ელზა პაპოშვილი
09.04.2023

პოლიცია ამ დრომდე ცდილობს გაარკვიოს რა გახდა თბილისის ცენტრში 10-მდე ახალგაზრდის ფიზიკური და შეიარაღებული დაპირისპირების მიზეზი და დაადგინოს და მათი ვინაობა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დღის საათებში ჩხუბის და ავტომობილების დაჯახების ხმა გაიგონეს, გარეთ გამოსულებმა კი მოჩხუბარი ახალგაზრდები დაინახეს. მომხდარის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, რომელიც რუსეთის მოქალაქემ გადაიღო. კადრებში ჩანს, რომ ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე, ახალგაზრდები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი შელაპარაკება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. 

ქუჩის სათვალთვალო კამერის წინ უცნობი პირები ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდნენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ასევე ჩანს, რომ დაპირისპირებული ახალგაზრდები ერთმანეთს ავტომობილს აჯახებდნენ. 

დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ადგილობრივები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ეს ახალიგაზრდები მათი მეზობლები არ არიან. ისინი არ გამორიცხავენ,  რომ დაპირისპირება სპონტანურად, ყოფით ნიადაგზე მოხდა ავტომობილებს შორის გზის დათმობას უკავშირდება.   

„რაც ჩვენ დავინახეთ და კადრებიდანაც ჩანს, სავარაუდოდ, 10-მდე ახალგაზრდა დაუპირისპირდა ერთ-ერთ პირს, რომელიც ავტომობილშია. მას ქვებიც დაუშინეს. ადგილობრივები არ არიან. ვერცერთი ვერ ამოვიცანით. ვვარაუდობთ, რომ ქუჩაზე ორი ავტომობილი მიდიოდა და აქ რაღაც გატარება-არგატარების ამბავი შესაძლოა ყოფილიყო. ალბათ ამაზე მოხდა შელაპარაკება და მერე სხვები ჩაერთვნენ. 

„ფაქტია, რომ კონფლიქტი ერთ ადამიანთან აქვთ, რომელიც ავტომობილში ზის. სწორედ მისი მისამართით ისვრის ერთ-ერთი პიროვნება. მანამდე ხმაური ან ჩხუბის ხმა არ გაგვიგია“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ჩხუბი მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ხმაურზე მეზობლებმა გამოიხედეს და ნახეს, რომ ერთ ავტომობილს რამდენიმე ადამიანი ქვებით უსწორდებოდა. 

„პოლიცია ჩვენთან არ მოსულა. არ ვიცი ვინ გამოიძახა. როდესაც აივანზე გავედი, დავინახე, რომ ადამიანები იდგნენ. დარწმუნებული ვარ ვიდეო ბევრმა ადამიანმა გადაიღო. არ ვიცი ვინ იყო ან რამდენი ადამიანი იყო. გარეთ მას შემდეგ გავედი, რაც ხმაური გავიგე. სხვა დეტალები არავინ იცის. დამრჩა შთაბეჭდლება, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი იყო“, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.   

ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე  ექსპერტ-კრიმინალისტები და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ.  პარალელირად გამოკითხეს თვითმხილვეველბიც. ამოღებულია კამერის ჩანაწერებიც.  

პოლიციამ გამოძიება ჯგუფური ხულიგნობისა და იარაღის უკანონო გამოყენების მუხლით დაიწყო. ჟვანიას ქუჩაზე, იქ სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ, არაერთი სათვალთვალო კამერაა, თუმცა შსს ჯერჯერობით არ ამბობს ჰყავთ თუ არა იდენტიფიცირებული სავარაუდო დამნაშავეები. ამ დრომდე უცნობია ისიც, არიან თუ არა დაშავებულები თავდასხმის შედეგად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×