ელზა პაპოშვილი
14.08.2022

ქალს, რომელიც  სავარაუდოდ, ოზურგეთში ყოფილმა ქმარმა მოკლა, 3 შვილი დარჩა. „რეზონანსისთვის“ ფემიციდის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილის ოჯახი ვარაუდობს, რომ მეზობლებს მისი გადარჩენა შეეძლოთ, მაგრამ განწირული ქალის ყვირილი და დახმარების თხოვნა უპასუხოდ დატოვეს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, 38  წლის  ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა სასიკვდილოდ გაიმეტა, სოფელ მზიანის მკვიდრია. ის ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და თხილის პლანტაციაში მუშაობდა. 

გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა. მისი ყოფილი ქმარი ოჯახური ძალადობის გამო სასჯელს იხდიდა და შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი. თუმცა, ამის მიუხედავად, ის ყოფილ ცოლთან სახლში მივიდა და, არსებული ვერსიით, ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი 4 წლის შვილის თვალწინ მოკლა.   

მეზობლები მკვლელობის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. მათი თქმით, კონფლიქტის მიზეზი ბავშვი გახდა, ქალი ყოფილ ქმარს შვილის გატანებაზე უარს ეუბნებოდა, რის გამოც მათ შორის დაპირისპირება გამწვავდა. 

ახალგაზრდა ქალი მეზობლებმა სააბაზანოში იპოვეს. მათი ცნობით, მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი - ყოფილმა ქმარმა ქალს ჯერ სცემა, შემდეგ კი ე.წ შტირით დაზიანებები მიაყენა და ვარაუდობენ, რომ შემდეგ დაჭრილი  სააბაზანოში დაახრჩო.

პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მომხდარიდან რამდენიმე საათი შემდეგ სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.   

„უმძიმესი დანაშაული მოხდა. გოგო ბავშვებთან ერთად აქ ქირით ცხოვრობდა. როგორც ამბობდა, ქმარს გაშორებული იყო. ბიჭი აქ არასდროს დაგვინახავს. თურმე ოჯახური ძალადობის გამო ციხეშიც მჯდარა. ტელეფონზე დაურეკავს, რომ ბავშვების ნახვა და წაყვანა უნდოდა. გოგოს უთქვამს, რომ ბავშვებს აჩვენებდა, მაგრამ მათ ვერ გაატანდა. სავარაუდოდ, კონფლიქტიც ამის გამო დაიწყო. ჯერ უცემია, შემდეგ კი .ე.წ შტირით აქვს ჭრილობები მიყენებული. არ არის გამორიცხული, რომ ის შემდეგ აბაზანაში დაახრჩო. 

„ხმა არავის გაუგია. არც ჩხუბის და არც ყვირილის. სავარაუდოდ, აბაზანაშიც ამიტომ შეიყვანა, რომ მეზობლებს ხმა არ გაეგონათ“, - ყვება „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

მოკლული ქალის ძმა მედიასთან ამბობს, რომ ბოლოს დას ორი დღის წინ ესაუბრა, თუმცა ქალს მისთვის ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტის შესახებ არაფერი უთქვამს. 

ქალის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა, ის ქმარმა ჯერ სცემა და შემდეგ  მოკლა, ფაქტი კი 4 წლის ბავშვის თანდასწრებით მოხდა. ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. 

„მოთხოვნა არის, რომ მკაცრი სასჯელით დაისაჯოს და ჩემი და იყოს ბოლო, მაგას მიუსაჯონ მუდმივი. შველას ითხოვდა და არავინ არ უშველა, ნაცემი და ნაწამებია ჩემი და. როგორ დავიჯერო, რომ დღისით-მზისით ქალს ასე სასტიკად უსწორდებოდა და ვერავინ ვერაფერი გაიგო“, - აცხადებს მოკლული ქალის და. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×