ელზა პაპოშვილი
26.01.2023

არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის საქმე და დაზარალებულების შეცვლილი ჩვენება. სერგი ქურთიაშვილი და გიორგი კაჭკაჭიშვილი ამტკიცებენ, რომ ძმებ კაკულიებს ბავშვობიდან იცნობდნენ და მათი მისამართით კაკულიებს არ უსვრიათ. სასამართლოზე დღეს ორივე მთავარმა მოწმემ, ძმების გათავისუფლება მოითხოვა.

ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაშავდა გიორგი კაჭკაჭაშვილიც. ძმებს ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.   

ადვოკატი გიორგი ანთაძე იმედოვნებს, რომ სასამართლო ძმებ დავით და გურამ კაკულიების მიმართ ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს, რომლებსაც სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაიჭრა ქურთიაშვილის მეგობარი, გიორგი კაჭკაჭაშვილი.

ადვოკატმა ჟურნალისტებთან შეაფასა დაზარალებულების, სერგი ქურთიაშვილის და გიორგი კაჭკაჭაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად, ძმები კაკულიები არ არიან ის პირები, რომლებიც მათ გასული წლის მაისში თავს დაესხნენ. ადვოკატის თქმით, დაზარალებულთა ეს ჩვენებები პროკურატურის ვერსიას თავდაყირა აყენებს.

„დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლო დაეყრდნობა ობიექტური, ნეიტრალური მოწმეების ჩვენებას და მიიღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ამ მოწმეების ჩვენებები და საქმეში მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს წარმოშობილი საკითხი აბსოლუტურად თავდაყირა დააყენებს ბრალდების მხარის ვერსიას. აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ ობიექტური გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

ამასთან, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი იარაღი, რომელიც სამართალდამცველებმა ძმები კაკულიების დაკავების დროს ამოიღეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სახელზეა რეგისტრირებული. იარაღი კი, ჟვანიას მეუღლის მტკიცებით, მათი სახლიდან წლების წინ დაიკარგა. ადვოკატმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ამ ნაწილში დაიკითხა თუ არა ჟვანიას შვილი, ბესარიონ ჟვანია.

„ბუსა ჟვანიას და დანარჩენი მოწმეების გამოკითხვა გამოძიების ინტერესში უნდა შესულიყო და თავად გამოძიებამ არ გამოჰკითხა. რაც შეეხება აღნიშნულ იარაღს, მას შემხებლობა არ აქვს სერგი ქურთიაშვილის და გიორგი კაჭკაჭაშვილის ნაწილში. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია გავაჟღერეთ, რომ ეს იარაღი ჩადებული იყო კონკრეტული პირების მიერ", - განაცხადა გიორგი ანთაძემ.   

პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სერგი ქურთიაშვილსა და გიორგი კაჭკაჭაშვილს იარაღით ძმები, დავით და გურამ კაკულიები დაესხნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა დაზარალებულების, ქურთიაშვილისა და კაჭკაჭიშვილის მიერ სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებას, რომ მათზე თავდასხმა ძმებ კაკულიებს არ განუხორციელებიათ.

პროკურორის თქმით, ბრალდებულების გამტყუნება თუ გამართლება საბოლოოდ სასამართლოს პრეროგატივაა და შესაბამისად, დაზარალებულები ბრალდებულებს ვერ გაამართლებენ. როგორც პროკურორმა აღნიშნა, როდესაც ძმებ კაკულიებს ბრალი წარუდგინეს, დაზარალებულების - სერგი ქურთიაშვილის და გიორგი კაჭკაჭაშვილის მიერ მიწოდებულ ჩვენებას, მაინც და მაინც, არ ემყარებოდნენ იმიტომ, რომ ისინი გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ. თამარ ყულჯანაშვილის განმარტებით, ბრალდება ემყარება სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტური და ნეიტრალურია.     

მისი თქმით, მაშინ, როდესაც დაზარალებულები - სერგი ქურთიაშვილი და გიორგი კაჭკაჭაშვილი აცხადებენ, რომ ძმები კაკულიები არ არიან თავდამსხმელები, საქმეში წარმოდგენილი ჰაბიტოსკოპიური დასკვნით დგინდება, რომ პირები, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან გადაადგილდებიან, ნამდვილად ძმები დავით და გურამ კაკულიები არიან.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰყავდა აბსოლუტურად ნეიტრალური მოწმე, ფაქტის შემსწრე, რომელმაც ცალსახად დაადასტურა, რომ მან ერთ-ერთი პიროვნების აღწერილობა დაინახა, ამოიცნო და ეს არის გურამ კაკულია.

კითხვაზე, დაცვის მხარემ განახორციელა თუ არა მოწმეებზე ზეწოლა, რათა სასურველი ჩვენება მიეღო, პროკურორი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე, დამატებითი შეფასებებისგან თავს შეიკავებს.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×