თამთა ჩაჩანიძე
21.07.2022

იწყება თუ არა კორონავირუსის მეშვიდე ტალღა - საქართველოში კორონავირუსული შემთხვევების რიცხვი ყოველკვირეულად იზრდება, გაზრდილია ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი, თუმცა სიკვდილიანობა საგანგაშო არაა და დღეში მაქსიმუმ ერთი ადამიანია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ომიკრონის ქვეშტამები ცირკულირებს, რომლიც ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს.

ომიკრონის ახალ ქვეშტამებს ებრძვიან ევროპის ქვეყნებშიც. ვირუსი ისევ სწრაფად ვრცელდება, რის გამოც ჯანმო ისევ პირბადეების ტარების და აცრის დამატებითი დოზების აუცილებლობაზე საუბრობს.

საქართველოში კი მონაცემები კორონავირუსის შესახებ ყოველკვირეულად ქვეყნება. სამშაბათს ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში კოვიდინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი. დღეში ინფიცირების საშუალოდ 1100-ზე მეტი შემთხვევა გამოდის. 12 ივლისის ერთკვირიანი მონაცემებით საქართველოში კოვიდინფიცირების 5 154 ახალი შემთხვევა იყო, გარდაიცვალა 3 პაციენტი. ამ კვირის მონაცემების დღიური საშუალო ინფიცირება კი 730-ზე მეტია. რაც შეეხება 5 ივლისის ერთკვირიან მონაცემებს, კოვიდინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი, ამ დროის მონაკვეთში დღეში საშუალოდ 370-მდე ადამიანი დაინფიცირდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ყველა ინდიკატორი გაზრდილია, ისეთი ტალღა არ უნდა იყოს, როგორიც გასულ ზაფხულს იყო.

„მოგეხსენებათ, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები მზარდია. ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი გაზრდილია, მაგრამ ოდნავ დამამშვიდებელია ის, რომ შემცირდა რეპროდუქციის ინდექსი ანუ გავრცელების ინტენსივობა, გავრცელების ტემპი, ბოლო კვირის განმავლობაში შემცირებულია. თუ ჩვენ ყოველ კვირა გვქონდა შემთხვევების გაორმაგება, ახლა ბოლო კვირას მომატებულია რაოდენობა, თუმცა ეს არ არის 2-ჯერ მეტი, როგორც წინა კვირაში. ვირუსის გავრცელების ტემპი შემცირებულია.

„რაც მთავარია, ყველაზე მძიმე ინდიკატორი სიკვდილიანობა არ იმატებს, დღეში გვაქვს 1 ან არცერთი გარდაცვალება. არც კლინიკებია გადატვირთული. ავადობა ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს. შემთხვევების ზრდა არის, მაგრამ არ არის საზოგადოებაში პანიკა, პროგნოზულად არ არის ისეთი ვითარება, რომ გვქონდეს ისეთი ტალღა, როგორც გასულ აგვისტოს. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია.

„მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში გვაქვს ანტივირუსული მედიკამენტი „პაქსლოვიდი", რომელიც ამბულატორიულ პირობებში ენიშნებათ პაციენტებს, მას საკმაოდ კარგი ეფექტი აქვს. 5-დღიან კურსს ვინც იტარებს, მათი ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაციული საჭიროება მცირდება. მოგეხსენებათ, ბევრი ტრენინგი ჩავატარეთ ექიმებში, როგორც ონლაინ, ისე კლინიკის ექიმების. იზრდება "პაქსლოვიდის" მოხმარება, უფრო მეტი ინიშნება. სადაც ჩვენებაა, ექიმი განსაზღვრავს მედიკამენტის საჭიროებას.

„აცრის რაოდენობის ოდნავი მატება გვქონდა, თუ დღეში საშუალოდ 300-400 აცრა იყო, ახლა 600-მდე გვქონდა. განსაკუთრებით მესამე დოზასა და მეორე „ბუსტერზე" იმატებს რეგისტრაცია, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ მოსახლეობა აქტიურობს, უფრო მიდიან. დღეში 600 აცრა ზღვაში წვეთია, ჩვენ გაცილებით მეტი გვჭირდება. მოზრდილი მოსახლეობის „ბუსტერით" მოცვის მაჩვენებელი 10%-მდე გვაქვს, ჩვენ გვინდა რომ 30-40% და მეტი იყოს, რათა მშვიდად შევხვდეთ შემოდგომას. საჭიროა მოწოდება იმუნიზაციაზე. ვინც არ არის აცრილი, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ მოსახლეობამ გაიკეთოს პირველი და მეორე დოზა, შემდეგ "ბუსტერი". კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ „ბუსტერიზაცია" სერიოზულად იცავს", - აღნიშნავს გამყრელიძე „ინტერპრესნიუსთან".

მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც „ომიკრონის" ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, მსუბუქია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. მისივე განმარტებით, სიმპტომები, რომელიც „ომიკრონის" მიმდინარეობას ახასიათებს, არის სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, დიარეა.

მანვე განაცხადა, რომ ოჯახის ექიმის მითითებების გათვალისწინებით, ვირუსის მკურნალობა სახლის პირობებში, დამატებითი გამოკვლევებისა და ჰოსპიტალიზაციის გარეშე უნდა გაგრძელდეს.

„ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ადამიანს შესაძლოა გაციების და გრიპის შემთხვევაში ჰქონდეს. ასეთ დროს საჭირო არ არის დამატებითი გამოკვლევები და ჰოსპიტალიზაცია," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×