თამთა ჩაჩანიძე
20.06.2022

მიტინგი რაც არუნდა ხალხმრავალი იყოს და მთელი რუსთაველის მოედანი გადაივსოს, თუ ეს 20 ივნისის დღით დამთავრდა, „ოცნება" ბედნიერი იქნება, არც კი შეეშინდება, ამას გადააგორებს. ეს მუდმივად უნდა გაგრძელდეს, როგორც შევარდნაძის დროს იყო, ყოველ დღე ქუჩაში 20 ათასი კაცი უნდა იყოს და ყოველ ღამე 5 ათასი მაინც რჩებოდეს, თუ ეს ერთი თვე მაინც გაგრძელდება, „ქართულ ოცნებას" არაფერი არ ეშველება - ამის შესახებ „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგმა და ყოფილმა სახელწმიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„რეზონანსი": ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, 20 ივნისის აქცია ორიენტირებულია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება მიშელის დოკუმენტს და საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუბრუნდეს, როგორ ფიქრობთ დაუბრუნდება?

პაატა ზაქარეიშვილი: ჩემი აზრით, არა. ეს პროექტი იმიტომაც ჩააგდო, რომ არჩევნებისთვის მძიმე პირობები იქნებოდა თუ დემოკრატიის გზით წავიდოდა. მას დღეს დემოკრატია არაფერში არ სჭირდება. ამიტომაც „ოცნება" ასე ღიღინით არაფერზე არ დათანხმდება, თუ მასობრივი გამოსვლები დიდხანს გაგრძელდება, როგორც შევარდაძის დროს იყო. მაშინ „ოცნება" იძულებული გახდება დათმობებზე წავიდეს, მაგრამ თითო-ოროლა სხვათაშორისი და მცირერიცხოვანი გამოსვლები არაფერს არ აიძულებს და ის არჩევნებამდე ისე მივა, როგორც დღესაა.

„რ": პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ხელისუფლება რეკომენდაციების მთლიანად შესრულებაზე მუშაობას იმ წუთიდან დაიწყებს, როგორც კი დოკუმენტს ევროპული საბჭო დაამტკიცებს.

პ.ზ: არ მჯერა, არარეალურია. ამის გამკეთებლები რომ იყვნენ, მიშელის დოკუმენტიდან არ გამოვიდოდნენ, ან აქამდე დაბრუნდებოდნენ, რადგან ყველამ ათასჯერ მოუწოდა. როცა ბრიუსელში ჩადიოდნენ, ეუბნებოდნენ, მიშელის დოკუმენტს დაუბრუნდითო და არ აკეთებდნენ. არაფრის დამწყებები ეგენი არ არიან, არჩევნებამდე არაფერს არ გააკეთებენ.

„რ": როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ეს აქცია ეწინააღმდეგება ევროკომისიის მოწოდებებს დეპოლარიზაციის შესახებ და რომ ოპოზიცია ამით პოლარიზაციის ხარიხს უფრო მაღლა სწევს.

პ.ზ: „ოცნებას" წარმოდგენა არ აქვს, მიტინგი რა არის, რა არის სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება და ხალხის ნების გამოხატვა. ეს არავითარი პოლარიზაცია არაა, ეს ხალხის ნების გამოხატვაა. პოლარიზაციას „ოცნება" აწარმოებს, როცა ოპოზიციას შეურაცხყოფით მოიხსენიებენ. მათი მთავარი ამოცანა „ნაცმოძრაობის" დასამარებაა, კობახიძის საქმე არაა, ენმ სად იქნება, ეს ქართველი ხალხის საქმეა, მე არ მომწონს „ნაცმოძრაობა" მე მათი ამომრჩეველი არ ვარ, ხშირად ვაკრიტიკებ, მაგრამ ეს პარტია იქნება თუ არა, ეს ამომრჩევლის საქმეა და არა ზაქარეიშვილის და კობახიძის.

მოქმედებებიდან ეტყობათ, არ აპირებენ იმ 12 პუნქტის შესრულებას. მიტინგზე ასე რომ საუბრობენ, წარმოდგენა არა ქვთ დემოკრატია რა არის. ამდენ ხანს რასაც აკეთებდნენ, იმას გააგრძელებენ. მთელი მსოფლიო სასამართლო რეფორმებს მოუწოდებდა, დეცენტრალიზაციას, სარმართლიან არჩევნებს. ქართველი ხალხი პროპორციულ სისტემაზე გადააგდეს, მერე ევროპა გადააგდეს, როცა „მიშელის შეთანხემა" წინასწარი გაფრთხილების გარეშე დატოვეს. მე მგონია, რომ ყველაფერი გააკეთეს, რათა სტატუსი არ მიგვეღო. ისინი 2024 წლის არჩევნებისთვის მიდიან, მათ ძალაუფლების შენარჩუნება სჭირდებათ და ამ ლოგიკიდან გამომდინარე, არაფერს არ გააკეთებენ 2024 წლამდე. თუ გაიმარჯვებენ, მერე შეიძლება რაღაცეები დაიწყონ.

„რ": რა გავლენა ექნება 20 ივნისის აქციას და რას დაინახავს ამით ევროპა?

პ.ზ.: ევროპა დაინახავს იმას, რაც იცის. ეს „ოცნებამ" უნდა დაინახოს, რომლის დანახვაც არ უნდა, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მათი პოლიტიკა მიუღებელია. მიტინგი რაც არუნდა ხალხმრავალი იყოს და მთელი რუსთაველის მოედანი გადაივსოს, თუ ეს 20 ივნისის დღით დამთავრდა, „ოცნება" ბედნიერი იქნება, ამას გადააგორებს. ეს მუდმივად უნდა გაგრძელდეს, როგორც შევარდნაძის დროს იყო, ყოველ დღე ქუჩაში 20 ათასი კაცი უნდა იყოს და ყოველ ღამე 5 ათასი მაინც რჩებოდეს. თუ ეს ერთი თვე მაინც გაგრძელდება, „ქართულ ოცნებას" არაფერი არ ეშველება - როგორც შევარდნაძე ჩამოიშალა, ისე ჩამოიშლებიან. მაგრამ თუ მიტინგი ერთდღიანი იქნება და დაიშლებიან, „ოცნება" ბედნიერი იქნება და არც კი შეშინდება.

„რ": ღარიბაშვილმა ისტორიულ გადაწყვეტილებად შეაფასა 17 ივნისის დასკვნა, სადაც ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს...

პ.ზ: ჩვენი მთავარი ამოცანა ევროპული პერსპექტივა არაა. ესაა ის, რომ თქვენ ოდესღაც ევროკავშირში გაწევრიანდებითო, მაგრამ ვიდრე პირობებს არ შევასრულებთ, ეს არასდროს მოხდება. ევროპული პერსექტივა ლამაზი სიტყვებია, ესაა ევროკავშირისგან „ფსიქოლოგიური ბალიში", რომ ქართული საზოგადოება არ დაცემულიყო, საკითხი დგას ევროკავშირის წევრობის კანდიდატოიბაზე და არა ევროპერსპექტივაზე, ეს არსად არ გვიწერია,რომ ევროპერსპექტივისკენ მივისწრაფით, ჩვენ ევროკავშირისკენ მივისწრაფით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×