ელზა პაპოშვილი
27.02.2023

ორი წლის შვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს, აღკვეთი ღონისძიების სახით,  პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება დახურულ პროცესზე 25 თებერვალს მიიღო. 

სასამართლო პროკურორის შუამდგომლობისა და ბრალდებულის ადვოკატის თანხმობით დაიხურა. სახელმწიფო ბრალდება მამისათვის, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, დამატებით ჩატარებულმა სამედიცინო ექსპერტიზამ, მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დაადასტურა, რაც ბრალის გადაკვალიფიცირების მიზეზი გახდა.

გირაოს ითხოვდა ადვოკატი და თანხის განსაზღვრას სასამართლოს სთხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

ორი წლის შვილზე ძალადობისთვის კახეთში 24 თებერვლას მამაკაცი დააკავეს - 35-წლამდე კაცს სამწლიანი პატიმრობა ემუქრება. შსს-ის ცნობით, ბრალდებულმა 2 წლის შვილზე ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა ბავშვმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო. გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას. 

მომხდარის შესახებ პოლიციას ბავშვის ბებიამ აცნობა, რომელიც თავდაპირველად ირწმუნებოდა, რომ მცირეწლოვანზე დედა ძალადობდა, თუმცა, პოლიციის გამოკვლევის შემდეეგ აღმოჩნდა, რომ მოძალადე მამა იყო. უფრო მეტიც, მეზობლები ვარაუდობენ, რომ ძალადობის მსხვერპლი თავად 30 წლის ქალი არაერთხელ ყოფილა. რის გამოც მან ქმარი მიატოვა. 

ბებია კი კვლავ აცხადებს, რომ მისი შვილი 2 წლის გოგონაზე არ ძალადობდა. მხოლოდ რამდენჯერმე თუ წაამოარტყა, ისიც იმის გამო, რომ ღუმელთან არ მისულიყო. 

"ჩემი შვილი დღისით სახლში საერთოდ არ არის. სახლში ღამის  11-12 საათზე მოდის და ეგ როგორ სცემდა?! გამორიცხულია. თავად ამბობს, რომ "ფეჩთან" იდგაო [ბავშვი], რომ გამოვიყვანეო, შევაშინეო, ხელი დავარტყიო და ამაზე თუ დამიჭერენ, დამიჭირონო... სხვა დროს არ დაურტყია არა. ბავშვმა დამწვრობა ფეჩზე მიიღო და ის იძულებით ზედ არავის მიუგდია", - აცხადებს  ბავშვის ბებია. 

დაკავებულის დაც გამორიცხავს, რომ მის ძმას 2 წლის გოგონაზე ეძალადა. 

"არამგონია დაერტყა, ან საჯდომზე ამოარტყამდა ან მკლავზე, თორემ სახეში დარტყმა არ იცოდა ჩემმა ძმამ... არც დაარტყამდა. როცა [ბავშვი] "ფეჩთან" მივიდა, ალბათ მაგიტომ, დამწვრობები ჰქონდა და კიდევ რომ არ დაეწვა, გამოდიო ალბათ უთხრა და გამოიყვანა და დაარტყა," - აღნიშნავს დაკავებულის და.

ბავშვის ბიძა კი დედის მხრიდან ნებისმიერი სახის ძალადობას კატეგორიულად გამორიცხავს და ყოფილი სიძის ოჯახის ბრალდებებს უარყოფს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×