რა საიდუმლოებას ინახავს პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცული სოლომონ პირველის წერილი რომის პაპისადმი
მამუკა ნაცვალაძე
20.11.2022

ერეკლე მეორის ეპოქა, რომელიც გარდამტეხი გახლდათ რუსულ ქართული ურთიერთობისათვის, იმგვარად დაამახინჯა რუსულმა, საბჭოურმა თუ პოსტსაბჭოთა პერიოდის ისტორიოგრაფიამ, რომ შედეგად უამრავი ანაქრონიზმი მივიღეთ. ამ თემაზე არსებული ერთმანეთის გამომრიცხველი არაერთი მოსაზრება უჩენს უამრავ თავსატეხს დაინტერესებულ მკითხველს. საბჭოურ, სტალინურ ფორმულებს მორგებული რუსეთისა და საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის კვლევის სტრატეგია და მეთოდები ტოვებს უამრავ კითხვას. 

მიუხედავად უდიდესი მცდელობისა და ინტელექტუალური რესურსებისა, საბჭოურმა იდეოლოგიამ ვერ შესძლო იმ ვაკუუმის შევსება, რაც დარჩა ამ უმნიშვნელოვანესი ეპოქის საბჭოურ თარგზე მორგების შემდეგ. ევროპის არქივებში დაცული მასალები სწორედ ის მტკიცებულებებია, რომელნიც ამხელენ საბჭოური ისტორიოგრაფიის იდეოლოგიურ მანიპულაციებს, რომლის შედეგად ყველაზე დიდი ანტირუსული განწყობის მქონე ერეკლე მეორე რუსთმადიდებლად გამოაცხადეს. 

როგორ ააფორიაქა სოლომონ პირველის თიაქარმა ევროპული დიპლომატია

ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს იმ პერიპეტიებს, რაც ერეკლე მეორის მიერ 1781 და 1782 წელს ევროპაში გაგზავნილ ორ ელჩობას მოჰყვა. ორივე ელჩი მოკლეს, მოვლენათა ასეთი განვითარება მხოლოდ რუსეთის იმპერიის ინტერესებში გახლდათ. ალიბისათვის არ გაანადგურეს ერეკლეს მიერ ევროპის მონარქებისთვის გაგზავნილი წერილები, რომელიც კაპუცინელმა ბერებმა ავსტრიის საიმპერატორო კარზე მიიტანეს. სწორედ ამ წერილებს უკირკიტებს წელიწადნახევარი ავსტრიელი მოხელე, XVIII ს-ის ცნობილი დიპლომატიური რევოლუციის ავტორი ვენცელ კაუნიცი. 

ერეკლე II-ის ავსტრიაში გაგზავნილი წერილების შინაარსის შესწავლამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ქართლ-კახეთის მეფის მთავარი სათქმელი, მაქსიმალურად იყო შენიღბული და მისი გარკვევა მოძიებული წერილებიდან შეუძლებელია. სწორედ ეს რეალობა ბადებს კითხვას – წერილების თარგმნით რა მოლოდინი ჰქონდა და რისი გარკვევა სურდა ავსტრიელ დიპლომატს? 

რჩება შთაბეჭდილება, რომ ვენცელ კაუნიცი ერეკლე II-ის პოზიციის შესახებ ფლობდა დეტალურ ინფორმაციას, რომელიც სავარაუდოდ უფრო ადრე უნდა სცოდნოდა, ვიდრე მაურო ვერონელისთვის გატანებულ ერეკლეს წერილებს მიიღებდა. სხვაგვარად აუხსნელია  -   თუკი მან იცოდა, რომ მთავარი სათქმელი, ერეკლეს დანაბარები ზეპირად უნდა მოეხსენებინა ელჩებს და ეს წერილები მხოლოდ შირმა გახლდათ ამ დავალების შესანიღბად, რატომ იჩენს ჩვეულებრივზე მეტ ინტერესს წერილებისადმი, სადაც წესითა და რიგით არავისთვის დასაფარი არაფერი უნდა იყოს.

გასარკვევია, საიდან უნდა სცოდნოდა ერეკლე მეორის პოზიცია ავსტრიის საიმპერატორო კარს? ვის უნდა ჩაეყენებინა ევროპელი დიპლომატები საქმის კურსში?

სწორედ ამ კუთხით იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს 1779 წლის აგვისტოში იმერეთის მეფე სოლომონ I-ის,  მიერ რომში პაპ პიუს VI-სთან გაგზავნილი წერილი საკმაოდ უჩვეულო და გამორჩეულად ყოფითი ხასიათის შინაარსით. აი რას სწერს სოლომონი: „ამას მოვახსენებთ მათს უწმინდესობას, ჩვენ და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ბრძოლით უსჯულოთაგან დიაღ შევიწროებულია, რათა მოხედოთ. სხვას ამას მოგახსენებთ ვედრებას ვყოფთ წინაშე მათსა, ორი აქიმი ასრეთი გვიწყალობოთ ყოვლის სნეულების თიაქარის – ჩამოსულის თუ ჩამოუსვლელის. კარგად იცოდეს თქვენეულად. თქვენ რომ გეკადრებათ. ერთიც, საათი კარგი გვიბოძოთ ბატონო“. 

წერილში სოლომონი აცნობებდა რომის პაპს, რომ მისი „ქვეყანა ყოველთვის ბრძოლით უსჯულოთაგან დიაღ შევიწროებულია“, რომ იქნებ თიაქარის ორი ექიმი გამოუგზავნოს და საათიც აჩუქოს“. იმდენად არასერიოზული და დიპლომატიისათვის ერთგვარად კურიოზული გვგონია ამ სამი ფაქტის ერთ წერილში გაერთიანება, რომ ვფიქრობთ, სოლომონს, საქართველოს ისტორიაში გამორჩეულ მეფეს, მსგავსი შინაარსის წერილი ან არ უნდა გაეგზავნა, ან თუ გაგზავნიდა, ეს უნდა ყოფილიყო ერთგვარი სატყუარა და მთავარი სათქმელი ადრესატთან ელჩისთვის ზეპირად უნდა დაებარებინა. 

აქ კიდევ ერთი კითხვა ჩნდება – რამდენად არის წერილის ადრესატი რომის პაპი? ხომ არ არის ეს ყველაფერი შენიღბული და ხომ არ უნდა იყოს წერილი გაგზავნილი ავსტრიის იმპერატორ იოზეფ II-სთან? ჩვენ ვარაუდს ის ფაქტიც ამყარებს, რომ რომში გაგზავნილ წერილს მიხეილ თამარაშვილმა პარიზში მიაგნო. რაც უჩვეულო და მოულოდნელი გახლდათ თავად მეცნიერისთვის. აი რას წერს ამ წერილთან დაკავშირებით მიხეილ თამარაშვილი:

„ამ წერილს რომის არხივებში ვეძებდით, მაგრამ პარიზის ბიბლიოთეკაში შევხვდით იტალიური თარგმანითურთ. ვერ გამოვიკვლიეთ ის, თუ რა შემთხვევისა თუ მიზეზების გამო წაუღიათ ეს წერილი რომიდან პარიზს. აგერ ესეც ერთი ცხადი საბუთი იმისი, რაც წინეთ გამოსთქვით, ესე იგი დაღუპისაგან საქართველოს შესახებ საბუთები რაც გადარჩენილა, ყველა თავის ადგილზე არ არიან, არამედ აქეთ-იქით გაფანტულა. რის გამო დიდი დრო და განწირული შრომა უნდა, რომ კაცმა შემოჰკრიფოს ყველა, რაც კი დღეს სხვადასხვა არსებობს მეთქი“.

საკრალური 1779 ქართულ-რუსული ურთიერთობისათვის

თუ გავითვალისწინებთ, რომ იმერეთის მეფე სოლომონ I-ის სახელმწიფოებრივი მართვის სტილი პრობლემების მოგვარების სისტემური მოდელის შექმნას უკავშირდება (მაგალითად: ტყვეთა სყიდვის აკრძალვა), კატეგორიულად უნდა გამოვრიცხოთ  დიპლომატიური მოვლენებით დატვირთულ 1779 წლის აგვისტოში ევროპაში ელჩობის გაგზავნის საფუძველი ყოფილიყო მხოლოდ ორი ექიმისა და საათის გამოგზავნის თხოვნა. დაბეჯითებით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ეს ელჩობა სისტემური პრობლემის მოგვარებას უნდა უკავშირდებოდეს, მითუმეტეს, რომ 1779 წელი შესაფერისი დროა დიპლომატიური და პოლიტიკური მოვლენების თვალსაზრისით. 

მაინც რა ხდება 1779 წელს? ეს არის უდიდესი გარდატეხის წელი რუსეთის იმპერიისათვის, რამდენადაც სწორედ ამ წელს დაიდო უმნიშვნელოვანესი ტეშენის ზავი, რომლის მიხედვითაც, რუსეთს ოფიციალურად ევროპის ჟანდარმის, მომრიგებელი მოსამართლის სტატუსი მიენიჭა. სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარს უნდა დაეცვა ავსტრიის იმპერიის ინტერესები პრუსიასთან დაპირისპირებისას, რომელსაც თავის მხრივ ზურგს უმაგრებდა საფრანგეთი. 

ეს უკვე სხვა რუსეთის დასაწყისია, ის ამბიციებია, რაც მანამდე მხოლოდ თეორიულად არსებობდა, 1779 წლის შემდეგ კი პრაქტიკული აღსრულების შესაძლებლობლობა შეიქმნა. შემთხვევითი არაა ის, რომ სწორედ 1779 წელს ხდება საკმაოდ ფორსირებული რუსული პროექტების განხორციელება კავკასიაში - ერეკლეს კარზე მოავლინეს გერმანელი რაინექსი, რუსეთის იმპერიის ჯაშუში, ამავე წელს მოკლეს უფლისწული ლევანი, რომელიც განაგებდა მორიგე ჯარს - სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანეს საქმეს. ამავე წელს ემთხვევა ერეკლესა და სოლომონის უთანხმოება, რაც ჩვენი ვერსიით ორი უდიდესი მეფის მიერ გათამაშებული სპექტაკლი იყო იმ აგრესიის თავიდან ასაცილებლად, რასაც რუსეთი ანხორციელებდა. (ამ საკითხზე ჩვენი სამეცნიერო კვლევა უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება როგორც უცხოურ ისე ქართულ სამეცნიერო გამოცემებში; დავბეჭდავთ ასევე კვლევის შედეგების პოპულარულ ვერსიასაც). 

რუსეთს მომრიგებელი მოსამართლის ამბიცია აქვს, ამას მიაღწია ევროპაში, ამასვე ესწრაფვის კავკასიაში. მას სურს მომრიგებელი მოსამართლე იყოს ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებს შორის და ასე მოიპოვოს შიდა ქართულ სამზარეულოში ჩარევის ოფიციალური უფლება. 

აქამდე ისტორიოგრაფიაში სერიოზულად განიხილებიოდა ერეკლესა და სოლომონის დაპირისპირება, ჩვენი ვერსიით, ქართველი მეფეები რუსეთის თამაშს აჰყვნენ, რაც შესანიშნავად გამოიყენეს ქართული ინტერესებისათვის. კონფლიქტის დაწყების წელი, 1779 საეჭვოდ ემთხვევა რუსეთის იმპერიის უდიდესი გარდატეხის პროცესს, ასევე ამ კონფლიქტის დასრულების თარიღი - 1782 წელი ბადებს ეჭვს, რამდენადაც ამ დროს ფაქტობრივად ქართული დიპლომატიის მიერ ამოწურულია ევროპასთან კავშირის იმ პერიოდისათვის არსებული ყველა შესაძლო რეზერვი (როგორც ჩვენი კვლევის შედეგებიდან ირკვევა, ქართულმა დიპლომატიამ შემდგომში სულ სხვა ინსპირირების ფორმას მიმართა და მოახერხა 1792 და 1795 წელს ავსტრიის იმპერატორთან ერეკლეს გზავნილების ჩატანა). 

ეს პროცესები ვფიქრობთ უშუალოდ დაკავშირებულია ბერძნულ პროექტთან. იქიდან გამომდინარე, რომ ბერძნული პროექტი, როგორც ანტიოსმალური კონცეფცია სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო იმერეთის სამეფოსათვის,  შეიძლება ვივარაუდოთ იმერეთის მეფისა და ერეკლე II-ის თანამოაზრეობა ამ საკითხში და 1779 წელს ევროპაში გაგზავნილი მისი ელჩობა სწორედ ამ მოვლენას დავუკავშიროთ. იქნებ სწორედ ამიტომ ჩათვალა საჭიროდ  პაპის კანცელარიამ სოლომონის წერილი პარიზში გადაეგზავნა? არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეს წერილი თავად სოლომონის მიერ გაგზავნილ ელჩს ჩაეტანა პარიზში და თავად მოეხსენებინა იმერეთის მეფის ზეპირი დანაბარები როგორც პაპ პიუს VI-ის და ავსტრიის იმპერატორ იოზეფ II-ის, ასევე ლუი XVI-ისთვის. სხვაგვარად გაუგებარია, რატომ უნდა ყოფილიყო საინტერესო და აქტუალური ვერსალისათვის იმერეთში თიაქარის ორი ექიმის მივლინებისა და სოლომონისთვის საათის ჩუქების თემა. 

სად გადაიკვეთა XVIII ს-ის ქართულ-ავსტრიული დიპლომატიური ინტერესები

ჩვენს მიერ დამოწმებული პირველწყაროები, კერძოდ, ერეკლე II-ის ქართული წერილების თარგმნა და ამ წერილების შინაარსის გააზრების მცდელობა მიანიშნებს, რომ ავსტრიის საიმპერატორო კარს რაღაც კონკრეტული გეგმები ჰქონდა კავკასიის მიმართულებით. ვენის მთავარი მიზანი გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის გაძლიერებაა, რაც ავსტრიის იმპერიას საკმაოდ დიდ შესაძლებლობებს სძენს. გამომდინარე იქიდან, რომ ერეკლე მეორის ინტერესებშია როგორც ბერძნული პროექტის, ასევე ანტიოსმალური მოძრაობის კლასიკური შემადგენლის „სპარსული პროექტის“ განხორციელება, საკმაოდ რეალური გახლდათ ქართულ-ავსტრიული დიპლომატიური თანამშრომლობის რესურსი.

მსოფლიო რანგის დიპლომატის ვენცელ კაუნიცის მონდომებაც სწორედ ამით უნდა იყოს გამართლებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, კაუნიცის დამოკიდებულება ერეკლეს წერილებისადმი უნდა იყოს ამოსავალი, გავაცნობიეროთ ის დღემდე უცნობი რეალობა, ერთი მხრივ, რასაც ესწრაფოდა ვენის საიმპერატორო კარი და მეორე მხრივ, რა კონკრეტული ინტერესები ჰქონდა ერეკლეს ევროპაში.

პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცული სოლომონ პირველის წერილი ერთობ უცნაური შინაარსით ამიტომაც გვგონია რომ გორდიას კვანძი უნდა იყოს ერეკლე მეორის საგარეო პოლიტიკის გააზრებისთვის...

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×