რეზონანსი
23.02.2023

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით განხორციელებულ რეფორმებზე, გლობალურ პროექტებზე, გაზრდილ ხელფასებზე, პენსიებზე, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ღარიბაშვილი მაშინ მოვიდა ხელისუფლებაში, როცა ეკონომიკა პანდემიის გამო ჩაკეტილი იყო და სწორედ მისი გადაწყვეტილებით მოხდა გახსნა და შემდგომ განვითარება.

„2 წლის შეფასება თავიდან უნდა დავიწყოთ იმით, რომ ღარიბაშვილის მოსვლა დაემთხვა იმ პერიოდს, როცა ეკონომიკა ჩაკეტილი იყო, 2020 წელს ვგულისხმობ და იყო ეკონომიკური ვარდნა, მთელი რიგი პრობლემები იყო ბიზნესთან დაკავშირებით...

ღარიბაშვილი როცა პრემიერად მოვიდა, პირველი რაც გააკეთა, ეს იყო ეკონომიკის გახსნა. სხვათა შორის მაშინ ბევრი ოპონენტი ჰყავდა, იყვნენ როგორც ეკონომიკის გახსნის მომხრეები, ასევე, მოწინააღმდეგეები. მან აიღო პასუხისმგებლობა და მოახდინა ეკონომიკის გახსნა, მართალია ეტაპობრივად, მაგრამ პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული იყო.

დრომ აჩვენა, რომ გადაწყვეტილება ეკონომიკის გახსნაზე აბსოლუტურად გამართლებული აღმოჩნდა. პანდემიური პერიოდიც გადავლახეთ, 2021 წელს ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შემდეგ გაგრძელდა ეს აღებული ტემპი, შარშანაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა და დიდი ალბათობით წელსაც მაღალი ზრდა გვექნება“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ყველა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც იყო ექსპორტის მხარდამჭერი, კი არ შემცირდა, არამედ კიდევ უფრო გაიზარდა.

„ექსპორტი 18%-ით არის გაზრდილი, დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც გამოქვეყნდება, საკმაოდ მაღალ ციფრებში აისახება. შეიძლება ორნიშნაც კი იყოს. ბევრი ფაქტორის გამოყოფა შეიძლება, ექსპორტის მხარდაჭერა გაგრძელდა ანუ ყველა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც იყო ექსპორტის მხარდამჭერი, კი არ შემცირდა, კიდევ უფრო გაიზარდა და ამან მოიტანა შედეგები, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავთ.

როცა ეკონომიკური ზრდა მაღალია, ამ ზრდას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. არავის ეგონა, რომ ასეთ მოკლე დროში ტურიზმი აღდგებოდა პანდემიის შემდეგ. ჩვენ შარშან ვნახეთ, რომ ტურიზმი არა თუ აღდგა, არამედ გადააჭარბა კიდევაც 2019 წლის მაჩვენებელსაც.

მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი - ტურიზმთან ერთად, რომელიც კონტრიბუტორია დასაქმებაში, არის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც დაკავშირებულია ბიუჯეტთან. თქვენ ნახეთ როგორ არის გაზრდილი და 9%-მდე იყო ბიუჯეტის დეფიციტი გაზრდილი პანდემიურ პერიოდში იმის გამო, რომ ქვეყანას მოუწია საგარეო ვალების აღება ბიუჯეტის დეფიციტი გასულ წელს შემცირდა იმ მაჩვენებლამდე თითქმის, რაც იყო 2019 წელს.

ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ შემცირდა საგარეო ვალი, 60%-ზე მეტი იყო და ჩვენ ვნახეთ, რომ გასულ წელს 39%-მდე შემცირდა. ძალიან მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ფაქტორებია, რომელსაც ინვესტორები უყურებენ.

უცხოური ინვესტიციები ყველა პროგნოზით და შეფასებით გვექნება ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2 მილიარდამდე და მეტიც, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით. ეს არის რეალობა“, - ამბობს გიორგი ცუცქირიძე.

მისივე განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც ქვეყანას აქვს, ეს არის გლობალური ბაზრების ზეგავლენა ეკონომიკაზე და მაღალი ინფლაცია.

„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც გვაქვს, ეს არის გლობალური ბაზრების ზეგავლენა, მათ შორის ომის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, მაღალი ინფლაცია, ასეთი მაღალი ინფლაცია აშშ-ში და ევროპაში არ ყოფილა ბოლო 40 წლის მანძილზე, მაგრამ ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერმა მიიღო, შეეხებოდა მედიკამენტებს და თურქეთის ბაზრის გახსნას. მოხდა ფასების დაწევა და მეორე საკითხი იყო, რეფერენტული რეფორმა, რომელიც შვებაა ადამიანებისთვის. ვგულისხმობ, ისეთ მედიკამენტებს, რომელიც დიაბეტის, სიმსივნის და გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებს სჭირდებათ. წამლები 80%-ით იაფდება და ეს არ ძალიან მნიშვნელოვანი.

პრობლემა არის, რა თქმა უნდა, ნავთობზე მაღალია ფასები, მიუხედავად იმისა, რომ ლარი გამყარებულია ბოლო თვეების განმავლობაში, კვლავ მაღალი იყო ფასები სასურსათო პროდუქციაზე, ძირითადად იმპორტის პროდუქციაზე, გაირკვა რომ 100%-იანი ფასნამატით ხდებოდა მომხმარებლამდე მისვლა, აქაც ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როცა პრემიერმა აიღო თავის თავზე და კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს დაავალა ამ მიმართულებით მუშაობა. პრემიერის ბოლო განცხადება მთავრობის სხდომაზე დამაიმედებელია იმ კუთხით, რომ ფასები ძირითად სასურსათო პროდუქციაზე იქნება დაწეული“, - აცხადებს ექსპერტი.

ამასთან, გიორგი ცუცქირიძე გლობალურ პროექტებსაც უსვამს ხაზს, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ხორციელდება.

„მთავარი - გლობალური პროექტები უნდა გამოვყო, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ხორციელდება - შავ ზღვაზე გამავალი ელექტროკაბელი, ეს არის გლობალური პროექტი, მასშტაბური, რომელიც ქვეყანას სულ სხვა კუთხით წარმოაჩენს საერთაშორისო ინვესტორებთან.

ასევე, ანაკლიის პროექტი. სახელმწიფო არამხოლოდ ინვესტორებთან აწარმოებს მოლაპარაკებას, არამედ როგორც 51%-იანი წლის მფლობელი ამ გლობალურ პროექტში, თვითონ დაიწყებს ამ წელს მთელი რიგი სამუშაოების შესრულებას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქვეყნის სავიზიტო ბარათია, როცა ქვეყანა ორ მსხვილ პროექტს აწარმოებს.

რაც შეეხება დასაქმებას, უმუშევრობა შემცირებულია და ისტორიულ მინიმუმზეა. ამასთან, ბევრი სკოლა შენდება და რეაბილიტაცია უტარდება ბაგა-ბაღებს. ეს პროექტები ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ხდება მუშახელის დამატება.

რაც შეეხება დევნილებისთვის ბინების გადაცემას, სახელმწიფომ ვალდებულება აიღო თავის თავზე და ფართები გადაეცათ მათ. ეს პროცესი კი არ შეჩერდა, პირიქით კიდევ გაფართოვდა, მათ შორის სამხედროებისთვის ბინების გადაცემის საკითხი, სახელმწიფო ამ მიმართულებითაც, ასევე, საკმაოდ მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.

სახელმწიფოს მოვალეობაა სოციალური პასუხისმგებლობა, ამიტომ ამ კუთხით ჩვენ ვაშენებთ სოციალურად პასუხისმგებელ ქვეყანას. სახელმწიფო მონაწილეობს ბიზნესის მხარდაჭერაშიც და სხვადასხვა სოციალური პროექტების დაფინანსებაში.

ამასთან, ხელფასებია გაზრდილი, 2022-23 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ ჯამში 30%-ით, სხვა საჯარო მოხელეებს 20%-ით. პენსიები გაიზარდა, სოციალურად დაუცველ ბავშვებს 200 ლარიანი დახმარება დაენიშნათ და ამ პროექტის ბიუჯეტი  500 მილიონია.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მომავალ წელსაც მაღალი ზრდა გვექნება, ხელფასების ზრდა გაგრძელდება და მთავარი ამოცანაა, მოხდეს კერძო და საჯარო სექტორში ხელფასების დონის გათანაბრება, რომ ასიმეტრია არ იყოს“, - დასძინა გიორგი ცუცქირიძემ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×