ელზა პაპოშვილი
24.09.2021

სასტიკი მკვლელობა თიანეთში-62  წლის მწყემსი ფერმის მეპატრონის შვილმა მოკლა. ის პოლიციამ განზრახ მკვლლეობის ბრალდებით უკვე დააკავა. მისი ოჯახი კი ამბობს, რომ ბიჭს ჯამრთელობის პრობლემები აქვს და დანაშაულის დროს, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზეგავლენის ქვე იმყოფებოდა. გარდაცვლილს ჭრილობები ზურგიდან ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ორივე მათგანი ახმეტის რაიონის სოფელ ალვანიდან არიან. 

ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მოკლული და სავარაუდო, ბრალდებული წლების განმავლობაში თიანეთის მთებში ერთად მუშაობდნენ. 26 წლის მამაკაცი, რომელსაც საკუთარი მწყემსის მკვლელობა ბრალად ედება, ხშირად ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოდებოდა. შემთხვევის დროს ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. მწყემსთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა,  რის შემდეგაც ქოხიდან დანა გამოიტანა და ფარასთან ჩამომჯდარ მწყემსს ზურგიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. მას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და საკუთარ სახლში სოფელ ქვემო ალვანშია გადასვენებული. 

„ძალიან კარგი კაცი, მშრომელი და უკონფლიქტო იყო. წლების განმავლობაში ამ ბიჭის ოჯახთან და მამასთან მუშაობდა. არ ვიცით ასე რამ გაამწარა, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ამბობენ ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატიურად მოიხმარდა. ჩხუბის დროსაც ამ მდგომარეობაში ყოფილა. ამ კაცს უთქვამს  ფარა რატომ მიატოვეო. ბიჭს უპასუხია შენ ვინ გკითხავს ჩემი ფარაა და მევე მივხედავო. ეს იყო მთელი ჩხუბის ისტორია. მწყემსი  წასულა ფარასთან. ცხვარს ფეხი სტკიებია და ამის სანახავდ იყო დახრილი. სწორედ ამ დროს უკნიდან მიეპარა  და ზურში და კისერში  რამდენჯერმე დანა დაარტყა. საწყალი ვერც მიხვდა რა მოხდა ისე მოკვდა. იქვე დაიღუპა და ვერაფერი ვეღარ უშველეს. არ არის  კარგი ახალგაზრდა. სრულიად უმიზეზოდ კაცი გაიმეტა“,-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.  

კიდევ ერთი მეზობელი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ბიჭი სულ 10 დღეა რაც ცხვარში წავიდა. ადრეც ამ მწყემსთან ერთად მუშაობდა და გაუგებარია ახლა რა მოხდა ასეთი, რომ სასიკვდილოდ გაიმეტა. 

„სულ ამ ოჯახთან მუშაობდა მწყემსად. ალბათ ერთი 5 წელი იქნება მათ ფარას მწყემსავს. არ ვიცი ამ ბიჭს რა სჭირს. ამბობენ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. სულ რაღაცა 10 დღის წასული ყოფილა. ფარას არ აქცევდა ყურადრებას, ქეიფობდა და მთელი ამბები ჰქონდა იქ. ამის გამო კი მწყემსი  განაწყენებულა. აქ საქეიფოდ ჩამოხვედი თუ საქმის  გასაკეთებლადო.  უნდა დახმარებოდა და როგორც ჩანს ყველაფრის მიხედვა მაინც მას უხდებოდა. ამაზე შეკამათდნენ და სასიკვდილოდ გაიმეტა. ჯერ ზურგში ურტყია, მერე კი სასიკვდილო ჭრილობა პირდაპირ კისერში საძილე არტერიაში მიაყენა“,-ამბობს მოკლული მწყემსის მეზობელი. 

დაკავებულის დედა კი აცხადებს, რომ მის შვილს წლების განმავლობაში ჯამრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. სწორედ ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მან დანაშაული გაუთვიცნობიერებლად ჩაიდინა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები ჯერჯერობით არ დაკავშირებიან და მშობლების გამოკითხვა არ მომხდარა. დაკავებულს კი ამ დრომდე ადვოკატი არ ჰყავს. 

„როგორც ჩვენ ვიცით წინა დღეს დაულევია, სტუმრები ჰყოლია, არ ვიცით ვინ. მერე იმ დილით ქოხში რა მოხდა არ ვიცით. მწყემსთან არანაირი  კონფლიქტური სიტუაცია არ ჰქონდა. ადრეც ერთად იყვნენ ხოლმე. თავად იქ მყოფმა პირებმაც არ იციან რა მოხდა. მას ჯამრთელობის პრობლემები აქვს და ვფიქრობთ დანაშაული გაუთვითცნიბიერებლად ჩაიდინა“,-ამბობს დაკავებულის დედა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ დამნაშავე ცხელ კვალზევე დააკავეს. ნივთმტკიცებად დანა არის ამოღებული. დანაშაული 7-დან 15-წლამდე პატიმრობას ივალისწინებს. რაც შეეხება მუხლს ის გაგანზრახ მკვლელობსის ბრალდებით არის დაკავებული.    

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×