ელზა პაპოშვილი
23.01.2023

საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ 4  დღე გავიდა, თუმცა ადგილობრივებს ჯერ კიდევ არა აქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ დახოცა ყოფილმა სამხედრო ნოდარ ათუაშვილმა მეზობლები და პოლიციელი, რომელიც ადგილზე სიტუაციის გასარკვევად მივიდა. 

37 წლის გამომძიბელი ოთარ ღვინიაშვილი 18 წლის გოგონას გადაეფარა, რის შედეგადაც ჭრილობა გულის არეში მიიღო. სავარაუდოდ, გამოძიება მუშაობს ვერსიაზე,  მოხდა თუ არა სისხლიან ანგარიშსწორებამდე მოკლულებსა და ყოფილ სამხედროს შორის კონფლიქტი. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ კონფლიქტი ნათლისღების ღამეს სუფრაზე დაიწყო, რის შემდეგადაც ათუაშვილმა მეზობლებზე შურისძიების მიზნით იარაღი გამოიტანა და უმისამართო სროლა დაიწყო.     

მან ჯამში 4 ადგილობრივი და ერთი პოლიციელი მოკლა, შემდეგ კი თვითლიკვიდაცია მოახდინა. ადგილობრივების ნაწილი კი ამ ვერსიას გამორიცხავს და უარყოფენ ვარაუდს, რომ შესაძლოა ყოფილ სამხედროს კონფლიტი სუფრაზე მოსვლოდა. 

ისინი ამბობენ, რომ მამაკაცი ადგილობრივებს არ ეკონტაქტებოდა, შესაბამისად, მათთან ერთად სუფრაზე ვერ იქნებოდა. ამიტომ მათი ვერსია ისევ პოსტრავმულ აშლილობას უკავშირდება და ფიქრობენ, რომ გამოძიებამ უნდა გაარკვიოს რატომ გაუშვეს ის თავდაცვის სამინისტროდან და ჰქონდა თუ არა ჯანმრთელობის პრობლემები. 

რაც შეეხება ათუაშვილის დაკრძალვას, მიცვალებულის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება და გასაიდუმლოებულია. ასევე, პროტოკოლის მიხედვით, პოლიციამ ყოფილი სამხედროს ცოლ-შვილი დაკითხვის შემდეგ პოლიციის შენობის უკანა მხრიდან გაიყვანა.   

ამ დრომდე კი კლინიკაში რჩება 3 დაჭრილი, ერთის მდგომარეობა ისევ მძიმეა. 24 წლის ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა.  

ამასთან, დღეს თბილისში, ვახტანგ გორგასლის ეკლესიაში პოლიციელის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება, ხვალ კი 37 წლის ოთარ ღვინაშვილს მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ. 

„არ ვიცი გამოძიებასთან ეს ხალხი რას და რატომ ამბობს, მაგრამ მსგავსი ვერსია რომ თითქოს კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო, არასწორია. ეს კაცი 5 წელია ჩვენი მეზობელია, მაგრამ, არავისთან არ კონტაქტობდა. 

„მითუმეტეს საქეიფოდ ადგილობრივებთან არ დაჯდებოდა. თუ მანამდე რამე პორბლემა არსებობდა, ეს არ ვიცით. ალბათ ამას დეტალურად შვილი მოყვება, რომელმაც იცის მამა რამ გამოიყვანა წყობიდან. მოლოტოვის კოკტეილის ბოთლებსაც კი ისროდა. ამდენი იარაღი და შეიარაღება საიდან ამ კაცს. ფაქტია, რომ რაღაცა პორბლემები ადამიანს ჰქონდა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომ სუფრაზე ერთად იყვნენ მოკლულები და დამანაშავე არასწორი ვერსია მგონია. რატომ ავითარებენ ამ ვერსიას აზრზე არ ვარ“,-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

მოწმეების დაკითხვიდან გამოსულმა რამდენიმე თვითმხილველმა კი განაცხადეს, რომ მკვლელობის მოტივი შესაძლოა ყოფილ სამხედროსა და მოკლულ ერთ-ერთ ახალგაზრდას შორის დაწყებული კონფლიქტი იყოს. ისინი მედიასთან არ აკონკრეტებენ საიდან და ვისგან აქვთ მსგავსი ინფორმაცია, თუმცა, ამბობენ, რომ ჭორის დონეზე ეს ვერსია გაიგეს.  

„გამოძიება ყველა ვერსიასა და  მიმართულებაზე მუშაობს. ადგენენ რა მოხდა სროლამდე. ვისთან ჰქონდა მას კომუნიკაცია და რატომ. მან სროლა ჯერ ავტოფარეხიდან დაიწყო, რომელიც მეზობლისგან პირველ კორპუსში ჰქონდა დაქირავებული. იქიდან სროლა-სროლით წამოვიდა და მერე „იოლის“ მაღაზიას დაუშინა. 

„შემდეგ სახლში მესამე სართულზე ავიდა და იქიდან ისროდა. არ ვიცით რა იყო მიზეზი, მაგრამ ამბობენ, რომ ის ავტოფარეხში მოკლულ ბიჭებთან ერთად იყო და მათთან შელაპარაკების შემდეგ იარაღი გამოიტანა. სამი ახალგაზრდა იქვე მოკლა. მე-4 ბიჭი ერთ-ერთი გარდაცვლილის მამიდაშვილია, რომელიც ბიძაშვილის საძებნელად სროლის შემდეგ გამოვიდა. მან კი უკვე მეოთხე ბიჭი სწორედ ამ დროს მოკლა. პოლიციელი კი მაღაზიასთან გოგონას გადაფარების შემდეგ დაიღუპა. ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა ვისგან ვიცით, ასეთი ჭორი გავიგეთ და ალბათ გამოძიება პასუხს გასცემს“, - აცხადებს თვითმხილველი.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×