სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მათი ნაწილი 129-ლარიანი პენსიით სულდგმულობს, ნაწილს კი ესეც ენატრება
    მაკა ხარაზიშვილი
    (11.05.2010)

      ისევ მედლები, რესტორანი და ერთჯერადი 200-ლარიანი დახმარება - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მთავრობამ მხარდაჭერა ასე აღუთქვა. წინასაარჩევნოდ, სოციალურად დაუცველი ადამიანებით მანიპულირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საპიარო ბერკეტია. არადა, ომის ვეტერანთა რიცხვი ყოველწლიურად სწრაფად იკლებს. ამჟამად სულ 6000-მდე ომის ვეტერანია საქართველოში. საუკეთესო შემთხვევაში მათი დახმარება 129 ლარით განისაზღვრება. 
      ამ შემთხვევაშიც ომის ვეტერანებს არჩევნებში მონაწილე კანდიდატები დახმარებას კიდევ ერთხელ დაჰპირდნენ. რეალობა კი ერთია, ყოველი არჩევნების შემდეგ მათი ყოფა უფრო უარესდება. 
      მათ არ აქვთ, არანაირი შეღავათი, ისინი არ ჩასვეს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში, მათთვის ხელმიუწვდომელია მედალზე უფრო საჭირო მედიკამენტები.
      დღესდღეობით საქართველოში 5917 მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა დარჩენილი. ისინი პენსიას სამი კატეგორიის მიხედვით იღებენ, პირველი და მეორე ჯგუფის ომის მონაწილე ინვალიდის პენსია - 129 ლარს შეადგენს. მესამე ჯგუფის ინვალიდებისთვის, არანაირი დანამატი არ არსებობს და ისინი ჩვეულებრივ პენსიას - 80 ლარს იღებენ, მესამე კატეგორიის ომის მონაწილეებისთვისაც, ანუ არაინვალიდებისთვის ასევე 80-ლარიანი პენსიაა განსაზღვრული.
      რაც შეეხება შეღავათებს, ომის ვეტერანებს კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები მოეხსნათ, ისინი შეღავათებით მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას სარგებლობენ.
      მათ არ აქვთ ელემენტარული სამედიცინო მომსახურება, ასევე არანაირი შეღავათი მედიკამენტებზე, რომელთა შეძენა, არათუ ვეტერანებს, არამედ ახალგაზრდა შრომისუნარიან ადამიანსაც კი უჭირს.
      სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ჩართულები არიან მხოლოდ ომის ის მონაწილეები, რომელთა ოჯახებიც უმწეოთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. ხოლო ფულადი დახმარების სახით პენსიონერთა ორი და მეტსულიანი ოჯახები 35 ლარს იღებენ.
      როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტმა ვეტერანები მედლებითა და საქართველოს პრეზიდენტის მისალოცი ბარათებით და 200 ლარით დააჯილდოა. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ომის მონაწილეებს ბანკეტიც გაუმართა.
      როგორც ყოვლთვის, 9 მაისი პოლიტიკოსების გასაპიარებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ამ მიმართულებით კი აქტიურობა წლეულს განსაკუთრებული იყო.
      ნინო ბურჯანაძის პარტიაში, "დემოკრატიული მოძრაობა", მწუხარებაც კი გამოთქვეს იმის გამო, რომ ქართველმა ვეტერანებმა მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა ვერ მიიღეს.
      "სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყანა და თქვენ - ქართველი ვეტერანები, რომელთა წვლილი უდიდესია ფაშიზმთან გამარჯვებაში, ამ თარიღთან დაკავშირებულ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში სათანადო მონაწილეობას ვერ იღებთ", - მიმართეს პარტიის წევრებმა ვეტერანებს.
      აღსანიშნავია, რომ ნინო ბურჯანაძის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მრავალწლიანი ყოფნის პერიოდში, ომის მონაწილეების სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა არავის დაუყენებია.
      პარლამენტარმა გიორგი თარგამაძემ კი აღნიშნა, რომ ომის ვეტერანების დაუფასებლობა სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულის ტოლფასია.
      იგი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის გაუქმებული შეღავათების აღდგენას და მათ ყოველწლიური 140 ლარიანი სადაზღვევო პაკეტით უზრუნველყოფას მოითხოვს. თარგამაძის თქმით, მისმა გუნდმა შესაბამისი საკანონდებლო ცვლილებების პროექტი უკვე მოამზადა, რომლის ინიცირებასაც პარლამენტში უახლოეს პერიოდში გეგმავს.
      დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა კი პირობა დადო, რომ თუ მას მერად აირჩევენ ვეტერანებს არსებული პრობლემები აღარ ექნებათ.
    ასე რომ, ეს ერთი წელი სხვა წლებისგან განსხვავებით ომის ვეტერანებისთვის ოდნავ განსახვავებული იყო. ქუთაისში მშვიდობის მემორიალი დაანგრიეს, ქართველების ჯინაზე კრემლმა საკუთარ ვეტერანებს გრანდიოზული ღონისძიება მოუწყო, საქართველოს მთავრობამ კი 200 - ლარიანი ჯილდო გადასცა. მომავალ 9 მაისამდე კი 6 ათასამდე ომის მონაწილეს ავადმყოფობასთან და სოციალურ პრობლემებთან გამკლავება ისევ შიშველი ხელებით მოუწევთ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter