სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ვითარება ისე გართულდა, რომ ერთი ხელის დაქნევაზე ლამის ხუთი ტაქსი ერთდროულად ჩერდება"
    მარი ჩიტაია
    12.02.2016

     არაოფიციალური სტატისტიკით, დედაქალაქში ყოველ 14 მგზავრზე 1 ტაქსი მოდის. ეს საკმაოდ უცნაური მაჩვენებელია. ამგვარი კონკურენციის გამო "ტაქსისტების" შემოსავალი თვალსა და ხელს შუა მცირდება.

    სატრანსპორტო მომსახურებაზე მოთხოვნა სულ უფრო მცირდება. მძღოლების ნაწილი ამას ტაქსების სიჭარბეს უკავშირებს, ნაწილი კი - მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას. მიუხედავად იმისა, რომ საწვავი გაიაფდა, მძღოლების ხარჯი თითქმის არ შემცირებულა, თუმცა შემოსავალმა აშკარად იკლო.

    ზოგიერთი მათგანს დღეში, საშუალოდ, 15-18 ლარის მოგება რჩება, რაც ამ ადამიანების მთელი დღის შრომის საფასურია. ასეთია რეალობა, რომელშიც თბილისში ტაქსის მძღოლებს უწევთ მუშაობა.

    დედაქალაქის მასშტაბით ყოველდღიურად 700 000 ადამიანი მგზავრობს. ამ დროს ქალაქში 50 000-მდე ტაქსი მოძრაობს. გამოდის, რომ 1 ტაქსზე 14 მგზავრი მოდის, რაც ძალიან ცოტაა. მათ უმეტესობას სატაქსო მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდება, შესაბამისად, ტაქსები ხშირად ცარიელი დადიან.

    ლარის დევალვაციამ მოსახლეობას დიდი პრობლემა შეუქმნა, მათი ხარჯების შეკვეცა დაიწყო. ამასობაში დედაქალაქის მასშტაბით ტაქსების რაოდენობა სულ უფრო მატულობს. კონკურენცია მძაფრდება, შემოსავალი კი იკლებს. კერძო ტაქსებს პრობლემას ისიც უქმნის, რომ ბოლო დროს ბევრი სატაქსო კომპანია შეიქმნა, ზოგი შეღავათიანი ტარიფით. ადგილობრივ მძღოლებს კონკურენციას რეგიონებიდან ჩამოსულებიც უწევენ, რამაც დედაქალაქის მასშტაბით ტაქსების სიჭარბე გამოიწვია.

    ახალბედა და გამოცდილი "ტაქსისტები" ერთნაირად ჩივიან არსებულ პრობლემაზე. ისინი ამბობენ, რომ ზოგჯერ დღის განმავლობაში ლუკმაპურის ფულსაც ვერ შოულობენ.

    თბილისელი ვასო კბილაშვილი 10 წელზე მეტია, ოჯახს ტაქსის მეშვეობით არჩენს. ამბობს, რომ ასეთი მძიმე პერიოდი მის საქმიანობაში არ ყოფილა, რის მიზეზადაც მძღოლი კონკურენტების სიმრავლეს მიიჩნევს. ხანდახან მთელი დღის განმავლობაში 3 კლიენტის მომსახურებასაც ვერ ახერხებს.

    "მუშაობა ჯოჯოხეთად გვექცა, თავს არ ვზოგავ, სამუშაოდ სისხამ დილით გამოვდივარ და სახლში ლამის ცარიელი ჯიბით ვბრუნდები. ყოველდღიური შრომით პურის ფულს ძლივს ვშოულობ, როცა ოჯახს უამრავი ხარჯი აქვს. არ ვიცი, რა გზას მივმართო, შემოსავალი გამინახევრდა.

    ადრე დღეში 7-8 კლიენტი მაინც მყავდა, ესეც იმ შემთხვევაში, როცა სამუშაოდ რამდენიმე საათით გამოვდიოდი. ახლა ზოგჯერ დღე ისე გავა, რომ 4 კლიენტის მომსახურებასაც ვერ ვახერხებ. "ტაქსაობა" თბილისში წამგებიან საქმედ იქცა, მგზავრი არ იქნება იმდენი, რამდენიც ტაქსია. სამწუხაროდ, ვერც სხვა საქმეს მოვკიდე ხელი", - ამბობს ვასო კბილაშვილი.

    თბილისში მცხოვრები დევნილი ზვიად გაბისკირია ტაქსით მომსახურების სიძნელეზე საუბრობს. მისი თქმით, ახალი კომპანიების მომრავლებამ კერძო ტაქსისტების საქმიანობა უპერსპექტივო გახადა.

    "ინჟინერი ვარ, მაგრამ პროფესიით სამსახურის ძებნა არც მიცდია. ამაში ასაკიც არ მიწყობს ხელს, 40 წელს გადავცდი და ჩემთვის სამსახურის შოვნა, გამოცდილების მიუხედავადაც კი, წარმოუდგენელია. "ტაქსისტობაც" ამიტომ გადავწყვიტე. 2 წელია, რაც ამ საქმიანობით დავკავდი. პირველ ეტაპზე მოგება კარგად მრჩებოდა, მაგრამ დღეს საწვავის ხარჯსაც ძლივს ვფარავთ. რამდენიმე ახალი კომპანიაც გამოჩნდა, რამაც ბევრი მგზავრი დაგვაკარგვინა.

    კონკურენციას ვეღარ ვუძლებთ. ვისაც არ ეზარება, ყველა "ტაქსაობს", მომხმარებელი კი ძალიან ცოტაა. ხალხს ფული არ აქვს და იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას არჩევს. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ზოგჯერ პურის ფულიც არ გვრჩება. მგზავრობის გაძვირება არც გვიცდია, ჯერჯერობით მაინც, რადგან ამით კლიენტებს დავკარგავთ", - ამბობს ზვიად გაბისკირია.

    პრობლემის მიუხედავად, მძღოლები საქმიანობას თავს ვერ ანებებენ, რადგან სხვა შემოსავალი არ მოეპოვებათ და არც დასაქმების პერსპექტივა აქვთ.

    "არანორმალურ გარემოში ვმუშაობ. რამდენჯერაც შევეშვი, იმდენჯერაც დავუბრუნდი ამ საქმეს, რადგან სხვა პერსპექტივა ვერ ვნახე. ქვეყანაში არ არის იმის საშუალება, რომ ადამიანმა ღირსეული შრომით არჩინოს ოჯახი. ჩემ უკან მეუღლე და 3 მცირეწლოვანი ბავშვია. ვცდილობ, ნორმალური პირობები შევუქმნა, მაგრამ ამისთვის ელემენტარულის გაკეთებას ვერ ვახერხებ, ხელფეხშეკრული ვარ. ვითარება ისე გართულდა, რომ მგზავრის ერთი ხელის დაქნევაზე ლამის ხუთი ტაქსი ერთდროულად ჩერდება. წარმოუდგენელი სიტუაციაა", - ამბობს უკმაყოფილო მძღოლი.

    ლაშა ბარბაქაძე რამდენიმე წლის განმავლობაში ტაქსების კომპანიაში მუშაობდა. იგი იმდენად მიზერულ გასამრჯელოს იღებდა, რომ საბოლოოდ კერძოდ დაიწყო მუშაობა. მისი დაკვირვებით, თბილისის ცენტრალური უბნების ხარჯზე მუშაობა მეტ-ნაკლებად ღირს, გარეუბნებში ამ მხრივ სიტუაცია გაცილებით რთულია.

    "რამდენიმე კილომეტრს ისე გავივლი, რომ მგზავრის აყვანას ვერ ვახერხებ. ჩვენი მუშაობა ადრე ამინდზე იყო დამოკიდებული, ახლა ვითარებას არც ეს ცვლის. ცხელა, თოვს თუ წვიმს, მოქალაქეები ტაქსის გაჩერებას არ ცდილობენ. ნებისმიერ ამინდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოლოდინში არიან", - ამბობს მძღოლი და დასძენს, რომ მოთხოვნა თბილისის ცენტრალური უბნების ხარჯზე ჯერ კიდევ სტაბილურია, მაგრამ გარეუბნებზე ეს არ აისახება.

    "პერიფერიებში მცხოვრებ მოსახლეობას, როგორც ჩანს, უფრო უჭირს, თანაც ტარიფიც არ არის ცოტა და და ჯიბეს უფრთხილდებიან. ხალხს ისედაც მცირე შემოსავალი აქვს ან საერთოდ არ აქვს და ტაქსის მომსახურებისგან თავს იკავებს. ზოგჯერ მთელი დღით გასული ვარ, "ვტაქსაობ", მაგრამ ამით ოჯახში მატერიალური მდგომარეობა არ იცვლება, ხარჯი დღითიდღე იზრდება. მხოლოდ იმას მივაღწიე, რომ არ გვშია და პურის ფული გვაქვს", - ამბობს ლაშა ბარბაქაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    zaza   (12.02.2016)
    ხოდა რეგისტრაციას რომ მოახდენდნენ ტექდათვალიერების ობიექტებში მაშინ გვეცოდინებოდა რაოდენობა მაგრამ ესენი რას ფიქრობენ კაცმა არ იცის

    ნუკრი   (12.02.2016)
    საიდან დაიანგარიშეს 50 000 ტაქსი? დაახლოებიტ 30 ტაქსოკომპანიაში მაქსიმუმ თიტოში 200 ტაქსია ამას მივუმატოტ ორი ამდენი ,,ხიშნიკი" = 18 000


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter