ელზა პაპოშვილი
08.08.2022

81 წლის ექიმი, რომელმაც კლინიკა "კანვენის" დირექტორს სამუშაო კაბინეტში ესროლა, მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. იმის მიუხედავად, რომ ადვოკატს მუხლის შემსუბუქების მოლოდინი ჰქონდა, პირიქით, თეიმურაზ ბეჟანიძისთვის ბრალდება უფრო მკაცრი აღმოჩნდა. მას იარაღის ნაწილში კიდევ ერთი მუხლი დაუმატეს. 

დაკავებულ 81 წლის მედიკოსს ბრალი ოფიციალურად 2 მუხლით გააცნეს. მას ედავებიან საკუთარი კოლეგის კლინიკა "კანვენის" გიორგი გალდავას განზრახ მკვლელობის მცდელობასთან ერთად, ასევე იარაღის უკანონო ტარებას. კერძოდ, საუბარია იარაღზე, რომელსაც გამოძიების ინფორმაციით, თეიმურაზ ბეჟანიძე საკუთარ კაბინეტში ინახავდა და სწორედ ამ იარაღით შევიდა მისი ხელმძღვანელის გალდავას სამუშაო ოთახში და მოახდინა გამიზნებით გასროლა.

უფრო მეტი, კლინიკის დირექტორი ჩვენაბაში ამტკიცებს, რომ 81 წლის ექიმს მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული. მან უბრალოდ სროლის დროს გვერდით გაწევა მოასწრო და ტყვია გულს ასცდა. მედიკოსი ამბობს, რომ ის სიკვდილს საწაულებრივად გადაურჩა. რა მოხდა და რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ბრალდებული და დაზარალებული სხვადასხვა ვერსიებს ყვებიან. 

დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის საქმეზე დაკავებული ექიმის, თეიმურაზ ბეჟანიძის განცხადებით, მას გალდავას შეშინების მიზნით ესროლა და მისი მკვლელობის მიზანი არ ჰქონია.

ბეჟანიძემ პროცესზე მომხდარის დეტალების შესახებ ისაუბრა. 

„შემთხვევა სწორია, მაგრამ ასეთი მცდელობა არ მქონია, ეს გამორიცხულია, მინდოდა შეშინება და კუთხეში გავისროლე, ამ დროს ადგა და მხარში მოხვდა, მისი მკვლელობა რომ მდომოდა, ექიმმა კაცმა გული სად არის და თავი სად არის, ვიცი. სამსახურიდან უმიზეზოდ გამათავისუფლა, კონდიციონერის პულტი არ მივეცი, რადგან ჩემი იყო, ამაზე განაწყენებულმა გამათავისუფლა, როგორც შვილი, ისეა ჩემს ხელში გაზრდილი. 

„კონდიციონერი იყო ჩემი ნაყიდი, სხვაგან გადამიყვანა, 4 კაბინეტი შემაცვლევინა, მითხრა, ერთ კვირაში ახალ კონდიციონერს დაგიდგამო და ამაზე დაიწყო უშვერი სიტყვები. ამ ასაკის კაცს, რა უნდა გამეკეთებინა, არ ვიცოდი, იარაღს სახლში არ ვტოვებდი, მეშინოდა შვილიშვილების, სამსახურში ვინახავდი, ვიფიქრე, შევაშინებ-მეთქი, იქნებ ბრძანება შეცვალოს-მეთქი. ძალიან ცუდად მოიქცა, გაფრთხილების მიზნით, კუთხეში გავისროლე, ადგა და მარჯვენა მხარეში გაკრა ტყვიამ, განზრახ მკვლელობის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. არც დამალვა მიცდია, იარაღი ბუჩქებში ჩავაგდე და ვუჩვენე. 

„დამნაშავედ ვცნობ თავს, მან მიბიძგა დანაშაულისკენ. პოლიციაშიც ნამყოფი არ ვარ, სპორტსმენი ვარ ძველი, ცხოვრებაში ცუდი არაფერი გამიკეთებია“, - განაცხადა ბეჟანიძემ და აღნიშნა: „რომ გავისროლე და სისხლი დავინახე, იარაღი გავჭედე, ხელები მიკანკალებდა და კიდევ გასროლა რომ არ მომხდარიყო“,-აცხადებს ბრალდებული. 

რაც შეეხება დაჭრილ კლინიკის დირექტორს ის რულიად სხვა ვერსია ჰყვება. ის ამტკიცებს, რომ კოლეგა სასიკვდილოდ იმის გამო იმეტებდა, რომ მისი სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. მისი ჩვენებას გამოცემა „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს. 

„როცა მუქარის ფრაზა წარმოთქვა მან, რაზეც მე ვუთხარი, რატომ მემუქრები თემური-თქო, ამ მომენტში უკვე დავინახე, რომ მარჯვენა ხელში ეკავა პისტოლეტური ტიპის იარაღი. ამ დროს დაიწყო ჩემი მიმართულებით დამიზნება და მე ძალიან შემეშინდა და შესაბამისად, გადავიხარე გვერდზე, ამ მომენტში, მე ვიჯექი სკამზე... ფაქტობრივად, იმ წამიერ მომენტში მოხდა გასროლა და თავიდან ჯერ ვერ ვიგრძენი, შესაბამისად, მე რომ არ გადავხრილიყავი გვერდით, შესაძლოა, ტყვია მომხვედროდა არა მარჯვენა მხრის ძვალში, არამედ სხეულის სხვა ადგილას. 

„შესაძლოა, გულ-მკერდის არეში, რადგან ფაქტობრივად ის მიმიზნებდა გულ-მკერდის არეში და რომ არა რეაქცია, ფატალურად დასრულებოდა შემთხვევა. ის ჩემგან იდგა დაახლოებით, 2 მეტრში... ამ მომენტში, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობდი და იატაკზე წავიქეცი, ამ დროს, შევნიშნე, ისევ არ მანებებდა თავს, ცინიკური ტონით მეუბნებოდა, ხომ შეგეშინდაო და იმავდროულად ცდილობდა ისევ პისტოლეტის გადატენას და მიშვერდა მე, თუმცა, პისტოლეტმა გაჭედა და ვერ ახერხებდა მის გადატენას, მაგრამ მისი ქმედებებიდან და ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ისევ მესროდა იარაღს, თუმცა, მას იარაღის პრობლემა შეექმნა, მაგრამ პირველი გასროლის შემდეგ, მაინც არ მეშვებოდა და ცდილობდა ისევ ესროლა ჩემთვის, რაც ვერ მოახერხა. 

„გასროლა გაკეთებული ჰქონდა, მეც ვყვიროდი და ვითხოვდი შველას, ამ დროს, ჩემი სამუშაო ოთახში შემოვიდნენ თანამშრომლები, აქვე დამატებით განგიმარტავთ, რომ მას შემდეგ, რაც მესროლა თეიმურაზმა და ისევ სროლას ცდილობდა და ვერ ახერხებდა, მან აიღო სკამი, მე იქვე ვიყავი ძირს დაგდებული და სკამიც მესროლა და ცდილობდა სკამის ჩემზე დარტყმას, ამ დროს კარები შემოანგრიეს თანამშრომლებმა, თუმცა თეიმურაზი როცა შემოვიდა ჩემ ოთახში, იმ მომენტში არ დამინახავს კარის ჩაკეტვა. როცა მოხდა ფაქტი და მესროლა, კარები იყო ჩაკეტილი, რადგან თანამშრომლებმა შემოამტვრიეს კარები, რის შემდეგაც ჩამიტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, თუმცა, სად წავიდა თეიმურაზ ბეჟანიძე ამის შემდეგ, არ მახსოვს. დაზიანება მივიღე მარჯვენა ლავიწს და სახსარს შორის და მარჯვენა ხელს ფაქტობრივად, ვერ ვიყენებ...

თეიმურაზ ბეჟანიძეს და ჩემ შორის მომხდარი ფაქტის მიზეზი იყო მისი სამსახურიდან გაშვება, რის გამოც მესროლა იარაღი. ბეჟანიძისთვის კლინიკაში არ შემიმჩნევია როდესმე იარაღის ტარების ფაქტი, თუმცა აქვე განგიმარტავთ, რომ ბეჟანიძეს ჰქონდა ჩემი მოკვლის განზრახვა და არა შეშინების. აღნიშნულის გარდა, მეტი რაიმეს განმარტება არ შემიძლია“, - აცხადებს გალდავა ჩვენებაში.  

 განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებას 81 წლის დაკავებულის ადვოკატი კატეგორიულად არ ეთანხმება. 

„ადამიანს მკვლელობის მცდელობას უყენებენ, მაგ შემთხვევაში გამოძიება თვლის, რომ ეს იყო დამიზნებით განხორციელებული გასროლა, მაგრამ ბრალდებულის პოზიცია არის სხვანაირი. მას გალდავას მოკვლა რომ ნდომოდა, ამაში არაფერი უშლიდა ხელს და ახლა მაჩვენა მანძილი, დაახლოებით მეტრანახევარი გამოდის, ისროლა კედლის მიმართულებით. როგორც ამბობს, გასროლის დროს გალდავა გაიწია გვერდით და მაგ დროს აქვს მოხვედრილი მკლავში,“ - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა კახა შონიამ.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×