თამთა ჩაჩანიძე
24.03.2022

ბოლო ერთი კვირაა, რაც საქართველოში ეპიდსიტუაცია მნიშვნელოვნად დასტაბილურდა, თუმცა სპეციალისტები აცხადებენ, რომ შესაძლოა ახალი ტალღები ისევ წამოვიდეს, რადგან მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში პანდემიამ „კუდი ასწია". ისინი მოსახლეობას კვლავ ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ იქ, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა არ იმატებს.

„ეპიდვითარება დასტაბილურდა. ჰოსპიტალიზაცია რადიკალურად შემცირდა, ინტენსიურში და რეანიმაციულში მყოფი პაციენტების რიცხვიც რადიკალურად შემცირდა. მოგეხსენებათ, მთელ რიგ ქვეყნებში ისევ „აწია კუდი" პანდემიამ. ომიკრონის ბე-1.2-ის ხარჯზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ელოდებიან რომ ზესვლა იქნება. სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალია, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი არ იმატებს. მთავარი მოწოდება რჩება აცრები და ბუსტერი.

„მაინც ფიქრობენ, რომ გარკვეული ტალღები იქნება. ძირითადად, ომიკრონის ჰიბრიდის. უმრავლესობა ემხრობა, რომ თუ ახალი ჰიბრიდული შტამი გაჩნდა, ის არ უნდა იყოს ისეთი მძიმე, როგორიც დელტა იყო. თანდათან ვირუსის აგრესიულობა უნდა შემცირდეს. ამის პროგნოზის გაკეთება ჯერ რთულია," - განაცხადადაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" აცხადებს, თეორიულად არის ალბათობა, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, თუმცა მომდევნო ტალღა მსუბუქი იქნება.

„ამ ეტაპზე ეპიდსიტიაცია აზიის კონტინმენტზეა საყურადღებო, ეს ძირითადად ომიკრონითაა განპირობებული. რაც შეეხება იმას თუ ამ მხრივ ჩვენ რა გველის და ომიკრონის ქვე შტამები რას გამოიწვევს. რა თქმა უნდა თეორიულად იმის ალბათობა არსებობს, რომ ეპიდსიტუაცია კიდევ ერთხელ გაუარესდეს, თუმცა ალბათ შემდგომი ტალღები უკვე არსებულზე და წინაზე უფრო მსუბუქი იქნება.

„იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანების დიდი ნაწილი ვაქცინირებულია, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე იქ, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. ამიტომ ქვეყნის სტრატეგია უნდა იყოს ისეთი, რომ განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში - ასაკოვნებში, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში და ადამიანებში ვისაც სხვადასხვა იმუნოიდეფიციტი აქვს, ვაქცინაცია უფრო აქტიურად ჩატარდეს, რადგან სამწუხაროდ „ომიკრონი" ამ ჯგუფებისთვის საკმაოდ საგანგაშო შტამია და მძიმე მიმდინარეობაც ახასიათებს.

„მიუხედავად სტაბილური ეპიდსიტუაციისა, ვაქცინაცია უალტერნატივია. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მომდევნო ტალღებისგან უფრო მეტად დაცულები ვიქნებით და თუ ახალი ტალღა იქნება, იქნება ბევრად უფრო მსუბუქი და ჰოსპიტალში ბევრად ნაკლები ადამიანი მოხვდება," - განაცხადა მან.

გოგინავამ მეოთხე დოზასა და „პაქსლოვიდზეც" ისაუბრა.

„არის ქვეყნები, სადაც მეოთხე ბუსტერ დოზა გამოიყენება და ამას ის ლოგიკური ახსნა აქვს, რომ ვაქცინაციიდან, ან დაავადების გადატანიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, იმუნური სისტემა „ომიკრონის" მიმართ სუსტდება და ამიტომაც მეოთხე დოზა იმუნიტეტს გააძლიერებს და დამცველობით უნარს გაახანგრძლივებს. განსაკუთრებით რისკჯგუფებში მეოთხე დოიზის გამოყენება ალბათ განხილული უნდა იყოს.

„რაც შეეხება პაქსლოვიდს". ის ანტივირუსული პრეპარატია, აბის სახითაა და პერ-ორალურად (პირის ღრუს საშუალებით) მიიღება, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური და პირველი ანტივირუსული პრეპარატია. მისი მიღება ბინაზეც ძალიან მარტივია და ცოტა გვერდითი ეფექტი აქვს. კვლევების მოხედვით ჰოსპიტალიზაციის და მძიმე მიმდინარეობის რისკებს 80-90%-ით ამცირებს.

„პაქსლოვიდი" რომ ქვეყანაშია, ეს ძალიან კარგია, მთავარია, რომ სწორად იქნას გამოყენებული და რისკ-ჯგუფებში ადამიანებს ამ პრეპარატით მკურნალობა დროულად დავუწყოთ, მათ შორის მისი გამოყენება ბინაზეც მოხდეს. მნიშვნელოვანია, მკურნალობა დაიწყოს პირველ დრეებში, არაუგვიანეს პირველი ხუთი დღისა," - განაცხადა გოგინავამ.

ალერგიოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზაზე ფექისბუქზე წერს.

„შეიძლება უმრავლესობას ეს არ აინტერესებს, მაგრამ ვისაც ეს ჭირდება და სურვილი აქვს სახელმწიფომ მალევე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინის მეოთხე დოზის დამატების თაობაზე: 70 წლის ზემოთ და რისკ-ჯგუფებს 3 თვის შემდეგ მესამე დოზიდან, სამედიცინო პერსონალს 6 თვის შემდეგ მესამე დოზიდან! აიცერი და იყავი დაცული!",- წერს კულუმბეგოვი.

ეპიდემიური სურათი უმჯობესდება, შემთხვევების მაჩვენებელი უკვე 600-ზე ნაკლებია. ეს ტენდენცია „ომიკრონის" შემთხვევაში სხვა ქვეყნებმაც გაიარეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გუშინ განაცხადა. მან ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რისკები მთლიანად იხსნება. სტაბილური გაუმჯობესება მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევინარჩუნებთ იმუნურ ფენას და გავზრდით იმ იმუნიტეტს, რაც ვაქცინაციის გზით უნდა მივიღოთ", - აღნიშნა გაბუნიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×