ელზა პაპოშვილი
18.11.2022

კიდევ ერთი სავარაუდო ფემიციდის მსხვერპლი თბილისში. გოგოლის ქუჩაძე 36 წლამდე ქალი 22 წლის კაცმა მოკლა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მსხვერპლს მამაკაცი ახალი გაცნობილი ჰყავდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მკვლელობის ფაქტამდე კამერებმა წყვილის ჩხუბი დააფიქსირა. მათ ბიჭი ქალთან ერთად  დაინახეს, თუმცა კონკრეტულად მკვლელობის დღეს ჩხუბის ხმა არ გაუგონიათ. მამაკაცმა ქალი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოკლა და მას სხეულზე რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება. მოკლული ქალი იტალიურ ეზოში, ეჭვმიტანილის მიერ ნაქირავებელ ბინაში ნახეს. ადგილორბივები ამბობენ, რომ მათ მეზობლად მამაკაცი ცოხვრობდა და არა ქალი. მას ბინა ახალი ნაქირავებელი ჰქონდა.   

„მოკლული ქალი აქ არ ცხოვრობდა. ბინა ჩვენს მეზობლად ბიჭს ჰქონდა დაქირავებული. როგორც ვიცით, არ იყვნენ შეყვარებულები. მან ქალი 17 ნოემბერს გაიცნო და სახლში მიიყვანა. რა მოხდა და რა იყო კონფლიქტის  მიზეზი, არავინ იცის. არც ხმაური და არც დაპირისპირების ხმა არ გაგვიგია. მეზობლები ამბობენ, თითქოს პოლიციამ ქუჩის კამერები ნახა და იქაც ჩანს, რომ ქუჩაში კამათობდნენ. რატომღაც წაჰყვა სახლში და მერე იქ რა მოხდა, არავინ იცის. ჩვენც მხოლოდ მაშინ გავიგეთ, როცა ადგილზე პოლიცია და სასწრაფო მოვიდნენ. თავად ამ ბიჭმა დარეკა თუ ვინ აღმოაჩინა ცხედარი, არც ეს ვიცით. სახლიდან გამოასვენეს მიცვალებული. რამდენიმე ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული. ამ ბიჭსაც არ ვიცნობთ, ახალი გადმოსულია. სულ რაღაც ორჯერ მყავს ნანახი. საიდანაა, არ ვიცი. როგორც ვიცი, სტუდენტები ცხოვრობდნენ და ეს ბიჭი იყო მარტო თუ სხვებიც ცოხვრობდნენ, მაგდენი არ ვიცით“, - უყვება „რეზონანსს ერთ-ერთი ადგილობრივი.  

მეორე მეზობელი კი ამბობს, რომ ქალიც ამ ეზოში ცოხვრობდა. მსხვრეპლიც და დამნაშავეც მეზობლები იყვნენ. არ იცის, ერთმანეთი როდის გაიცნეს. 

„როგორც ვიცი რაღაც ყოფით ნიადაგზე მოხდა ჩხუბი. ჯერ შელაპარაკება მოსვლიათ და მერე ასეთ მძიმე შედეგით დასრულდა. სისხლის კვალი სახლის შესასვლელშიც კი ჩანს. ვიცი, რომ ქალიც ამ იტალიურ ბინაში ცოხვრობდა და მასაც ნაქირავებელი ჰქონდა ბინა. არ ვიცი, ზუსტად ამ დღეს გაიცნეს ერთმანეთი თუ მანამდე იცნდობდნენ, მაგრამ როგორც ბიჭი, ასევე ქალიც ამ ეზოში დამინახავს. სხვა დეტალები და მკვლელობის მოტივი არ ვიცით. ფაქტი სადღაც გუშინ საღამოს 7 საათზე მოხდა. ზოგი ამბობს, რომ შეყვარებულები იყვნენ და ურთიერთობა ჰქონდათო. არავინ ზუსტად მაინც არაფერი იცის“, - გვიყვება კიდევ ერთი მეზობელი. 

პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე კი ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ის სამართალდამცველებმა იმ დღესვე ცხელ კვალზე დააკავეს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  17 ნოემბერს, ქ. თბილისში, ბრალდებულმა დაზარალებული გაიცნო და იმავე დღეს, გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, მას დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც   სასჯელის სახედ და ზომად 10 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“ - აცხადებს პროკურატურა.         

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×