ამბავი საქართველოში ალექსანდრე პირველის მანიფესტის გამოცხადებისა
მამუკა ნაცვალაძე
15.07.2022

1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მანიფესტს მოაწერა ხელი, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში ქართლ-კახეთის სამეფოს შესვლას ითვალისწინებდა. ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს ანექსია, რაც არ გახლდათ თავსებადი ერთმორწმუნეობის იმ იდეოლოგიურ პოსტულატთან, რუსეთის საიმპერატორო კარი რომ ერთგულებდა თითქოს.

ერთია მანიფესტის შედგენა და მეორე მისი გაცნობა ხალხისთვის, რომელსაც იმ ხანად ორიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიცია გააჩნდა. აშკარა იყო - სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარი ხვდებოდა მანიფესტზე მარტო იმპერატორის ხელის მოწერა რომ არ კმაროდა. ალექსანდრე დიდხანს ფიქრობდა, სად და რა ფორმით უნდა გამოეცხადებინა ქართველებისთვის ის, რომ მათ სახელწიფოს აღარ უნდა ეარსება.

რუსეთის საიმპერატორო კარის იდეოლოგებმა მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ მიაგნეს გამოსავალს. საცნაური კი ის გახლდათ, რომ რუსეთმა თავისი მზაკვრული იმპერიული მიზნების შესაფუთად ქართველთა უდიდესი სიწმინდე, წმინდა ნინოს ჯვარი გამოიყენა. სწორედ წმინდა ნინოს ჯვარი მოუძღოდა 1802 წლის აპრილში საქართველოში შემოსულ რუსთა არმიას. 

რა დატვირთვა გააჩნია ქართული სულიერებისათვის წმინდა ნინოს ჯვარს

წმინდა ნინოს ჯვარი ოდითგანვე იქცა ქართული ქრისტიანობის სიმბოლოდ. ამ ჯვარს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. წმინდა ნინოს სარა ბეთლემელისგან შეუტყვია, რომ უფლის კვართი ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ინახებოდა. სწორედ უფლის წმიდა სამოსის გამოჩენას ევედრებოდა თურმე ნინო ღვთისმშობელს. 

წმინდა მარიამს შეუსმენია ვედრება, ნინოს ღვთისმშობელი სიზმარში გამოცხადებია, აქ გადაუცია მისთვის ვაზის ტოტების ჯვარი და უთქვამს, რომ ეს სიწმინდე დაიცავდა მას გაჭირვებისა და უხილავ მტერთაგან. 

გამოღვიძებია ნინოს, ხელში სწორედ ის ჯვარი უნახავს, სიზმარში რომ ღვთისმშობელმა გადასცა. მორჩილების ნიშნად, თმა მოუკეცია, შემოუხვევია ვაზის რტოებისთვის და ასე რწმენით სავსე, საქართველოსკენ წამოსულა.

წმინდა ნინოს ქადაგებას ქართლის სამეფოში 326 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიადD გამოცხადება მოჰყვა, რის გამოც კიდევ უფრო დაფასდა მისი ღვაწლიცა და ჯვარიც. ნინოს გარდაცვალების შემდგომ ეს ჯვარი მემკვიდრეობით მეფე მირიანს ერგო. სწორედ ამ ჯვარის  მეშვეობით უკურთხებია მას საკუთარი შვილი ბაქარი მეფედ. 

ამბავი წმინდა ნინოს ჯვრის ოდისეისა

ჯვარი ვაზისა XVII ს-ში ურთულესი პოლიტიკური ვითარებისას მაჰმადიანებს გაარიდეს და მთებში გადამალეს, ჯერ ყაზბეგის წმიდა სამების ეკლესიაში დააბრძანეს, მერე კი ანანურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში. 

ამის შემდეგ სიწმინდე რუსეთში აღმოჩნდა – ერთი ვერსიით, 1749 წელს ჯვარი გორისა და სამთავროს მიტროპოლიტ რომანოზ ერისთავს წაუღია და მიურთმევია თავისი დისათვის, სეფე-წულ ბაქარ ვახტანგის ძის მეუღლისათვის, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა, მეორე ვერსიით კი, წმიდა ჯვარი ქართველთა მეფე არჩილს წაუღია რუსეთში 1688 წელს. 

დიდი ხნის მანძილზე ჯვარი მოსკოვის მახლობლად, ვსესვიატსკოეში ქართველ მეფეთა სასახლეში იყო დაბრძანებული, შემდეგ ლისკოვოში, ნიჟეგოროდის გუბერნიაში გადაუბრძანებია იქ მცხოვრებ გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონს, რომელიც ვახტანგ VI-ის შთამომავალი გახლდათ.

როგორ ვერ მოინელეს ვახტანგის შთამომავლებმა ერეკლეს მეფობა 

სწორედ გიორგი ბაგრატიონი იყო ის პიროვნება, რომელსაც 1801 წელს წმინდა ნინოს ჯვარი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრესთვის უფეშქაშია, ამ საჩუქრის მიზეზი კი არც მეტი, არც ნაკლები 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტი ყოფილა. 

როგორც ჩანს, ვერ გადახარშა ვახტანგ VI-ის შთამომავლობამ ის ფაქტი, რომ ჯერ ჯერ კიდევ 80 წლის წინ, XVIII ს-ის 20-იან წლებში მათ დაკარგეს ქართლის სამეფო ტახტი, სწორედ ეს ფაქტორი გახლდათ იმ დაპირისპირების მიზეზი ქართლ-კახეთის მეფეების თეიმურაზ II_ისა და ერეკლე II-ის წინააღმდეგ რომ კვებავდა ხვავრიელად როგორც ფეოდალებს, ასევე რუსეთის საიმპერატორო კარს. 

და ამ პოლიტიკური ინტრიგების ერთ-ერთი მთავარი ღერძი, სამწუხაროდ, ვახტანგის შთამომავლობა იყო. საქართველოზე თითქოსდა დამაშვრალი რუსული იმპერიული იდეოლოგიის შემოქმედნი ამ ფაქტორს იყენებდნენ წარმატებით, ეს იყო რუსული პოლიტიკის ფარსი.

რა გათვლები ჰქონდათ რუსული საიმპერატორო კარის იდეოლოგებს

ახლა კიდევ ერთი ფარსი უნდა გათამაშდეს, ფარსი, რომელიც ქართულ სიწმინდეს აიფარებს ნიღბად და ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების მიზნით გენერალ კარლ კნორინგის მეთაურობით საქართველოში შესულ რუს ჯარს სრულიად ქართველობას აღტკინებულსა და გახარებულს დაახვედრებს. 

ქართველობას წმინდა ნინოს ხატის შემობრძანება უხარია, ამიტომაც ვერ მალავს თავის მადლიერებას რუსთა მიმართ, სიწმინდის დაბრუნება ხომ უკეთესი მომავლის ნიშანია – სწორედ აქაა ჩაფიქრებული ის მზაკვრობა, სამიოდ დღეში რომ ხახამშრალს დატოვებს მოზეიმეთ.

ეს წინასწარ კარგად გათვლილი დეტალებია, მთავარი დატვირთვა კი ამ სცენარში სწორედ წმინდა ნინოს ჯვარს ეკისრება. ამიტომაც გადაწყვიტა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ამ რელიგიური სიწმინდის საქართველოსთვის დაბრუნება. 

ჯვარი ქართულ მხარეს დარიალის ხეობის გადაკვეთისთანავე, სტეფანწმინდაში გადასცეს, სანუკვარი რელიქვია ანანურის გავლით სვეტიცხოველში ჩამოუბრძანებიათ, გადაუხდიათ სამადლობელი პარაკლისი, 1802 წლის 9 აპრილს კი დიდებით შეუბრძანებიათ თბილისში. 

მოულოდნელობის ეფექტზე გათვლილი რუსთა მზაკვრობა

სამი დღე აცალეს რუსებმა ქართველებს ზეიმი, სამი დღე იყო სიხარულისა და აღმაფრენისა. მიიწურა მესამე დღე და ამუშავდა რუსთა მზაკვრული სცენარი, სცენარი, რომელმაც საქართველო მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან უნდა გააქროს.

12 აპრილს ქართლ-კახეთის წარჩინებულ ფეოდალები და დიდგვაროვნები სიონის ტაძარში შეკრიბეს, ყველამ იცოდა - ეს თავყრილობა იმასთან დაკავშირებით ხდებოდა, რომ რუსეთი საზეიმოდ გადასცემდა საქართველოს ერთ-ერთ ყევლაზე დიდ სიწმინდეს, წმინდა ნინოს ჯვარს. 

ბუნებრივია, მიიწვიეს სამეფო სახლის წევრები, ქართლ-კახეთის თავადები და მღვდელმთავრები. ამაღლებული განწყობით გაეშურა ქართული საზოგადოების ნაღები სიონისაკენ.

ტაძარში თოფებით, მითუმეტეს ასეთი საზეიმო განწყობით, აბა ვინ უნდა შესულიყო, არადა, პირველივე ჯერზე აშკარა გახლდათ, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა - სიონი რუსის ჯარით იყო გარშემორტყმული, უფრო უცნაური კი ის იყო, რომ ერთმორწმუნე რუსეთის ჯარს, მაჰმადიანთაგან საქართველოს დასაცავად რომ შემოსულიყო, თოფები საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანათ. 

ყველაფერი ცხადი გახდა სულ რამდენიმე წუთში - საზეიმო პარაკლისის ნაცვლად წაიკითხეს გენერალ კარლ კნორინგის სანქტ-პეტერბურტგიდან ჩამოტანილი ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას რომ ითვალისწინებდა. 

თავდაპირველად ტექსტი წაიკითხეს რუსულად, ბუნებრივია ქართველთაგან ცოტამ თუ გაიგო რა ხდებოდა მათ თავს, შემდეგ იგივე ტექსტი ქართულად გააცნეს შეკრებილებს. 

გაოგნებულები იყვნენ იქ მყოფნი, მიხვდნენ რომ რუსთა მზაკვრობას საზღვარი არ ჰქონდა. მოულოდნელობის ეფექტი საკმაოდ დამთრგუნველი იყო. რუსთა 12 აპრილის გეგმებიც ხომ სწორედ ამ მოულოდნელობის ფაქტორზე იყო გათვლილი.

როგორ ვერ დააჩოქეს რუსებმა კახელი თავადები

მანიფესტის წაკითხვის შემდეგ, რუსებმა დაიწყეს ქართველთა დაფიცება, ამ მხრივ კი მათი გათვლებით მოსახლეობისათვის მაგალითი სამეფო კარის წარმომადგენელთ უნდა მიეცათ. ფიცის მიღება ფაქტობრივად რუსეთის იმპერატორის ქვეშევრდომობის მიღებას ნიშნავდა. 

მეტად დამთრგუნველი გახლდათ კნორინგის ის ბრძანება, რომლითაც ქართველებს უნდა დაეჩოქათ და ასე უნდა მიეღოთ რუსთ ხელმწიფის ფიცი. იქ მყოფთაგან ნაწილი რუსებს დაემორჩილა, ეს ინსტიქტურად გააკეთა -  მეფისადმი მორჩილება ხომ ქართველთა წესი და ადათი იყო. 

ყველაზე ადრე გონს კახელი თავადები და მათი თანმხლები პირები მოეგნენ და სასწრაფოდ ტაძრის გასასვლელისკენ გაემართნენ. ისინი მხოლოდ ხანჯლებისა და ხმლების ამარა იყვნენ, რუსმა სამხედროებმა ურჩნი მიზანში ამოიღეს და თოფები მიუშვირეს. კახელები არ შედრკენ და ხმლები იშიშვლეს.

აშკარა იყო – სისხლისღვრა გარდაუვალი იქნებოდა, ეს გენერალ კნორინგის გეგმებში არ შედიოდა, ამიტომაც მან სროლის ბრძანება არ გასცა. მხოლოდ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ქართველებმა გაარღვიეს რუსთა ჯარის ნაწილების ზღუდენი და ტაძრის ეზოდან გავიდნენ.

ასე დაიწყო საქართველოში ანტირუსული მოძრაობა ქართული სამეფოს გაუქმების გამოცხადებისთანავე.

რა ბედი ეწია კახელების წერილს რუსთა იმპერატორისადმი

კახეთში დაბრუნებულმა თავადებმა გამოსავალის ძებნა დაიწყეს. მათ გაითვალისწინეს რუსთა სამხედრო ძალების სიმრავლე და ერთხმად გადაწყვიტეს, რომ სამართლებრივი გზა აერჩიათ და იმპერატორ ალექსანდრესთვის ეცნობებინათ თავიანთი პროტესტი. აშკარა გახლდათ - უხეშად დაირღვა 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელშიც მეფობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შესახებ არაფერი იყო ნათქვამი.

აი, რას სწერდნენ კახელი თავადები იმპერატორ ალექსანდრეს: “როდესაც თქვენს ერთგულებაზე დაგვაფიცეს, მაშინვე გამოგვიცხადეს მანიფესტით, რომ ვითომ ჩვენ გვეთხოვოს თქვენთვის, რომ ჩვენი ხელმწიფე აღარ გვსურს და გვინდა უმეფოდ შემოსვლა თქვენი მფარველობის ქვეშ. ეს ფრანციულთ მსგავსი რესპუბლიკაობა იქნებოდა ჩვენგან. ჩვენ ბატონებსა და მეფეს არაფერი დაუშავებიათ ჩვენთვის, ათას წელზე მეტია  რაც ბაგრატოვანნი მემკვიდრეობენ და მრავალი მათგანი ჩვენი გულისათვის წამებულან ქრისტესათვის და ჩვენთვის სისხლი დაუთხევიათ. ის რომ ჩვენ ჩვენი მეფე არ გვინდა, ჩვენი აზრი არ არის. ჩვენი ვედრება ეს არის, რომ მეფის ირაკლის ანდერძი დაგვიმტკიცოთ და იმ ანდერძის წესით მეფე დაგვისვათ და ჩვენის მეფით თქვენს მფარველობის ქვეშ გვამყოფოთ. ამას ვითხოვთ თქვენის დიდებულებისაგან მუხლ-დადგმით და სულთქმით.”

როგორ გამოაჩინა ბრჭყალები ულმობელმა რუსმა ერთმორწმუნემ

კახელი თავადების წერილი თბილისში მიიღეს, ბუნებრივია, ამ წერილის გაგზავნას იმპერატორისთვის არავინ აპირებდა, საპასუხოდ კი გადაწყვიტეს ურჩი თავადების დასჯა. 

მდინარე ქელმენჩურის ნაპირას შეკრებილი კახელები რუსთ ხელმწიფისგან პასუხს ელიან. ამ დროს მათთან დასასჯელად რუსთა რაზმი ჩნდება, პირველი შეტევა კახელებმა მოიგერიეს, ამის მერე მათ მოსარჯულებლად კნორინგმა უფრო დიდი სამხედრო ძალა გაგზავნა. 

აშკარა იყო, რუსეთი დათმობას არ აპირებდა, ამიტომაც შეკრებილებმა დაშლა გადაწყვიტეს და მსხვერპლი აიცილეს თავიდან.

ეს ბატალიები კი დასრულდა იმით, რომ კახელი თავადების ნაწილი რუსებმა შეიპყრეს, ძალით დააფიცეს რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. ნაწილი კი საინგილოში მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილთან გაიქცა, რომელიც რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდა. 

რუსს არ სურს პრეცედენტის დაშვება, კარგად იცის, ურჩთა შემწყნარებლობა სხვათათვის გადამდები იქნება. 

ეს უსასტიკესი, ულმობელი დამოკიდებულება ერთმორწმუნე რუსეთის მხრიდან წითელ ზოლად გაჰყვება საქართველოს შემდეგი პერიოდის მთელ ისტორიას...

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×