რეზონანსი
08.05.2022

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს უამრავი უკრაინისა და რუსეთის მოქალაქე სტუმრობს. ისინი ხშირად საზოგადოებრივი თავშეყრის მრავალ ადგილას გვხვდებიან, მათ შორის რესტონრებსა და კაფეებში. სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მათთან დაკავშირებულ პოზიტიურ თუ ნეგატიურ სიტუაციებზე.

კოსტავას ქუჩაზე მდებარე რესტორანი „მაჭახელას“ მენეჯერი „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მათთთან ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსი და უკრაინელი სტუმრები მოხშირდნენ, მაგრამ იქ მომუშავე პერსონალს მათ შორის დაძაბულობა ან ნეგატიური განწყობა არ შეუნიშნავს. 

„ჩვენთან მშვიდი და წყნარი გარემოა, რუსი და უკრაინელი კლიენტები საკმაოდ ხშირად დადიან ჩვენ ფილიალში, მაგრამ არანაირი უარყოფითი ფაქტი არ მომხდარა. არცერთ რუსს არ ჰქონდა ცუდი დამოკიდებულება აქ მყოფი უკრაინელების მიმართ, ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენ არ დაგვიფიქსირებია. მხოლოდ ერთი დადებითი მომენტის გახსენება შემიძლია, როდესაც ქართველმა მამაკაცმა უკრაინელ ოჯახს 150 ლარი აჩუქა, რამაც პოზიტიური უკუკავშირი გამოიწვია უკრაინელი ოჯახის მხრიდან“, - აღნიშნა რესტორნის მენეჯერმა.

თბილისში მრავლადაა რესტორნები, სადაც უკრაინის მოქალაქეებს ფასდაკლებით, ან სრულიად უფასოდ უმასპინძლდებიან. ერთ-ერთი ასეთი რესტორნის მენეჯერი, რომელიც აღმაშენებელზე მდებარეობს, „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ისინი დღეში საშუალოდ 20-მდე უკრაინელს უმასპინძლდებიან სრულიად უფასოდ. ამასთან, მისი ყურადღება მიიქცია უკრაინელების მაღალმა თვითშეგნებამ - ისინი უარს ამბობენ საკვების დამატებაზე, რათა ულუფა სხვა უკრაინელ სტუმრებსაც დარჩეთ.

რესპონდენტმა „რეზონანსთან“ საუბრისას გაიხსენა ერთი არასასიამოვნო ფაქტი, როდესაც რუსი წყვილი მათ რესტორანს ეწვია და თავი უკრაინელებად გაისაღა. ყველაფერი მას შემდეგ გაირკვა, რაც ერთ-ერთმა მიმტანმა შემთხვევით ამ წყვილის საუბარს მოჰკრა ყური.

მენეჯერის თქმით, მსგავსი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ მოხდა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ რესტორანს ხშირად რუსებიც სტუმრობენ, მაგრამ მათთგან არანაირი უარყოფითი რეაქცია არ შეუმჩნევია“, - აღნიშნა რესტონრის მენეჯერმა.

თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც რუსი სტუმრები რესტორანში უკრაინული სიმბოლიკისა და უკრაინის მხარდამჭერი სლოგანების არსებობას აპროტესტებენ. მაგალითად, მსგავსი ინციდენტი იყო კაფე „სტამბაში“, სადაც რუსეთის სამმა მოქალაქემ გააპროტესტა კაფეს შესასვლელში გამოკრული ბანერი. მასზე უკრაინის ომის ერთ-ერთი მთავარი სლოგანი ეწერა რუსული გემის „ერთ ადგილას“ გაშვების შესახებ.

ნინო შატბერაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×