ხატია ბერიძე
12.10.2021

სრულად ვაქცინირებულ პედაგოგებს ორ კვირაში ერთხელ გაუკეთდებაათ „პისიარ“ ტესტი, რასაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. აუცრელი და მხოლოდ ერთი დოზით აცრილი პედაგოგები კი ყოველ 7 დღეში ჩაიტარებენ ანტიგენის სწრაფ ტესტს, რაც მათთვის უფასო იქნება. ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებაში, რომელიც 1-ლი ოქტომბრიდან შევიდა ძალაში. თუმცა მანამდე ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ აუცრელი პედაგოგეისათვის სავალდებულო იქნებოდა „პისიარ“ ტესტი და ამის ღირებულება ან სკოლას უნდა გადაეხადა, ან თავად პედაგოგებს.

პრემიერის ბრძანების მიხედვით, ტესტირებას სკოლის ექიმი ან სპეციალურად გადამზადებული პერსონალი უზრუნველყოფს. სრულად ვაქცინირებული პედაგოგები 14 დღეში ერთხელ გაიკეთებენ პსრ ტესტს, ხოლო ერთი დოზით ვაქცინირებული და აუცრელი მასწავლებლები - ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფ ტესტს ჩააბარებენ. 

ამასთან, კოვიდტესტირება არ  მოუწევთ პირებს, რომლებიც  სრულად სარგებლობენ დისტანციური სწავლების ელექტრონული მოდელით. ასევე გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევებიც, როდესაც არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა ტესტირების განხორციელების შეუძლებლობასთან დაკავშირებით.

კოვიდ ტესტის ღირებულებასთან დაკავშირებით ,,რეზონანსს“ ჯანდაცვის სამინისტრომ ასეთი პასუხი გასცა, რომ ერთი დოზით ან სრულად ვაქცინირებულ პედაგოგებს სახელმწიფო პსრ ტესტს დაუფინანსებს, ხოლო აუცრელი პედაგოგებისთვის ფინანსდება მხოლოდ სწრაფი ტესტები და არა პსრ ტესტი.

ზაფხულში კი კეთდებოდა განცხადებები, რომ სახელმწიფო ესენციური ჯგუფების იმ წარმომადგენელთა სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დააფინანსებდა, ვინც სრულად იქნებოდა აცრილი.

„საკმაოდ დიდი ფულს ხარჯავს სახელმწიფო ტესტირებებში. ბოლო ერთ თვის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 38 ათასი ყოველდღიური ტესტი პისიარი და ანტიგენის ტესტი. სადღაც სექტემბრის 15-დან ვფიქრობთ, რომ ესენციური ჯგუფები, ვინც აუცილებლად იტესტებიან სახელმწიფოს მიერ, აღარ გაიტესტებიან სახელმწიფოს დაფინანსებით. მათ ვალდებულება ექნებათ, რომ ტესტი ჩაიტარონ. მაგრამ თუ ვაქცინირებული იქნებიან ორჯერ, მაშინ ისევ სახელმწიფო დააფინანსებს ამას. 

„თუ არ იქნებიან ვაქცინირებული, მაშინ დადგება საკითხი, რომ ტესტირება ჩატარდეს დამსაქმებლის ხარჯზე, ან თავად იმ პერსონის ხარჯზე. ეს წინადადებაც წარდგენილია“,- აცხადებდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყო. ამასთან, მშობლების ნაწილი წინააღმდეგია, რომ მათ შვილებს გაკვეთილები აუცრელმა პედაგოგებმა ჩაუტარონ. ამ საკითხთან დაკავშირებით  განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ასეთ შემთხვევაში მშბლებმა სკოლის დირექციას უნდა მიმართონ.

„ჩვენ არ ვაკომპლექტებთ კლასებს და პედაგოგებს. ამ საკითხს დირექცია ხელმძღვანელობს და მშობლის ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით მშობელი ვალდებულია მიმართოს განცხადებით დირექციას“, - განუცხადეს „რეზონანსს“ განათლების სამინისტროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×