ელზა პაპოშვილი
18.01.2023

ყოფილი პოლიციელი დედ-მამის მკვლელობას უარყოფს და იფიცება, რომ ეს დანაშაული არ ჩაუდენია. ის სასამართლო სხოდმაზე მოსამართლის დარწმუნებას ცდილობდა იმაში, რომ მშობლები არ დაუხოცია და მტკიცებულებები პოლიციამ გააყალბა. გიორგი  ბერუზაშვილი ცხრა თვის წინ დააკავეს. გამოძიების მიხედვით, მან მძინარე მშობლები ჯერ იარაღით დახოცა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.  

საზარელ მკვლელობას ის გამომძიებელთან დაკითხვის დროს დეტალურად ყვებოდა და დანაშაულს აღიარებდა. მისი ჩვენება მოსამართლეს პროკურორმა  მტკიცებულების სახით წარუდგინა. თუმცა მან სასამართლო სხომაზე ჩვენება შეცვალა და ამბობს, რომ ეს აღიარება მასზე პოლიციამ  ფსიქოლოგური ზეწოლის და მოტყუების შედეგად მოიპოვა. 18 იანვარს დასკვნით სასამართლო პროცესზე ყოფილმა პოლიციელმა დარბაზში საბოლოო სიტყვით ისარგებლა. ის 20 წუთის განამვლობაში მოსამართლისთვის  იმის ახსნას ცდილობდა, რომ დამნაშავე არ იყო.   

„რას უშლიდა ჩემი და თუ საგამოძიებო პროცეს გადაიღებდა? თუ პოლიციას ადგილზე რაღაცა ნამაიმუნარი არ ჰქონდა, სხვა რა პრობლემა უნდა ჰქონოდათ? ან შემთხვევის ადგილას ვიდეო თავად გადაეღოთ. როდესაც ჩემგან დნმ-ის სახით ნერწყვი აიღეს,   პოლიციელებს მაქსიმუმ 5 საათი ჰქონდათ იმისთვის, რათა მანიპულაციები მოეხდინათ და დნმ გაეყალბებინათ. სახლში ყველგან ბენზინის კვალი იყო და ერთი ნამცეცი ბენზინი არც ჩემს ტანასცმელზე და არც სხეულზე არ არის აღმოჩენილი. 

ამას პროკურორი რანაირად ახსნის? გამოძიების  მიხედვით დედაჩემი ვითომ ლოგინში მოვკალი და მერე ჩემს მიერ არის გადმოსვენებული. ლოგინში სისხლის კვალი არ არის აღმოჩენილი. ხოლო მე თუ გადმოვასვენე, დედაჩემის ტანსაცმელზე ჩემი დნმ არ არის. თავიდანვე საუბრობდნენ, თითქოს თამაშის გამო რაღაცა ფინანსური პრობლემები მქონდა. ჯერ ერთი ვერსია ეს იყო, მერე მეორე ვერსია თითქოს  სესხის გამო დავხოცე. თავად წარმოადგინეს ჩემი საბანკო ამონაწერი, სადაც ყოველ წელს ასიათასზე ნაკლები თანხის ბრუნვა არ მაქვს. ჩემმა დებმა სასამართლოზე ძალიან კარგად დააფიქსირეს ჩემს მშობლებთან რა ურთიერთობაც მქონდა“, - განაცხადა ბრალდებულმა სასამართლოში.  

პროკურორებს კი აქვთ მოლოდნი, რომ მოსამართლე საქმეში არსებულ მტკიცებულებებს გაიზიარებს და ყოფილ პოლიციელს უმკაცრეს სასაჯელს მიუსჯის.  

გამოძიების მიხედვით, ბეროზაშვილს დედ-მამასთან კონფლიქტი 2019 წლიდან ჰქონდა - ის მამის დაუკითხავად 21 000 დოლარს დაეუფლა, რომლის ნაწილიც ტოტალიზატორში დახარჯა. პროკურორი ამბობს, რომ მამის მხრიდან თანხის დაბრუნების მოთხოვნამ კონფლიქტი გამოიწვია. უთანხმოება წარმოიშვა დედასთანაც. ამიტომ მან ორივეს მოკვლა განიზრახა. 

2022 წლი 27 აპრილს  ვაზისუბანში კორპუსში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ადგილზე მისულმა მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მომდევნო დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს პირი, რომელმაც მძინარე მშობლები მოკლა, შემდეგ კი დანაშაულის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, სახლში ხანძარი გააჩინა, კარი ჩაკეტა და მიიმალა. მან სახლიდან ფული და ძვირფასეულობა წაიღო. 

ბეროზაშვილის მშობლების, ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. ამიტომ გამოძიებამ საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა. გამოძიება კი კამარების ჩანაწერის მიხედვით შვილის კვალზე მალევე გავიდა. აღმოჩნდა, რომ ბოლო ვინც დედ-მამის სახლში შევიდა 30 წლის გიორგი ბეროზაშვილი იყო. 

ვაზისუბანში მოკლული მამაკაცი ბრატისლავას უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის კონსულტანტი, ზაზა ბეროზაშვილი იყო. ის საზღვარგარეთ მუშაობდა და  საქართველოში პერიოდულად ჩამოდიოდა, იგი ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე მიწვეული ტრენერი იყო და საჯარო ლექციებს ატარებდა. 

გიორგი ბეროზაშვილმა გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში დეტალურად ჰყვება, თუ როგორ ჩაიდინა მკვლელობა. ჩანაწერში, სადაც საგამოძიებო მოქმედებას თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილი აწარმოებს, ბრალდებული აცხადებს, რომ მამასთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც მან ბანკიდან სესხი აიღო.

„ფული, დოლარიც და ლარიც დედაჩემის ოთახში იყო შენახული. ამიტომ ჯერ მამაჩემის ანგარიშზე შევედი და ბანკიდან 5 500 დოლარი გადავირიცხე. ამაზე დედაჩემიც და მამაჩემიც გამიბრაზდნენ. ორივესთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა“, - ყვება ჩანაწერში ბრალდებული. 

მისივე თქმით, დანაშაული შემთხვევამდე 5-6 დღით ადრე დაგეგმა. ყოფილი პოლიციელის თქმით, მშობლები სხვადასხვა ოთახში იყვნენ, ჯერ მამა მოკლა, შემდეგ დედასთან შევიდა, „ცოტა შეფხიზლებული მოეჩვენა, შეეშინდა, რომ ყვირილი არ აეტახა  და ისიც მოკლა“.

„მამაჩემს რომ ვესროლე, საწოლში იწვა და ეძინა. დედაჩემი მეორე ოთახში იყო და რომ შევედი ცოტა შეფხიზლებული იყო. ამიტომ მისი თავიდან მოშორებაც გადავწაყვიტე. ვერ იტანდნენ ჩემი დები მამას, დედაჩემთან ჩხუბობდნენ რაღაცებზე“, - აცხადებს ბეროზაშვილი.

ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ მას ბენზინი არ ჰქონია, სახლში კი გაზი გაუშვა და ქაღალდებით გააჩინა ცეცხლი. პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კითხვაზე, თუ რას აპირებდა ის მკვლელობის შემდეგ, ბეროზაშვილმა უპასუხა, რომ „ჩაცხრებოდა ეს ამბავი და ცხოვრებას უბრალოდ გააგრძელებდა“.       

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×