მეზობელი. 

მოკლული ჯავიდ ჩავდაროვის ოჯახი კი ამ ინფორმაციას უარყოფს. მათი თქმით დაპირისპირების მიზეზი 20 ლარი ვალი გახდა, რომელიც გოგონას გარდაცვლილისთვის ემართა. ამის გამო მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მან კი ამბავი ძმებს მიუტანა, რასაც ასეთი საზარელი დანაშაული მოჰყვა.

  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×