ხატია ბერიძე
23.11.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გრიპის ვაქცინის გაკეთებას პირველ დეკემბრამდე უსასყიდლოდ შეძლებს. რასთან არის ეს თარიღი დაკავშირებული?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის გაკეთება 22 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე უფასოდ შეეძლებათ. ვაქცინის გაკეთება 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია.

„ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა", - წერია NCDC-ის განცხადებაში.

წელს სახელმწიფომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. გამყრელიძის თქმით, აქედან 90 ათასი დოზა უკვე გამოიყენეს.

„გრიპის ვირუსი ჯერ არ ჩანს, მაგრამ ნოემბრის ბოლოს - დეკემბრის დასაწყისში გამოჩნდება. ამიტომ ჯობია ყველა მომზადებული ვიყოთ და ყველა აიცრას. ამ ეტაპზე აცრილია 90 ათასი ადამიანი, 100-110 ათასი დოზა კიდევ არის ქსელში", - ამბობს გამყრელიძე.

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას იმ სავარაუდო ვერსიებზე საუბრობს, რატომაც ხელისულებამ უფასო ვაქცინაცია მხოლოდ პირველ დეკემბრამდე აანონსებს.

„პირველ რიგში უფასო ვაქცინაციის ვადის დასახელება, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ვაქცინის ვადასთან, ანუ შესაძლოა პირველ დეკემბრამდე ჰქონდეს ვადა ნაჩუქარ ვაქცინებს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კოვიდის ვაქცინაციამ დაგვანახა, რომ ვისაც ვაქცინის გაკეთება სურს, თავიდანვე აკეთებს ამ არჩევანს და აღარ ელოდება მდგომარეობის დაძაბვას. ხელისუფლებამაც ეს დაინახა სავარაუდოდ და თქვა, რომ ვისაც აცრა უნდა აიცრას უფასოდ პირველ დეკემბრამდე", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×