რეზონანსი
08.07.2022

სანამ საქართველოში მონიტორინგის კომისია არ ჩამოვა და სიტუაციას არ შეაფასებს, იქამდე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხზე საუბარი სერიოზული არ იქნება, აცხადებს პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი.

„თუ ჩვენ გამოვალთ იმ წანასწარი თეზისიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსეთის კაცი და მუშაობს და მიჰყავს ეს მთელი პროცესი იმისთვის, რომ შეგვიყვანოს რუსეთის გავლენის სფეროში, მაშინ ეს ულოგიკო და სიგიჟეა, რაც კეთდება. ჩვენ თუ ბიძინა ივანიშვილს ვუყურებთ პიროვნებას, რომელიც გაიჭედა ცუდად და აღარ იცის რა ქნას, ვეღარ აბალანსებს რუსეთსა და დასავლეთს, არის გაჭედილი და აქვს სერიოზული შიშები და არის პანიკაში, იმიტომ რომ ვერ გაიგო, სანქციებს ადებენ თუ არ ადებენ (ვაითუ დაადონ, მერე რაქნას, მთლად ბოლომდე რუსეთშიც რომ იყოს, ისიც არ უნდა, თან რუსეთის ეშინია და რომ გაანაწყენოს ისიც არ უნდა), თუ ასეთი კუთხით შევხედავთ, მაშინ ეს ძალიან ლოგიკურია.

„ეს არის ელემენტალური დაბნეულობის და აჭრილობის გამოხატულება, რადგან პირდაპირ უკავშირებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ შედეგებს იმას, რომ შვეიცარიის ბანკი მას არ ურიცხავს ფულს," - აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის" გადაცემაში „ბარიერი".

მისი თქმით, სანამ ევროკომისიის მიერ დაწესებული ვადა არ გავა და საქართველოში მონიტორინგის კომისია არ ჩამოვა და შეამოწმებს თუ როგორ მიდის პროცესი, იქამდე სერიოზულად დასაფიქრებლად არ ღირს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხი.

„თქვენ თუ სერიოზულად გგონიათ, რომ მას თუ სანქციებს დაადებენ და ის ადგება და ბოდიშს მოიხდის, ხოლო თვითონ ჭორვილაში ან საზღვარგარეთ წავა, ძალიან შემცდარხართ. ადგება და ჩაეხუტება რუსეთს, როგორ შეიძლება ეს სხვანაირად მოხდეს? დასავლეთი სწორედ ამიტომ იკავებს თავს. არახამიასა და სხვა პოლიტიკოსებისგან შემდგარი ჯგუფი ამ საკითხს არ წყვეტს. ისინი რეკომენდაციას შეიმუშავებენ. გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები იღებენ, ჯერ უნდა დაამტკიცონ მართლა უწყობს თუ არა ხელს ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სამხედრო მანქანას იმაში, რომ გვერდი აუაროს სანქციებს. ეს უნდა დაამტკიცონ, ასე მუშაობს დასავლეთის დემოკრატია.

„თქვენ ხომ ხედავთ, როგორც კი ბიძინა ივანიშვილს ეხება საქმე, მთელი მთავრობა რა დღეშია, ისტერიკები ეწყებათ, გამოდიან, წივიან და კივიან, საოცრებებს აკეთებენ. ახლა, რომ ბიძინას სერიოზულად სანქცია დაედოს, აქ დიდი ამბავი და პანიკა ატყდება. ამიტომ, ასე ვთქვათ, დასავლეთმა თუ გაგვიმეტა, გადაგვაგდო და მოგვანიჭა სანქცია და გვითხრა, რომ თქვენთან არის დიქტატორული რეჟიმი - ეს კარგი არ არის ჩვენთვის. ეს შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ წლის ბოლომდე კომისია ჩამოვა, ხოლო იქამდე არ შესრულდება არაფერი და საქართველოს პოზიცია უკრაინასა და რუსეთის ომის საკითხში არ იქნება გამოკვეთილი. ასევე, თუ ხელისუფლება არანაირ ნაბიჯებს არ გადადგავს ამ რეკომენდაციების შესასრულებლად. ეს იქნება უმძიმესი ქვეყნისთვისაც და ამ ხელისუფელბისთვისაც," - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

და ბოლოს, დავით ზურაბიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს, საქართველო უკიდურესად მძიმესი სიტუაციაში არ ჩავარდება, მაგრამ ქვეყანაზე რაღაც მხრივ ეს მაინც იმოქმედებს. მისი აზრით, რისკები, რომლებიც რუსეთის სამხედრო პოლიტიკას უკავშირდება, გაიზრდება, რაც უკვე აღელვებულ სახელისუფლო წევრებს კიდევ უფრო შეაშინებს.

ავტორი ნინო შატბერაშვილი

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×