ნაზი ბერიძე
11.08.2023

ხუთშაბათს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მწერალთა სახლის დირექტორად „ოცნების" დეპუტატი ქეთევან დუმბაძე დანიშნა, რასაც ხოლო მწერალების ნაწილი პროტესტი მოჰყვა. ასამმდე მწერალმა, პოეტმა და ლიტერატორმა განცხადებას მოაწერა ხელი, სადაც წერია, რომ „არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა „რუსულ კანონს". ქეთევან დუმბაძე ჯერ კიდევ არის პარლამენტის მოქმედი დეპუტატი და ამავდროულად, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ის ახალ თანამდებობაზე მუშაობას 4 სექტემბრიდან შეუდგება.

პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ახადებს, რომ თუ მწერლებს სურთ, დამოუკიდებლად ინიშნებოდეს ესა თუ ის კანდიდატი ამა თუ იმ თაანამდებობაზე, მაშინ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაზე უარი უნდა თქვან და იარსებონ დამოუკიდებლად.

„მე ნამდვილად არ შევალ იმის განხილვაში ვთქვათ ყოფილი დირექტორი უფრო კომპეტენტური იყო თუ არა - ქეთევან დუმბაძეს არ ვიცნობ, მის კომპეტენციაზე ვერ ვისაუბრებ.

„მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მწერალთა სახლის ირგვლივ აჟიოტაჟი ადრეც ატეხილა და ვფიქრობ, იქიდან გამომდინარე, რომ ის იმყოფება კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში და მისგან ფინანსდება, შესაბამისად, მას აქვს იმის უფლებამოსილება და პრეროგატივა, რომ დანიშნოსან გაათავისუფლოს ამ სახლის დირექტორი.

„აქედან გამომდინარე, თუ დავუშვათ მწერლებს არ სურთ, რომ კულტურის მინისტრი ნიშნავდეს მწერალთა სახლის ხელმძღვანელს, მაშინ უნდა დააყენონ საკითხი, რომ ეს დაწესებულება გამოვიდეს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებიდან, გახდეს რაღაცა თვითდაფინანსებადი ორგანიზაცია, იარსებოს, ვთქვათ, გარე დაფინანსებით, მოზიდული გრანტებით და მაშინ მოხდება მწერალთა სახლის ხელმძღვანელის არჩევა იმ პროცედურებით, რასაც ახლა ისინი ითხოვენ - ხმის მიცემით და კონკურსის საფუძველზე.

„რაც შეეხება პოლიტიკურ წარსულს, ეს რა შუაშია? იმ დროს [დემბაძე] იყო დეპუტატი, იყო უმრავლესობის წევრი და როგორც უმრავლესობის წევრმა დაიცვა პარტიული თუ პოლიტიკური დისციპლინა და მისცა ხმა. სწორად მისცა თუ არასწორად, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ეს მის დანიშვნასთან რა კავშირია, არ ვიცი, რატომ ცდილობენ დააკავშირონ, მე არ მესმის. თუ ადამიანს კომპეტენციას უწუნებ, ეს ერთი საკითხია, და მან პარლამენტარობის დროს რა კანონებს მისცა ხმა, ეს უკაცრავად ახლა იმ ადამიანს ასე სჯეროდა და მისცა," -განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

ამის პარალელურად, ქეთევან დუმბაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა მწერალთა კავშირმა.

„ქალბატონო ქეთი! საქართველოს მწერალთა კავშირის სახელით გილოცავთ მწერალთა სახლის დირექტორობას. გისურვებთ წარმატებებსა და ულევ სიხარულს ქართველ მწერალთა საკეთილდღეოდ. იმედია, იქნებით მწერალთა კავშირის მხარდამჭერიც, იმ დიდი ისტორიული ორგანიზაციის, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის და რომლის რჩეული წევრი და თავმჯდომარე მამათქვენი - ნოდარ დუმბაძე ბრძანდებოდა," - აცხადებს მისი თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი.

ამავე დროს, მწერალთა სახლის წევრი ლიტერატორები ავრცელებენ განცხადებას, რომელსაც ასამდე ხელმომწერი ჰყავს.

„ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ხელმძღვანელის დაკავებული პოზიციიდან გაშვება და ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა სფეროში მომუშავე ადამიანებთან კონსულტაციის გარეშე, ვიწროპარტიული ხედვითა და დახურულ კარს მიღმა, სრულიად შეუთავსებელი, მიუღებელი და წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.

მათთვის კულტურის მინისტრის გადაწყვეტილება მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნაზე კატეგორიულად მიუღებელია და დაუმორჩილებლობას უცხადებენ წულუკიანის პოლიტიკას:

„მწერალთა სახლი ქართული ლიტერატურული პროცესის ცენტრალური ინსტიტუციაა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ საქართველოს გარშემო შექმნილი იზოლაციური კედლის ნგრევას, უზრუნველყოფს საქართველოს კულტურულ ჩართულობასა და მონაწილეობას სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პლატფორმაზე.

ქართული ლიტერატურისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, დღიდან მისი დაარსებისა ხელმძღვანელობდა ნატალია ლომოური, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში, მწერალთა სახლის გუნდთან ერთად ქმნიდა და ახორციელებდა უმნიშვნელოვანეს პროექტებს ქართული ლიტერატურისა და ზოგადად ქართული კულტურისთვის.

ყველა ადამიანის საქმიანობაზე შეიძლება არსებობდეს განსხვავებული აზრი, ყველა ინსტიტუციის ხელმძღვანელი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში ადამიანის მიერ გაწეული შრომა ყოველთვის იყოს სათანადოდ დაფასებული და აღიარებული. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი საერთო ეროვნული ინტერესების მატარებელი სფეროები როგორიცაა კულტურა, განათლება და ეროვნული უსაფრთხოება ყოველთვის თავისუფალი იყოს ვიწრო პოლიტიკური და პარტიულ-ჩინოვნიკური ჩარევებისა და გადაწყვეტილებებისგან. შესაბამისად, ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ხელმძღვანელის დაკავებული პოზიციიდან გაშვება და ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა სფეროში მომუშავე ადამიანებთან კონსულტაციის გარეშე, ვიწროპარტიული ხედვითა და დახურულ კარს მიღმა, სრულიად შეუთავსებელი, მიუღებელი და წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის.

როდესაც კულტურის მინისტრს არ შეუძლია ელაპარაკოს ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს, არ აქვს სურვილი მივიდეს მწერალთა სახლში, დააფასოს და აღიაროს მისი თანამშრომლების მიერ ათი წლის განმავლობაში გაწეული უზარმაზარი შრომა, ის კარგავს ლეგიტიმაციას.

მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პარტიული კუთვნილების ნიშნით შეარჩიოს და ერთპიროვნულად დახურულ კარს მიღმა დანიშნოს ისეთი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, როგორიცაა მწერალთა სახლი, კატეგორიულად მიუღებელია. ის წარმოადგენს საბჭოთა ტოტალიტარული ტრადიციის ამაზრზენ გამოხატულებას და დამაზიანებელია ქართული კულტურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის.

ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურულ სფეროში დასაქმებული ადამიანები ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც ატარებს არადემოკრატიულ, საბჭოთა, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს. შესაბამისად, ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა "რუსულ კანონს". არ ვაღიარებთ საბჭოთა მეთოდებით ლიტერატურულ ცხოვრებასა და პროცესებში ჩარევას. მოვითხოვთ, შეიქმნას მწერლების მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად კომისია, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მართვა-გამგეობის დოკუმენტს, რომ მომავალშიც ავიცილოთ ერთპიროვნული და პარტიული გადაწყვეტილებებით მწერალთა სახლის მუშაობაში ჩარევა," - ნათქვამია მწერლების ერთობლივ განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×