ელზა პაპოშვილი
22.11.2022

ზუგდიდში 15 წლის საბა მამფორიას მკვლელობის ირგვლივ სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. თავდაპირველად მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ დაპირისპირება მოზარდებს შორის შელაპარაკების გამო მოხდა და საბა მამფორია მხოლოდ გამშველებელი იყო. ახალი ინფორმაციით კი, ტრაგედიის მიზეზი შესაძლოა ერთი ესემეს შეტყობინება გამხდარიყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, ჩხუბი ამ მოზარდებს შორის კვირას მომხდარ ტრაგედიამდეც მოხდა, რომლის დროსაც საბა მამფორიამ ბრალდებული 17 წლის მოზარდი სცემა. ამის შემდეგ ბრალდებულს მისმა მეგობარმა გოგონამ მისწერა დ ჰკითხა, მართლა სცემა თუ არა ის მე-10 კლასელმა ბიჭმა. ამით გაღიზიანებულმა ბრალდებულმა კი 10 მეგობართან ერთად ფეხბურთის მოედანზე მყოფ საბა მამფორიას მიაკითხა, მიტოვებული შენობის უკან გაიყვანა, ჯერ ფიზიკურად გაუსწროდა, შემდეგ კი გულის არეში საკეცი დანით ჭრილობები მიაყენა. 

როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, ბიჭი დახმარებას და შველას ითხოვდა, თუმცა მისმა ზოგიერთმა თანატოლმა დახმარების ნაცვლად ადგილიდან გაქცევა გადაწყვიტა. ადგილობრივები კი მხოლოდ მაშინ დაეჭვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა, როცა ბავშვების გაქცვა და შეშინებული სახეები დაინახეს. ადგილზე მისულებს კი მძიმედ დაჭრილი ბიჭი დახვდათ. 

„ზუსტად არავინ იცის რა მოხდა, რადგან მისი თანატოლები და მეგობრებიც დუმილს ამჯობინებენ. ერთი ვერსიით, საბას და მკვლელს შორის მკვლელობამდე მოხდა დაპირისპირება. სავარაუდოდ, საბამ ის სცემა. ამის შემდეგ კი ბრალდებულს მეგობარმა გოგონამ მისწერა და ჰკითხა, სცემა თუ არა მე-10 კლასელმა ბიჭმა. ამაზე გაბრაზებულმა 17 წლის მოზარდმა 10 თანატოლთან ერთად საბას სტადიონზე მიაკითხა. გვერდით, მოფარებულ ადგილას გავიდნენ და იქ ხელახლა ჩხუბი დაიწყო. აი, სწორედ ამ დროს მას გულ-მკერდის არეში დანა რამდენჯერმე დაარტყა. 

„სამწუხარო ის არის, რომ ბავშვებს შეეშინდათ და უმეტესობამ თავს გაცევით უშველა. ადგილზე მისულ ადგილობრივებს მძიმე სურათი დახვდათ. ბავშვი უკვე უგონო მდგომარეობაში იყო. სასწრაფო მალევე მოვიდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. 

„საოცარი ბიჭი იყო, უკონფლიქტო და ჭკვიანი. ყველას ძალიან გაუკვირდა, რომ ის ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა“, - უყვება „რეზონანს“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

დაკავებულ ბიჭზეც მისი მეზობლებიც იგივეს აცხადებენ. ამბობენ, რომ ის სპორტსმენი იყო და მისგან მსგავსი კონფლიქტი არასდროს სმენიათ. ფეხბურთს კარგად თამაშობდა და სამომავლო გეგმებიც ჰქონდა. ამიტომ გაუგებარია ამ საშინელ დანაშაულამდე რამ უბიძგა. 

„ამ ბავშვისგან არასდროს კონფლიქტი ან ცუდი საქციელი არ გაგვიგია. რომ თქვეს, ყურებს არ ვუჯერებდი, ისეთი ბიჭია. სპორტსმენია, დღედაღამ ვარჯიშობდა. მოკრიმინალო და ქუჩაში მყოფი ბავშვი რომ ყოფილიყო, კიდევ არავის გაუკვირდებოდა, მაგარამ ასეთი კარგი ბიჭი ამ საზარელ დანაშაულამდე როგორ მივიდა, გაოგნებულები ვართ. 

„მისი ოჯახიც განადგურებულია, რადგან ვინ წარმოიდგენდა, რომ 15 წლის ბავშვის მკვლელი გახდებოდა“, - ყვება დაკავებული ბიჭის მეზობელი „რეზონანსთან“. 

პოლიციამ კი დასაკეცი დანა, რომლითაც 15 წლის საბა მამფორია მოკლეს,  ნივთმტკიცებად უკვე ამოიღო. სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. 17 წლის მოზარდი იმ დროს აიყვანეს, როდესაც მიმალვას ცდილობდა. რა ჩვენებას აძლევს ის სამართალდამცველებს, უცნობია. დაკავებულის ადვოკატს ამაზე საუბარი არ სურს.

დუმილს არჩევენ კონფლიქტის თვითმხილველი სხვა მოზარდებიც. მოწმეების გამოკითხვა ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფსიქოლოგი მუშაობს საბა მამფორიას კლასელებთან, რომლებმაც შესაძლოა მომხდარის დეტალები იციან.

საბა მამფორია კი ექსპერტიზის შემდეგ ზუგდიდში საკუთარ სახლში გადაასვენეს. არასრულწლოვნის ახლობლები მომხდარის მოტივზე ინფორმაციას გამოძიებისგან ელოდებიან და დამნაშავის სათანადოდ დასჯას ითხოვენ.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 17 წლის მოზარდს მაქსიმალურ სასჯელად 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×