ელზა პაპოშვილი
06.04.2022

„ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო 4 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდა. დაპირისპირებაში, რომელიც ორმხრივ სროლაში გადაიზარდა, 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა. არც ერთი დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს, მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ოთხივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„მე არ ვარ მკვლელი" - სწორედ ამ ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომლის თქმით, ის იყო იძულებითი მოგერიების ქვეშ, რადგან იყო კონკრეტული პირის დაცვის წევრი და, შესაბამისად, მისი ვალდებულება იყო, რომ ის დაეცვა მოსალოდნელი საფრთხისგან. რაც შეეხება დანარჩენ სამ ბრალდებულს - სასამართლო პროცესზე ისინი ჰყვებოდნენ, რომ სიტუაცია იყო უმართავი და ყველა მათგანი საკუთარი თავისა და თანმხლები პირების გადარჩენას ცდილობდა.  

ადვოკატები ბრალდებულების - კობა მეტრეველის, გიორგი გელოვანის, გიორგი ასლანიშვილისა და გიორგი პეტრუშკოს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000, 10 000, 60 000 და 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ.

საქმე ეხება 3 აპრილს თბილისში, „ლაგუნა ვერესთან", გიორგი ქველიაშვილის კუთვნილი საგზაო კომპანიის ოფისში ორმხრივ სროლას, სადაც რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, 2 პირი - კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე კი დახოცეს. კონსტანტინე ქობულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას ძმა იყო. „რეზონანსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა,  გიორგი ქველიაშვილის ოფისში კონსტანტინე ქობულიასა და ვახტანგ გურგენიძესთან სასაუბროდ მათი ნაცნობი - ბიზნესმენი მარლენ მეტონიძე 17 ადამიანთან ერთად მივიდა, რომელთაგანაც 5 პირი მისი პირადი დაცვა იყო. მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. როგორც მასალების მიხედვით ირკვევა, პირველი გასროლა კონსტატინე ქობულიამ განახორციელა, რომელიც მეტონიძისა და მისი დაცვის წევრების დაჭრას ცდილობდა. ამის შედეგად  მარლენ მეტონიძე, ოთარ ბარკალაია და დავით ცისკარიშვილი დაიჭრნენ.  

„აღნიშნული დაპირისპირებისას ბიზნესმენის დაცვის წევრმა კობა მეტრეველმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოახდინა, რასაც კონსტანტინე ქობულიას სიცოცხლე ემსხვერპლა.  ეს მისი პირდაპირი მოვალეობა იყო, რადგან პირადი დაცვის წევრია და მას ბიზნესმენი უნდა დაეცვა. დაუდგენელია პირი, რომლის გასროლითაც ვახტანგ გურგენიძე გარდაიცვალა. სასამართლოზე ითქვა, რომ მარლენ მეტონიძე შეხვედრის ადგილზე ჯავშანჟილეტით იყო მისული. 

დაუზუსტებელი ცნობით, ოფისში, სადაც სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირები მივიდნენ, იატაკზე პოლიეთილენის ცელოფნები იყო მოფენილი, რაც შესაძლოა, მკვლელობის წინასწარ განზრახვაზე მიუთითებდეს და ამ პარკებით მათ დანაშაულის ადგილის გაწმენდა უნდოდათ. კონფლიქტში, დაახლოებით, 20 პირი მონაწილეობდა. ამბობენ, რომ ონლაინ ჩართვით საქმეს ასევე კრიმინალური ავტორიტეტები არჩევდნენ, დავა კი ე.წ. ქოლცენტრების საქმეს ეხება. დაკავებული დაცვის წევრები ყოფილი ძალოვანები არიან“, - უყვება წყარო გამოცემას.  

პროკურატურა შესაძლო დამნაშავე პირთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს. საერთო ჯამში, საქმეზე 5 პირია დაკავებული, მათ შორის, განსაკუთებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს გიორგი გელოვანი, გიორგი ასლანიშვილი, გიორგი პეტრუშკო; განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია კობა მეტრეველი; ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით - გიორგი ქველიაშვილი.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×