ელზა პაპოშვილი
30.11.2022

გლდანში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ფაქტზე რამდენიმეთვიანი სასამართლოს შემდეგ 32 წლის ნიკა ნიაურს მოსამართლემ 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას გამოძიება 82 წლის ნათესავი ქალის ჯერ მკვლელობას და შემდეგ ცხედრის დაწვას ედავება.  

გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცმა  მარტოხელა მოხუცს, რომელიც ბებიის და იყო სახლში მიაკითხა, მათ შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც მამაკაცმა მოხუცი ჯერ დანით მოკლა, შემდეგ კი ხანძრის ინსცენირება  მოაწყო, რათა კვალი დაეფარა. სახლიდან ტელევიზორი წაიღო, რომელიც ლომბარდმაც კი არ ჩაიბარა. მეზობლები ყვებიან, რომ სავარაუდოდ, მამაკაცს მოხუცისგნ ბინის გადაფრომება სურდა, უარის მიღების შემდგე კი მას სასტიკად გაუსწორდა.   

„საშინელი ფაქტი მოხდა, დღემდე არავინ იჯერებს, რომ ეს საზარელი დანაშაული ამ ახალგაზრდა ბიჭმა ჩაიდინა. მოდიოდა და მოხუცს აკითხავდა. არანაირი კონფლიტი მათ შორის არ ყოფილა. 

როგორც ვიცით ბებიის და იყო, გაუთხოვარი მარტოხელა ქალი. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძარცვის მიზნით მოკლა, მაგრამ მოხუცს სახლში არაფერი ჰქონდა. მერე კი გაირკვა, რომ მას ქალის ბინა უნდოდა, რაზეც უარი მიიღო. 

შესაძლოა ეჭვობდა, რომ ბინის მიცემას სხვა ნათესავისთვის  აპირებდა. ამიტომაც ქალი ჯერ მოკლა, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდა. უნდოდა მოხუცის ცხედარი და სახლი დაეწვა. ამით კვალსაც გააქრობდა და იფიქრებდნენ, რომ ქალს ჩაეძინა ან რაღაცა და ხანძრის დროს დაიღუპა“,-აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი. 

ახალგაზრდა მამაკაცი კი წარდგენილ ბრალს უარყოფს და  მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ დანაშაულის დღეს მოხუცი მოინახულა.

საქართველოს პროკურატურა კი განაჩენის გამოტანის შემდეგ განცხადებას ავრცელებს. 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის  ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 16 მარტს თბილისში, გლდანის რაიონში, ანგარების მოტივით ბრალდებულმა ნათესავი ქალი, მისსავე ბინაში დანით კისრის არეში დაჭრა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით გარდაცვლილს ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა, ასევე, დაეუფლა გარდაცვლილის კუთვნილ ტელევიზორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×