
გურჯაანში 35-წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მამაკაცი სოფელ ბაკურციხეში პურის საცხობში თანამშრომელმა დღეს დილით იპოვა. ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების შესახებ რამოდენიმე ვერსია არსებობს, ერთ-ერთის მიხედვით შესაძლოა ის ბუნებრივი არის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. ფურნაში პური გაზის გამოყენებით ცხვება, ამიტომაც პირველადი ეჭვი სწორედ ამაზე გაჩნდა. გარდაცვლილი მამაკაცი წარმოშობით წნორიდან იყო და ის ადგილობრივი მაცხოვრებელი არ არის.
შემთხვევის ადგილზე პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
„საწყალი ბიჭი აქაური არ იყო. აქ მცხობელად მუშაობდა და წარმოშობით წნორიდან იყო. რა მოხდა და რა გახდა ამ უბედურების მიზეზი, ზუსტად ჯერ არავინ იცის. აქ ღამე მორიგეობენ ხოლმე და მერე დილით ისევ მუშაობას აგრძელებენ. დილით მოსულმა თანამშრომელმა კარი რომ გააღო, ეს საწყალი ბიჭი იპოვა.
„თავიდან ეგონა ეძინა და დაუძახია. ხმა რომ არაფრით გასცა, მერე ახლოს მივიდა და გარდაცვლილი ნახა. სასწრაფო გამოვიძახეთ და გვითხრეს - მიცვალებულიაო. ჯერჯერობით ერთ-ერთი ვერსია ისაა, რომ ის გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. სხვა რა უნდა მომხდარიყო, ძალიან რთული სათქმელია. ექსპერტ-კრიმინალისტები მოვიდნენ და ალბათ ისინი გაარკვევენ, მოხდა თუ არა მისი გარდაცვალება გაზის გამო“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.