ელზა პაპოშვილი
26.06.2022

წყნეთის გზაზე ბიზნესმენ ლევან კაჭარავას შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ნიკო კვარაცხელიას გახმაურებულ მკვლლეობასთან. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სწორედ მან დააფინანსა ძმები კაკულიების სომხეთში გადასვლა, რომლებიც, ერთი ვერსიით, კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთებად მიიჩნევიან. 

მოკლული ბიზნესმენის გარემოცვაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან. მედიაში გავრცელებული ეს ვერსია კი კვარაცხელიას ოჯახმა კატეგორიულად უარყო. ისინი კაჭარავას მკვლელობასთან რაიმე შემხებლობას გამორიცხავენ. 

ბიზნესმენის ოჯახი და დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა. თავდამსხმელს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. უცნობია გამოძიების მთავარი ვერსია. მოკლულის დედა ამტკიცებს, რომ ლევან კაჭარავას საქართველოში მტრები არ ჰყავდა. შესაბამისად, დაკვეთა არა საქართველოდან, არამედ საზღვარგარეთიდან მოხდა. თუმცა ვინ არის ეს პირი, ოჯახი ამაზე არ საუბობს. 

ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული იყო, მაგრამ ვის შეიძლება ეს გაეკეთებინა, არ იციან. ამტკიცებენ, რომ ლევან კაჭარავა არც დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა და არც რაიმე სახის დაპირისპირებაზე საუბრობდა. 

თუმცა, როგორც „რეზონანსისთვის“ ხდება ცნობილი ბიზნესმენს მუდამ თან ახლდა მძღოლი, რომელიც პირადი მცველის ფუნქციასაც ასრულებდა. იგი მკვლელობის დროს ბიზნესმენს თან არ ახლდა. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, ბიზნესმენი პარასკევს, საღამოს 6 საათამდე საქმიან შეხვედრაზე ბუღალტერთამ ერთად  იმყოფებოდა, რომლის დასრულების შედეგ თანამშრომელთან ირაკლი აბულაძესთან ერთად წყნეთის მიმართულებით დაიძრა. 

გზაზე, კაკლების დასახლებაში მათ ბუჩქებიდან ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელებმა, სავარაუდოდ, კარგად იცოდნენ სად იჯდა ბიზნესმენი და მძღოლის მიმართულებით ერთხელაც არ უსვრიათ. მძღოლმა ავტომობილის გაჩერება და გაქცევა შეძლო, თუმცა მას არავინ დასდევნებია და არც მისი მოკვლა უცდიათ.

„ლევან კაჭარავას რამდენიმე ტყვია მოხვდა. ავტომობილს 20-მდე ნატყვიარი ეტყობა, ჩამსხვრეულია მინები. თავდამსხმელებმა ბიზნესმენის გადაადგილების ტრაექტორია, სავარაუდოდ, კარგად იცოდნენ. არ გამორჩენიათ, რომ  კაჭარავა არა საკუთარი, არამედ სხვისი ავტომობილით გადაადგილდებოდა. ირგვლივ არც სათვალთვალო კამერებია. 

„ცეცხლის გახსნის შედეგ ავტომობილი მძღოლმა რამდენიმე მეტრის მოშორებით გააჩერა, ირაკლი აბულაძე ავტომობილიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიიმალა. ცნობილია, რომ მისი მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტი შემთხვევის ადგილზე უკვე ჩატარდა. 

„მკვლელობის ადგილზე პარასკევს არ გამოჩენილა კახა ცირდავა, კაჭარავას მძღოლი, რომელიც წლებია მოკლულ ბიზნესმენთან მუშაობს და ასევე მის უსაფრთხოებაზეც ზრუნავს. როგორც ცნობილია, ის და მისი ძმა, ოთო ცირდავა, კაჭარავასთან მრავალი წელია მუშაობენ და რამდენიმე კომპანიაში წილებიც აქვთ. ოთო ცირდავა პარასკევს საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდა, მაგრამ უცნობია მან გამოძიებას რა ინფორმაცია მიაწოდა.

„მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, ლევან კაჭარავა, იგივე „ტილიკა“ ნიკო კვარაცხელიას საქმეში ფიგურირებდა. ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, რადგან ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა ფაქტია, მკვლელობა კარგად გაწვრთვნილი ქილერების ჩადენილია. მათ ზუსტად ჰქონდათ შესწავლილი მისი გადაადგილების მარშუტი და ვისთან ერთად იქნებოდა. 

„მძღოლს ერთი ნაკაწრიც არ აქვს, მისთვის არავის უსვრია. ავტომობილიდან გადმოვიდა და თავს გაქცევით უშველა. ფაქტია, რომ მკვლელობა ვიღაცამ დაუკვეთა“, - უყვება „რეზონანსს“ ბიზნესმენის ახლობელი. 

ბიზნესმენი ლევან კაჭარავა 53 წლის იყო. მან წლების წინ გიორგი რამიშვილთან ერთად კომპანია „სილქ როუდ გრუპი“ დაარსა. კაჭარავა საქართველოში თანამედროვე ტიპის ფიტნეს ქსელს ფლობს. ის საქართველოში არ ცხოვრობს და სამშობლოში მამის ორმოცზე სულ რამდენიმე დღის ჩამოსული იყო. 

მისი სახელი ასევე დაკავშირებულია თბილისში გახმაურებელ მკვლელობასთან - თორაძეების ოჯახის ამოხოცვასთან. მის გარდაცვალებას ძმებ თორაძეების და სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ სამართალი აღსრულდა.

პოლიციამ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-მოხმარების საქმეზე დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×