"თუ ადრე კომპანია კონკრეტულ თანამდებობაზე ხელფასს 1000 ლარით განსაზღვრავდა, ახლა 500-600 ლარამდე ჩამოვიდა"
ელზა წიკლაური
18.03.2014

საქართველოში სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა, ვაკანსიების რაოდენობა კი შემცირდა. როგორც დასაქმების ცენტრებში ამბობენ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იმ ადამიანთა რიცხვმა, ვისაც სამსახურის დაწყება სურს, დაახლოებით, 10%-ით მოიმატა. თავისუფალი სამუშაო ადგილებისა და ხელფასების რაოდენობა კი, პრაქტიკულად, განახევრდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რიცხვი 9 ათასი ადამიანით შემცირდა. ამ მონაცემების გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირველადი პროგნოზი გამართლდეს და წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 17,3%-მდე გაიზარდოს.

"საქსტატის" ინფორმაციით, 2012 წელს საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელმა 15% შეადგინა. 2013 წლის მონაცემები გამოქვეყნებული ჯერ არ არის, შესაბამისად, უცნობია, რამდენი ადამიანით შემცირდა ან გაიზარდა ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი. თუ ამავე უწყების მიერ საწარმოებში დასაქმებულთა შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გავითვალისწინებთ, გამორიცხული არ არის, რომ 2013 წელს ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი მცირედით, მაგრამ მაინც გაზრდილიყო.

როგორც ცნობილია, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში 8 793 სამუშაო ადგილი დაიკარგა. "საქსტატის" მონაცემებით, თუ 2012 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რიცხვი 527 828-ს შეადგენდა, 2013 წლის მეოთხე კვარტალში ეს რიცხვი 519 035 ერთეულამდე დავიდა. საერთო დასაქმებულებში 39% ქალი იყო, 61% კი - მამაკაცი. დასაქმებულების ყველაზე დიდი წილი - 61% - მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 23,4% - წვრილზე, ხოლო საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობამ სულ რაღაც 15,5% შეადგინა.

სამუშაო ადგილების შემცირებასა და სამუშაოს მაძიებელთა რიცხვის ზრდაზე საუბრობენ დასაქმების ცენტრებშიც. "ჯობჯეო.კომ"-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც სამსახურის დაწყება სურს, 10%-ით გაიზარდა.

"სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი მუდმივად მატულობს, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ის დაახლოებით 10%-ით გაიზარდა და ეს მაშინ, როდესაც ვაკანსიების რიცხვი მუდმივად იკლებს. ძალიან ცუდი ტენდენციაა, მაგრამ ეს არის რეალობა, რაც დღესაა", - განუცხადეს "ბიზნეს-რეზონანსს" "ჯობჯეო.კომ"-ში.

ვაკანსიების შემცირებაზე საუბრობენ "ჯეოჯობს.გე"-შიც. როგორც კომპანიაში გვითხრეს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თავისუფალი სამუშაო ადგილების რიცხვი, პრაქტიკულად, განახევრდა. ასევე შემცირდა ხელფასები გამოცხადებულ ვაკანსიებზე.

"თუ ადრე კომპანია ერთ გამოცხადებულ ვაკანსიაზე წერდა, რომ ხელფასი 1000 ლარი იქნებოდა, ახლა ეს თანხა 500-600 ლარამდე დავიდა. ამასთან, თითქმის განახევრდა ვაკანსიების რიცხვიც. რაც შეეხება სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობას, ეს მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, მაგრამ თუ ვაკანსიებისა და სამუშაოს მაძიებელთა თანაფარდობას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დასაქმების მხრივ კარგად საქმე არ გვაქვს", - გვითხრეს "ჯეოჯობს.გე"-ში.

თითქმის ანალოგიური პასუხი გაგვცეს სხვა დასაქმების ცენტრებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შრომის ბაზარზე პრობლემები ისევ არსებობს და მიუხედავად, ეკონომიკის ზრდისა, უმუშევრობა კვლავ იზრდება.

ამ ყველაფრის ფონზე, გამორიცხული არ არის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ გაკეთებული პირველადი პროგნოზი გამართლდეს და საქართველოში უმუშევრობის ოფიციალურმა მაჩვენებელი 2013 წელს, 2012 წელთან შეადრებით, 1,7%-ით გაიზარდოს და 16,7% შეადგინოს, წელს კი სულაც 17,3%-მდე გაიზარდოს.

ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ზვიად კანდელაკი ამ მოსაზრებას, გარკვეულწილად, ეთანხმება. მისი თქმით, როდესაც ოფიციალური მონაცემებით დასტურდება საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა, როდესაც სხვადასხვა უწყებიდან ხალხს ათავისუფლებენ, დიდი ალბათობით, უმუშევრობის ოფიციალური მონაცემებიც უნდა გაიზარდოს.

"ის პროგნოზი, რომელიც სავალუტო ფონდმა რამდენიმე თვის წინ გაავრცელა და რაზეც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სერიოზული უკმაყოფილება გამოთქვა, შესაძლოა, გამართლდეს კიდეც. მართალია, სსფ-ში მაშინ თქვეს, რომ პროგნოზს გადახედავენ, თუმცა იქ გადასახედი, ალბათ, არაფერი იყო.

რაც შეეხება 1,7%-იან მაჩვენებელს, შეიძლება უმუშევრობა 1,7%-ით მართლაც გაიზარდოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს კატასტროფას. ჩვენთან პრობლემა დასაქმების სტრუქტურაშია. საქართველოში დასაქმებულების 60%-ზე მეტი სასოფლო თვითდასაქმებულთა წილზე მოდის. არასრული დასაქმებისა და ფარული უმუშევრობის დონე არის ძალიან მაღალი, აქ კი 1.7%-იანი რყევა არსებითი ნამდვილად არ არის. თუმცა, ეს ციფრი შრომით ბაზარზე გარკვეულ გავლენას მაინც მოახდენს, თანაც თუ "საქსტატის" ბოლო მონაცემებს გავითვალისწინებთ, დამაიმედებელი სიტუაცია ნამდვილად არ გვაქვს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" კანდელაკმა.

იმაზე, რომ დასაქმების მხრივ ქვეყანაში კარგი მდგომარეობა არ არის, პრემიერ-მინისტრის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებაც მეტყველებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რათა ადამიანების კეთილდღეობა მათივე შრომის ანაზღაურებით გაიზარდოს.

"ადგილობრივმა ბიზნესმა ადამიანები უნდა დაასაქმოს. იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდის ეფექტი მოსახლეობამ იგრძნოს, მხოლოდ სოციალური დახმარების პროგრამები არ არის საკმარისი. უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რათა ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს მათივე შრომის ანაზღაურებით და ქვეყანაში დოვლათის შექმნით.

შრომის ბაზარზე პრობლემას წარმოადგენს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი. არასაკმარისია სათანადო პროფესიული განათლების მქონე სამუშაო ძალა იმ ადგილების შესავსებად, რომელსაც პროფესიული კვალიფიკაცია სჭირდება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×