ელზა პაპოშვილი
19.09.2022

კიკეთში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. 52 წლის გელა ნიორაძეს განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან - მამაკაცი ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ თავს იცავდა. მისი ვერსიით, თავად დაიბარეს ოჯახში, რომელსაც მისი ვალი ჰქონდათ 500 დოლარის ოდენობით, გარჩევის დროს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის შვილის თანდასწრებით.

როგორც ცნობილია, მას ბრალი ოფიციალურად 2 მუხლით გააცნეს - განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება. 

ბრალის წარდგენის შემდეგ, გელა ნიორაძის ადვოკატმა განაცხადა რომ მკვლელობას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება და ბრალდებული ადგილზე მანქანის გასაღების მოსაძებნად და მის წასაყვანად დაბრუნდა. მას თან შვილი აღარ ახლდა, რა დროსაც მისი თქმით, არსებობდა განმეორებითი თავდასხმის საფრთხე და ნიორაძემ შესაშინებლად გაისროლა.

რაც შეეხება ხოჯანაშვილების ოჯახს, რომლებსაც 2 დღის წინ ცეცხლი გაუსხნა გელა ნიორაძემ,  მომხდარის დეტალებზე ამ დრომდე არ საუბრობენ. თუმცა, ადგილობრივები მომხდარის დეტალებს იხსენებენ. მათი ინფორმაციით, ადამიანი რომელიც გარდაიცვალა, სრულიად შემთხვევითი გამვლელი იყო, რომელმაც ჩხუბი დაინახა და გაჩერდა. მას სამშენებლო მასალები გადაჰქონდა და კონფლიქტის დანახვისას გააჩერა. მან დაპირისპირებული მხარეების  გაშველება სცადა, თუმცა, ის გასროლილმა რამოდენიმე ტყვიამ იმსხვერპლა. მათი ინფომაციით,  დაჭრილია 6 ადამიანი, აქედან ერთი გარდაიცვალა, ხოლო 2 დაჭრილი ხოჯანაშვილების სტუმარი ქალია.  

„როგორც ვიცით, დაკავებული გელა ნიორაძე ხოჯანაშვილებთან ფულისთვის მივიდა. ამბობენ, რომ ოჯახს მისი  500 დოლარი მართებდა. მათ რთველის მოსავალი ჰქონია და სტუმრები ჰყავდა. სახლის ეზოში კონფლიქტი მოსვლიათ. მერე გარეთ გამოვიდნენ და ფიზიკურად ერთმანეთს იქ გაუსწორდნენ.  როგორც დავით ხოჯანაშვილი ყვება, მამა-შვილი სახლში წასულან და რამდენიმე წუთში უკან შეიარაღებულები დაბრუნებულან. პირსახოცგადახვეული იარაღით მივარდა და სროლა დაიწყო. სწორედ ამ სროლის შედეგად დაიჭრა 6 ადამიანი. მათ შორის გამვლელი, რომლიც კონფლიქტის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა. დაჭრილი ქალებიც ცდილობდნენ, რომ სიტუაცია განემუხტათ. გარდაცვლილი მამაკაცი საკუთარმა ბიძაშვილმა ჩასვა ავტომობილში და საავადმყოფოში წაიყვანა, თუმცა, ის გზაში დაიღუპა. ამ კაცსაც ინსულტი მოუვიდა და ახლა ისიც საავადმყოფოში იმყოფება“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ბრალდებულ გელა ნიორაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო,  სავარაუდოდ,  ხვალ იმსჯელებს. როგორც ცნობილია, ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.  წარდგენილი საბრალდებო მუხლების საფუძველზე ნიორაძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×