ელზა პაპოშვილი
25.11.2022

თერჯოლაში მოხმდარი უმძიმესი ფემიციდის ფაქტის შემდეგ, საზოგადოებაში კვლავ გაჩნდა კითხვა, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას, რომელმაც ქვეყანაში უმძიმესი სახე მიიღო. საზოგადოება გუშინ თერჯოლაში ქალის მკვლელობის სისასტიკემ შესძრა, რადგანაც ყოფილმა ქმარმა, ცოლს სამსახურში მიაკითხა, ოთახში გამოკეტა, სახეში, სავარაუდოდ, ბენზინი  ან ასაფეთქებელი ნივთიერება შეასხა და ცოცხლად დაწვა. შემდეგ კი ცეცხლი მასაც მოეკიდა  ან თვითმკვლელობა სცადა. განწირული ქალის კივილი თანამშრომლებმა გაიგეს, მაგრამ კარის გაღება და მისი დახმარება ვერ შეძლეს. მის მისაშველებლდ მივარდნილ ორ თანამშრომელს დაზიანებები აღენიშნებათ.   

ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცმა კი მძიმე დაზიანებები მიიღო. მას სხეულის 60%-მდე დამწვრობა აქვს მიღებული და მძიმე მდგომარეობაშია. მის დაკითხვას პოლიცია ამჟამადაც ვერ ახერხებს. წყვილს ორი არასრუწლოვანი შვილი ჰყავს. მამაკაცი ცოლზე ძალადობის ბრალდებით უკვე ნასამართლევი იყო და მას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.   

ბრალდებული ლეონიდე ზვიადაძე,  40 წლის ასაკის მამაკაცი, პოლიციელების მეთვალყურეობის ქვეშ, ექიმებთან ერთად ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამისი იქნება, გაგრძელდება მისი გამოკითხვის პროცესიც, საგამოძიებო მოქმედებები და გამოიკვლევენ სხვა მტკიცებულებებსაც.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ყოფილმა ქმარმა ეს შურისძიების მიზნით ჩაიდინა. ის ქალს შერიგებას სთოხვდა, მაგრამ კატეგორიულ უარზე იყო. სუპერმარკეტში მოკლული ქალი მენეჯერად მუშაობდა. ქმარს 1-თვიანი შემაკავებელი ორდერის ვადა გაუვიდა თუ არა, ყოფილ ცოლს სამსახურში მიაკითხა. უთხრა, რომ მასთან ბავშვებთან დაკავშირებით საუბარი სურდა. ქალი ოთახში შეიყვანა და მაშინვე რაღაც შეასხა, რამაც ცეცხლი გააჩინა. კაცმა კარი დაკეტა და ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. 

„წარმოუდგენელი სისასტიკე მოხდა. ორი შვილის დედა ყოფილმა ქმარმა ცოცხლად დაწვა. სამსახურში მიაკითხა და უთქვამს სალაპარაკო მაქვს მოვირგდეთო. არადა, ერთი თვის წინ პოლიციამ ცოლთან მიკარება აუკრძალა. შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. როგორც კი ვადა გაუვიდა, მისულა, მშვიდად და წყნარად ოთახში შეუტყუებია, პარკიდან ამოიღო რაღაცა და შეასხა. მერე ცეცხლი წაუკიდა. 

ზოგი ამბობს ასაფეთქებელი ნივთიერება იყოო. ზოგმაც, მგონი, ხელნაკეთი ხელყუმბარაო. თანამშომლები ცდილობდნენ მის გამოყვანას და ვერ შეძლეს. მათაც დაზიანებები აქვთ მიღებული. თავის მოკვლა სცადა თუ ცეცხლის ალი უბრალოდ მოედო, ეს არავინ იცის. შესაძლოა უბრალოდ ცეცხლი მასზეც გადავიდა და თავის მოკვლა სულაც არ უნდოდა. შოკშია ყველა,  ეს როგორ მოიფიქრა, ან როგორ გაიმეტა,  წარმოდგენაც კი გვიჭირს“,-ყვება „რეზონანსთან“ მოკლული ქალის ახლობელი. 

მისივე თქმით, წყვილმა ოჯახი სიყვარულით შექმნა. მათ ერთმანეთი წლების განმავლობაში უყვარდათ, თუმცა, ოჯახის შექმნის შემდეგ ქალი უმძიმესი ძალადობის წინაშე აღმოჩნდა. ამიტომაც მან ქმრისგან წამოსვლა და დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტა. თუმცა, კაცი მოსვენებას არ აძლევდა. მუდმივად შერიგებას სთხოვდა. 

„ამბობდა რომ ქმარს არასდროს შეურიგდებოდა. თქვენ არ იცით რა ჯოჯოხეთში მიწევდა ცხოვრებაო. ბავშვების კეთილდღეობისთვის მირჩევნია მისგან შორს ვიყოო. ყველაფერზე და ყველაზე ეჭვიანობდა. მუდმივად პრობლემები ჰქონდათ. საუკეთესო დედა და ცოლი იყო, მაგრამ არ ვიცი უბედური ხასიათი ჰქონდა. ფაქტია, მართალი იყო, კაცი რომ ამ დონემდე მიხვალ და შენი შვილების დედის მკვლელობას ასეთი სასტიკი ფორმით დაგეგმავ, არ ვიცი რა უნდა ეწოდოს“, - ამბობს ქალის ახლობელი „რეზონანსთან“.  

მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი კი გაოგნებული და შოკირებულია. მამაკაცის დედა ამბობს, რომ მისთვის დაუჯერებელი და წარმოუდგენელია, თუ მისმა შვილმა ასეთი სისასტიკე ჩაიდინა. ქალი აცხადებს, რომ ქმარს ცოლი ძალიან უყვარდა და მისი მოკვლა კი არა,  შერიგება სურდა. 

„ცუდად იყო და საწოლში იწვა. სახლიდან გავედი და ასე მწოლიარე დავტოვე. ამდგარა და ცოლის სანახავად წასულა. ვერ ისვენებდა, ცუდად იყო, რომ მისი ცოლ-შვილი სახლში არ იყვნენ. ხელით ცოლს არასდროს შეხებია, მე ვარ ამის მომსწრე. სიტყვიერად ჩხუბობდნენ და მუდმივად კამათობდნენ, ამას ვადასტურებ. 

მათი შერიგების წინააღმდეგი გოგოს ოჯახი იყო. კამათის მიზეზიც ეს იყო. ვერ ვიჯერებ რომ მან ეს ჩაიდინა. ცოლზე გიჟდებოდა ისე უყვარდა. მისი შერიგება უნდოდა. არ ვიცი რა მოხდა, რა უბედურება დაუტრიალდა თავში. ყველა გაუბედურებულები ვართ“, - აცხადებს ბრლდებულის დედა მედიასთან. 

სამედიცინო ცენტრის "იმერმედი" დირექტორი ამბობს, რომ მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის გამთენიისას, ოჯახის წევრების მოთხოვნით, ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

„თავიდანვე იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, დაახლოებით 70%-ის ფარგლებში დამწვრობა. ყველა ღონისძიება ჩაუტარდა, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა, გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, შემდეგ ოჯახის წევრების მოთხოვნით და სურვილით, გადაყვანილ იქნა დილის 5 საათისთვის ქუთაისში, დამწვრობის ცენტრი. პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო," - ამბობს დავით სარიშვილი.

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×