ელზა პაპოშვილი
22.02.2023

ბადრი ესებუა 20 დღისთ ფსიქიატრების დაკვირვების ქვეშ იქნება, რათა დაადგინონ როგორი იყო მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა დანაშაულის ჩადენის მომენტში. დაცვის მხარე მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ბადრი ესებუამ ოთხშაბათის პროცესზე განაცხადა, რომ ის „ალაპარაკდება“, მისი ადვოკატმა კი მოსამართლის გადაწყვეტილებას „სისულელე“ უწოდა, რომელიც ესებუას დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

22 თებერვლის სხდომაზე „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის თანამშრომლები და ის მოქალაქეები დაიკითხნენ, რომლებიც, გამოძიების ინფორმაციით, ესებუას დაყაჩაღების დროს მძევლად ჰყავდა აყვანილი.

სხდომას ესებუაც ესწრებოდა, რომელიც პროკურატურის შეკითხვებს პასუხობდა. ადვოკატების განცხადებით, ესებუას ობიექტური სასამართლოს იმედი არ აქვს და ითხოვს, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. მათივე თქმით, განმეორებით ექსპერტიზას ესებუა იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მისი წარმომადგენელიც იქნება პროცესში ჩართული.   

გამომდინარე იქიდან, რომ საქმეზე მოსამართლე შეიცვალა, უკვე გამოკითხული მოწმეები თავიდან უნდა გამოიკითხონ.  

პროცესზე, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი იკითხებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ პირი, რომელიც ბანკს თავს დაესხა, ისე იყო შენიღბული, რომ მისი იდენტიფიცირება უჭირს.

დაზარალებული პროკურორისა და ადვოკატების კითხვებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა. დაცვის მხარის კითხვაზე, თუ აკავშირებდა ის ბადრი ესებუას ბანკში შეჭრილ მძარცველთან, დაზარალებულმა უპასუხა: 

„ფიზიკურად ისეთი შენიღბული იყო, ნაცნობიც რომ ყოფილიყო, ვერ გავაკეთებდი იდენტიფიცირებას“. 

მოსამართლემ ბრალდებულს მიმართა დაზარალებულისთვის კითხვა დაესვა, რაზეც ესებუა მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

„ჩემი თხოვნა იქნება, რომ არ აწვალოთ ეს ადამიანი. მე ვხედავ, რომ ძალიან ცუდ დღეშია და არ ჩაგდოთ ასეთ მდგომარეობაში“.  

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულის ბადრი ესებუას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ბრალდების მხარე ფსიქიატრიული ექსპერტიზის მოთხოვნით, ბრალდებულის დისკრედიტაციას ცდილობს. მისი თქმით, აღნიშნულ შუამდგომლობას მტკიცებულებები არ ახლდა, ამიტომ, გარდა ესებუას პიროვნების დისკრედიტაციისა, ამ გადაწყვეტილებას სხვა საუძველი არ გააჩნია. 

„პრორკურატურის მოთხოვნის დაყენება და შემდეგ მოსამართლის მხრიდან მისი დაკმაყოფილება ბადრი ესებუას ფსიქიატრიული ექსპერტიზის შესახებ სისულელეა. აღნიშნულ შუამდგომლობას არანაირი მტკიცებულება არ ახლდა, მხოლოდ ბრალდების მოსაზრება იყო, ვინაიდან მსგავს შემთხვევებში „ფორმა 100“ არის წარმოდგენილი, ან მოწმის გამოკითხვის ოქმი, სადაც დადასტურდებოდა, რომ, მაგალითად, ბადრი ესებუას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ის რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში არაადეკვატურად იქცეოდა და ა.შ. ესებუას მსგავსი პრობლემის შესახებ არანაირი მტკიცებულება პროკურატურას არ წარმოუდგენია. ეს მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ მისი, როგორც პიროვნების დისკრედიტაცია მოხდეს.     

„ასევე მოწმეების განცხადება იმის შესახებ, რომ მძარცველი თანხას სახელმწიფოსგან ითხოვდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ბრალდების მხარეს ჰყავს ისინი ასე დარიგებული, რათა ამ ფორმით ესებუას ბრალდება ტერორიზმის მუხლში გაიყვანოს. არადა ყველმ კარგად ვიცით, რომ ეს თანხა „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა და მსგავის მოთხოვნა მძარცველისგან არც კი გაჟღერებულა. 

„უნდათ ის ტერორისტად გამოაცხადონ, რაც არ გამოუვათ. ჩვენ ნაფიც მსაჯულებს ვითხოვთ და ვფიქრობი ისინი მიუკერძოვებლად გადაწყვეტენ რეალურად არის თუ არა ის დამნაშავე“, - ამბობს კობახიძე „რეზონანსთან“.

ბრალდების მხარეს კი  მიაჩნია, რომ აუცილებელია გაირკვეს ბადრი ესებუას ფსიქიკური მდგომარეობა.

„ჩადენილ დანაშაულის ხასიათის და საზოგადოების საშიშროებიდან გამომდინარე, აუცილებელია გაირკვეს ბადრი ესებუას ფსიქიკური მდგომარეობა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს. ექსპერტიზის ჩატარების გარეშე კარგად მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული საკითხის გარკვევა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაც დავალებული აქვს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. 

„აქედან გამომდინარე, ჩვენ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 181-ე მუხლის საფუძველზე შუამდგომლობთ, რომ ბადრი ესებუა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებამდე 20 დღით მოთავსებული იქნეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. აუცილებელი და მნიშვნელოვანია დადგინდეს ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა დანაშაულს ჩადენის მომენტში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ექსპერტიზის დანიშვნა და შემდგომ მისი მოთავსება ამ სტაციონარულ დაწესებულებაში“, - განაცხადა პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ სასამართლოზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×