თამთა ჩაჩანიძე
18.04.2023

მაცაცო კუბლაშვილი 20 წელზე მეტია, ბავშვებს ემსახურება და მათი საყვარელი პედიატრია. კლინიკა „პროფესორის" კლინიკური დირექტორი და ევექსის მარნეულის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი მაცაცო კუბლაშვილი ახალ კვლევებს და ბავშვებში გავრცელებულ ინფექციებთან დაკავშირებით რჩევებს გვიზიარებს.

„რეზონანსი": ახლახანს გერმანული კომპანია ჰელის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ძალიან საინტერესო მოხსენება წარმოადგინეთ. თქვენი მიდგომაა მინიმალური წამალი ბავშვებს და მაქსიმალურად კვებით და ჰაერით იმუნიტეტის გაძლიერება. უფრო ვრცლად რომ გვიამბოთ ამ მიდგომის შესახებ?

მაცაცო კუბლაშვილი: ჩემი მოხსენება სრულად იყო აგებული ჩემ პრაქტიკულ დაკვირვებასა და შედეგებზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ პოლიფარმაცია არის ორგანიზმის არა განკურნების, არამედ მანკიერ წრეში ჩავარდნის გზა, უფრო კონკრეტულად, ბევრი წამალი, მათ შორის არამიზნობრივად გამოყენებული ანტიბიოტიკი, აზიანებს იმუნურ სისტემას, რომელიც, როგორც ფარი, ვეღარ იცავს ორგანიზმს მავნე აგენტების ზემოქმედებისგან და ავადობა ისევ იწყება ანუ იკვრება მანკიერი წრე. ბიორეგულაციური მედიცინა კი საშუალებას გვაძლევს მინიმალურად ,ზოგჯერ მონოკომპონენტურად ვუმკურნალოთ ავადობას, პრინციპით „მსგავსი იკურნება მსგავსით", რადგან ბიორეგულაციური პრეპარატები მიიღება მცენარეული, ცხოველური და მინერალური ნედლეულისგან.

ამიტომ ამ მეთოდით მკურნალობა ორგანიზმს აძლევს ბიძგს თავად ებრძოლოს ავადობას, ამით კი კიდევ უფრო ამაღლებს იმუნურ სტატუსს. დამეთანხმებით, რამდენად ღირებულია მინიმალური დანახარჯითა და მაქსიმალური, თანაც ხანგრძლივი ეფექტით მკურნალობა.

მშობლების საყურადღებოდ კი გავიმეორებ, რომ ხშირი ავადობა კი არ აქვეითებს იმუნიტეტს, არამედ ბევრი მედიკამენტი, ამიტომ ვადროვოთ ბავშვს, თავად შეებრძოლოს ინფექციას, მივცეთ ჯანსაღი საკვები, ხშირად გვყავდეს სუფთა ჰაერზე, დავტვირთოთ სპორტით შეძლებისდაგვარად, და განსაკუთრებით აკონტროლეთ ძილის რეჟიმი, არ დააძინოთ ბავშვი გვიან. გაამახვილეთ ყურადღება მავნე ჩვევებზე, განსაკუთრებით ონიქოფაგიაზე (ფრჩხილების კვნეტა), რომელიც იმუნური სისტემის დაქვეითების ერთ-ერთი გზაა.

„რ": ახლა ბაღებში ძალიან გავრცელებულია ქუნთრუშა და ჩუტყვავილა. როგორ გადავიტანოთ ეს მდგომარეობა უფრო მსუბუქად?

მ.კ: გეთანხმებით, თუმცა არა მხოლოდ ქუნთრუშაა მომრავლებული, ასევე ჩუტყვავილა ატიპიური გამონაყრით მიმდინარე ვირუსული ინფექციები, ასევე მეტად საყურადღებო ვირუსული დაავადება - მონონუკლეოზი. მოგეხსენებათ ბავშვთა ინფექციები, ე.წ. „ბატონები" ხალხურად, სასურველია ბავშვთა ასაკში გადაიტანონ პატარებმა. ყველა მათგანის გამომწვევია ვირუსი, ერთადერთია ქუნთრუშა ამ ჩამონათვალში, რომელსაც იწვევს არა ვირუსი, არამედ ბაქტერია, ამიტომ საშუალო და მძიმე მიმდინარეობის დროს აუცილებლად უნდა იყოს მიზნობრივი ანტიბიოტიკოთერაპია ჩართული, თუმცა აქვე დავკოკნკრეტდები, რომ არა მესამე თაობის (!!!) არამედ სასტარტო, პირველი თაობის. ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდან დაახლოებით 24 საათში ქუნთრუშას გადამდებლობა აღარ ააქვს. ადვილად გადატანაში კი აუცილებლად დაგვეხმარება დროული და ზუსტი დიაგნოზი და სწორი, მიზანმიმართული მკურნალობა

„რ": ზოგადად ვირუსების მხრივ მძიმე ზამთარი გვქონდა.. როგორ ფიქრობთ, დასრულდა კოვიდპანდემია?

მ.კ: დიახ, ასეა. მე თანამედროვე მედიცინა პირობითად გავყავი ორ ნაწილად - კოვიდამდელი და კოვიდშემდგომი პერიოდი. რა გითხრათ, ისეთი სიხშირით აღარ ხდება კოვიდის დიაგნოსტიკა, თუმცა ვირუსი არსად წასულა, ჩვენ გარშემოა და ავადობაც არის. მედიცინაში კი დიდი გადატრიალება მოახდინა, ამას ჩემი პრაქტიკულო დაკვირვების საფუძველზე ვაცხადებ და ალბათ კოლეგებიც მეთანხმებიან.

„რ": თბილისის ერთ ერთი მთავარი პრობლემა საცობები, მანქანების უზარმაზარი მასა და უხარისხო საწვავია, შესაბამისად, გაუარესებული ჰაერის ხარისხი. როგორ უნდა მოახერხონ მშობლებმა, უზრუნველყონ შვილების ჯანმრთელობაამ პირობებში?

მ.კ: ეს გლობალური პრობლემაა. ამ დროს განსაკუთრებთ სახიფათოა PAH ტოქსინები (პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები), რომელიც განსაკუთრებით აზიანებს ტვინის თეთრ ნივთიერებას, რაც ათვისების უნარის დაქვეითებას იწვევს. ამ პირობებში კი რაც უნდა გავაკეთოთ მშობლებმა ის არის, რომ ვაძლიოთ სათანადო რაოდენობის „ჯანსაღი" წყალი, როგორც ანტიოქსიდანტური უნიკალური საშუალება, ჯანსაღი პროდუქტები და კვირაში რამოდენიმეჯერ მაინც გავიყვანოთ თბილისის შემოგარენში არსებულ მწვანე ზონებში. დილით კი ძალიან ადრე, ავტოტრანსპორტის მომრავლებამდე გავასეირნოთ. აუცილებელია სეზონურად მივმართოთ კურორტთერაპიას.

„რ": აქვე გკითხავთ,, რატომაა ასე მომრავლებული ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებები?

მ.კ: ლოგიკურიცაა, რადგან ერთ-ერთი პასუხი ზემოხსენებული პრობლემაა - ჰაერის მკვეთრი დაბინძურება, ამასთან საკვებ პროდუქტებში კანცეროგენული ნივთიერებები, მავნე ჩვევები, მათ შორის დედის მწეველობაც სახელდება ორსულობის პერიოდში. გარდა გარემო ფაქტორებისა მოიაზრება გენეტიკური განწყობაც.

„რ": როგორც ვიცი,, საკმაოდ კარგი იდეები გაქვთ საბავშვო ბაღებში და სკოლებში დასანერგი პროგრამების შესახებ.

მ.კ: დიახ,მაქვს, თუმცა განხორციელება ჩემს ხელთ არ არის სამწუხაროდ - ქვეყანა წარმატებული და ძლიერია თუ ხარჯავს პრევენციასა და განათლებაზე და არა მკურნალობაზე ბიუჯეტს,რადგან პრევენცია გაცილებით ნაკლები ხარჯია მკურნალობასთან შედარებით. მაქვს რამდენიმე ტიპის პროექტი როგორც სკოლამდელი, ასევე სასკოლო ასაკისთვის და სპორტული კომპლექსებისთვის. პროექტი გულისხმობს იმ პრობლემების აღმოფხვრას, რაც შემდგომში მეტად საზიანოა ჩვენი შვილების ჯანმრთელობისათვის. ჩემი იდეების საფუძველი ჩემივე პრაქტიკული დაკვირვებაა. მინდა გავაცნო შესაბამის სტრუქტურებს აღნიშნული შეხედულებები და მეტად მოხარული ვიქნები განხორციელებით.

„რ": ცხოვრების წესიდან გამომდინარე იმატა ბავშვებში ჭარბწონიანობამ. როგორ ავიცილოთ ეს თავიდან?

მ.კ: გეთანხმებით, და გმადლობთ რომ მეტად საყურადღებო პრობლემებზე ამახვილებთ ყურადღებას. ბავშვებში ჭარბწონიანობა განსაკუთრებით გამოიკვეთა კოვიდპანდემიის დროს, ამის ხელშემწყობი კი ვიცით რომ კვებასთან ერთად „უმოძრაო" პერიოდი გახლდათ. ზოგადად ჭარბწონიანობას იწვევს არაბალანსირებული, პურ-ფუნთუშეულითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები, გაზიანი სასმელების ჭარბი მოხმარება, სწრაფი კვების ობიექტების საკვები, არააქტიური ცხოვრების წესი და „ეკრანული" ცხოვრება, ამასთან გასათვალისწინებელია გენეტიკური განწყობა და ენდოკრინული დაავადებები. თუმცა მინდა გაგანდოთ ჩემი პრაქტიკული დაკვირვების შედეგი კოვიდშემდგომ პერიოდზე. განსაკუთრებულად დაქვეითებულია და შეიძლება ითქვას უმრავლეს შემთხვევაში დეფიციტია დე-ვიტამინის, რომელიც, გარდა ნაცნობი ფუნქციისა (ძვალ-სახსროვანი სისტემის განვითარება) მონაწილეობს წონის კორექციაში, მისი ჰორმონებზე გავლენის გამო. დე-ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ხშირ ავადობას ბავშვებში. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერზე ბავშვების გაყვანა, სწორი, ბალანსირებული კვება, მოწესრიგებული კუჭ-ნაწლავი და სპორტული აქტივობები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×