ელზა პაპოშვილი
03.05.2022

ბორჯომში, ექიმებმა  36 წლის ქალის გადარჩენა შეძლეს, რომელიც  47 წლის ქმარმა დანით დაჭრა. ქალს 16-მდე ჭრილობა სხეულის სხვადასხვა ადგილებში აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია. მამაკაცმა ცოლს ჭრილობები ზურგის და გულ-მკერდის არეში მიაყენა. მამაკაცს ასევე სიდედრის ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან. პოლიციამ ის ცხელ კვალზევე დააკავა.  

სისხლიანი დაპირისპირება ბორჯომში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ქალს თითქმის ყველა სასიცოცხლო ორგანო დაზიანებული აქვს და ის უკვე დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში სამზარეულოში შვილმა იპოვა. მეზობლები დაპირისპირების მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ და ამბობენ, რომ ქალზე ძალადობის ეს პირველი შემთხვევა არ არის. მამაკაცს არ სჭირდებოდა მიზეზი და საბაბი იმისთვის რომ ცოლზე ეძალადა. 

„ძალიან კარგი გოგო და დედაა. თითით საჩვენებელი ადამიანი. არ ვიცით კონკრეტული მიზეზი რა მოხდა, მაგრამ, მაგ ადამიანს მიზეზი არ სჭირდება იმისთვის, რომ ცოლზე იძალადოს. 18 წელია ამ გოგოს ჯოჯოხეთში აცხოვრებს. დაკავებულიც იყო ადრე, მაგრამ თავიდან ვერაფრით ვერ მოიშორეს. ხან ემუქრებოდათ, ხან რა და ხან რა. ათას უბედურებაში იყო გახვეული. სამსახურშიც კი რომ წასულიყო ის არ უნდოდა. ცოლს სახლიდან გასვლას უშლიდა. 

„ახლაც ჯერ სიდედრისთვის დაურტყამს. ქალს უკითხავს რა ხდება, რა გული გაგვიწყალე რა გინდაო. მერე ცოლს შეუვარდა სამზარეულოში და სამზარეულოს დანით დაჩეხა. მომაკვდავი შვილმა იპოვა. დანაც იქვე ეგდო. მეობელს ჰყავს მანქანა და იმან ესევე ჩასვა და საავადმყოფოში წავიყვანეთ. ძლივს მოვასწარით.  დანას არ შევხებივართ. გოგოს რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა. ჯერ ზურგიდან ურტყია, მერე კიდევ რომ შემობრუნებულა გულ-მკერდის არეში აქვს დარტყმული“,-ჰყვება „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ქალს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ამ ეტაპზე, იგი კლინიკაში,  პოსტოპერაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალსის" ხელმძღვანელმა, ირაკლი დიასამიძემ განაცხადა, რომ პაციენტს ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

"ქალბატონს ზურგის და გულ-მკერდის არეში ჰქონდა მრავლობითი ჭრილობა, იყო რამდენიმე შემავალი ჭრილობაც, გაუკეთდა ოპერაცია და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" - აღნიშნა დიასამიძემ.   

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ. ბორჯომში დააკავეს.

მან ბორჯომში სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ცოლს კი 16 ჭრილობა მიაყენა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 1-ელ მაისს, ბორჯომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლე - 1985 წელს დაბადებულ ვ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა.

დაშავებული ვ.ა. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა გ.კ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო", - წერია უწყების განცხადებაში.

ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×