ელზა პაპოშვილი
05.04.2023

4-წლიანი პატიმრობა იარაღის ეპიზოდზე - ბადრი ესებუას საქმეზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საუბარია იარაღის ეპიზოდზე, ესებუა ბრალს აღიარებს. საქმე ეხება იმ იარაღს, რომელიც პოლიციამ ბრალდებულის დაკავებისას სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იპოვა.  

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას მიმდინარე წლის 9 თებერვალს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის მუხლით წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

მოსამართლე შოთა ბიჭაიას კითხვაზე, თავს ხომ არ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ, ბადრი ესებუამ უპასუხა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, თუმცა მისი შეფასებით, ეს დანაშაული არ არის. 

„დამნაშავედ რამდენად ვცნობ [თავს] არ ვიცი, მაგრამ იარაღი ჩემი იყო და დანაშაული არ ჩამიდენია, მე ასე ვფიქრობ“, - განაცხადა ბადრი ესებუამ. 

როგორც ესებუას ადვოკატი ამბობს, მას დაკავების მომენტში იარაღი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა მისი გამოყენება არ უცდია. ბადრი ესებუას ადვოკატის ხათუნა ჯანაშიას თქმით, ბრალდების მხარე სასჯელის მაქსიმუმს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა გაითვალისწინა.

„ამ დანაშაულს ბადრი ესებუა აღიარებდა, ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო სასჯელის მაქსიმუმი, თუმცა სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა, ის, რომ გაეთვალისწინებინა ბრალდებულის აღიარება, ის, რომ მან ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და სწორედ ამიტომ სასჯელი განსაზღვრა 4 წლის ვადით. სანქციით აღნიშნული ითვალისწინებს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო სასამართლომ 4 წელი დაადგინა,“- განაცხადა ხათუნა ჯანაშიამ  

დაცვის მხარე ბრალდებულის მიერ ფაქტის გულწრფელი აღიარებიდან გამომდინარე სასჯელის მინიმუმის გამოტანას მოითხოვდა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

„გულწრფელობა არ ნიშნავს, აღიარო ფაქტი, რომ იარაღი მას ჰქონდა. აქ საუბარია იარაღის წარმომავლობაზე. მოგეხსენებათ, რომ იარაღი არის უკანონოდ შეძენილი. გამოძიება მიმდინარეობს ამ იარაღის გასაღების ფაქტთან დაკავშირებით. ამ კუთხით ბრალდებული დუმს, არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. ასევე განმარტება არ გაუკეთებია არც სასამართლო სხდომის დარბაზში არც პირადად და არც ადვოკატებს, შესაბამისად, ფაქტის აღიარება არ კმარა“, - განაცხადა პროკურორმა მირანდა წერეთელმა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×