ელზა პაპოშვილი
12.07.2022

პოლონეთის პოლიცია ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს ეძებს. ძებნილთა შორის არის კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი“. ქართველი ქურდის დასაკავებლად სპეცოპერაცია პოლონეთის  სხვადასხვა ქალაქში მიდის. მას პოლიცია, ვარშავის გარდა, სხვა ქალაქებშიც ეძებს. ე.წ. ქურდული „სხოდკა“ ჩაშლილია. 

პოლონეთის დედაქალაქში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქურდული გარჩევა რამდენიმე დღე იგეგმებოდა  და მასში მრავალი ქართველი „კანონიერი ქურდი“ მონაწილეობდა. ჩაშლილი გარჩევის შემდეგ პოლიციამ 4 ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავა, აქედან ორზე ქართულ მხარეს საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული. შეკრების მიზეზი წლობით არსებული კონფლიქტია, რომელმაც ქურდული სამყარო ორად გაყო.  

35 ქართველი „კანონიერი ქურდი“ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან საქმის გასარჩევად ვარშავაში ჩაფრინდა, თუმცა შეკრება ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტების, მინდია გორაძის, იმავე „ლავასოღლისა“ და ავთანდილ ტუღუშის, იმავე „ავთო სამტრედსკის“ სისხლიანი გარჩევისა და პოლიციის მობილიზაციის გამო ჩაიშალა. 

როგორც პოლონური მედია  წერს, 35 ქართველი, რომლებიც კრიმინალურ წრეებში გავლენიან ფიგურებს წარმოადგენენ, მინდია გორაძის (ლავასოღლის)  მიერ პოლონეთში იქნენ დაბარებული, თუმცა მათ შეხვედრაზე ისევ დაპირიპირება მოხდა, რის გამოც პოლიციამ მათი აყვანის სპეცოპერაცია დაიწყო. „ლავასოღლიმ“ თავს გაქცევით უშველა და მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს. არ არის გამორიცხული, დაკავებულების ექსტარდირება საქართველოში მოხდეს.   

„მეორე დღეა, მთლი პოლონეთის მასშტაბით პოლიცია ე.წ. კანონიერ ქურდ „ლავასოღლის“ ეძებს. როგორც პოლონური მედია იტყობინება, „ლავასოღლიმ“ გარკვეული დაპირისპირების გამო ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის შეხვედრა დანიშნა. შეხვედრის მიზანი დავით ტუღუშს, იმავე „სამტრედსკისა“ და გორაძეს შორის არსებული დაპირიპირება იყო. „ლავასოღლიმ“ საქმის დასალაგებლად 35 ქართველი „კანონიერი ქურდი“ პოლონეთში დაიბარა.  ეს დავა, სავარაუდოდ, „ლავასოღლის“ მიერ ტუღუშის ცემას უნდა უკავშირდებოდეს, რის გამოც მას პრობლემები ტარიელ ონიანთანაც კი შეექმნა. ონაინი და მისი გარემოცვა გორაძისთვის სტატუსის ჩამორთმევას ითხოვდა. 

„სპეცოპერაციის დროს 4 ქართველი დააკავეს. „ლავასოღლი“ იძებნება. დაკავებულებს შორის არიან ე.წ. კანონიერი ქურდები: სულხან თვალჭრელიძე, მამუკა კვიჟინაძე, ალექსანდრე პავლიაშვილი და რამაზ ჯინჭარაძე“, - უყვება წყარო „რეზონანსს“ პოლონეთიდან.  

ამ შეხვედრის მიზეზი ერთი თვის წინ დაწყებული დაპირისპირება გახდა, სადაც ე.წ. კანონიერ ქურდებს, ტარიელ ონიანს, იმავე, „ტაროსა“ და ვარლამ კუხიანიძეს, იმავე „ვატიას“ შორის კონფლიქტი კრიმინალურ ომში გადაიზარდა.

მონტენეგროში ქურდების ჩხუბის შემდეგ, ტარიელ ონიანმა ონლაინ შეხვედრა გამართა, სადაც ვარლამ კუხიანიძესა და მის მეგობარს, მინდია გორაძეს (ლავასოღლი) კანონიერი ქურდის ტიტული ჩამოართვეს. 

გადაწყვეტილების მოტივი „კრიმინალური გენერლის“, ავთანდილ ტუღუშის, იმავე „ავთო სამტრედსკის“ ცემა გახდა. ვარლამ კუხიანიძემ და „ლავასოღლიმ“ გადაწყვეტილება არ აღიარეს.

მედიის ცნობით, „კანონიერი ქურდები“ ონლაინ შეხვედრაში რამდენიმე ქალაქიდან ერთვებოდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამ დაპირიპირების გამო ხდება პოლონეთში ისევ ე.წ. ქართველი კანონიერი ქურდების შეხვედრა, რათა საქმის გარჩევა მომხდარიყო.  

კრიმინალურ სამყაროში „ლავასოღლის“ სახელით ცნობილი პირის ნამდვილი სახელი და გვარი მინდია გორაძეა. იგი ბათუმშია დაბადებული, 37 წლისაა და, არაოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში ცხოვრობს.

გორაძე, სანამ კრიმინალურ სამყაროს დაუკავშირდებოდა, ჭიდაობით იყო დაკავებული. იგი პირველად 2006 წელს დააკავეს და სასჯელს ბათუმის ციხეში იხდიდა. ე. წ. „კანონიერ ქურდად“ მას 2013 წლიდან მიიჩნევენ.

2013 წლიდან მინდია გორაძე უკრაინაში ცხოვრობდა, სადაც მას „ლავასოღლი ბატუმსკის“ ეძახდნენ. ამ სახელით მას ხშირად მოიხსენიებს რუსული და უკრაინული პრესა. 2014 წელს მინდია გორაძე უკრაინაში, ოდესაში დააკავეს და სამი წლით აეკრძალა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გორაძე ოდესაში მართავდა დაჯგუფებას, რომელიც ბინების ძარცვით იყო დაკავებული. 

2016 წელს მინდია გორაძეს საქართველოს პროკურატურამ „კანონიერ ქურდობაში“ დასდო ბრალი და დააკავა, თუმცა 9 თვის შემდეგ ის მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა, რადგან ბრალი პროკურატურამ ვერ დაუმტკიცა. მას საქართველო უკვე წლებია, დატოვებული აქვს და, სავარაუდოდ, თურქეთში ცხოვრობს.         

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×